კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲕᲐᲕᲐᲠᲯᲘᲨᲝᲗ ᲙᲐᲢᲐ

კატის ვარჯიში

  კატის ბუნებრივი ინსტინქტი ნადირობა და ძილია, ხოლო მისი აქტივობების საუკეთესო ვარიანტი ამ ორს შორის ბალანსის დაჭერაა. კატების უმეტესობას სჭირდება დამატებითი სტიმულაცია, რათა თავიდან აიცილოს მოწყენილობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი გადადიან ახალგაზრდული წლებიდან შუახნის ან სიბერის ასაკში. ყოველდღიური აქტივობები თქვენი კატისთვის შესანიშნავი საშუალებაა მისი კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, შესაბამისად დღეში რამდენიმე წუთით ვარჯიშმაც კი შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს თქვენი კატის ცხოვრების ხარისხზე. ამ სტატიაში ჩვენ ვეცდებით მოგცეთ შესაბამისი რჩევები იმის შესახებ თუ როგორ უნდა წაახალისოთ თქვენი კატა, რათა იგი იყოს აქტიური და შეინარჩუნოს კარგი ფორმა, მაშინაც კი, თუ ის დროის უმეტეს ნაწილს შენობაში ატარებს.

ᲜᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲘᲐ ᲡᲘᲖᲐᲠᲛᲐᲪᲔ?

  კატებს შეუძლიათ დღეში დაახლოებით 16 საათი იძინონ, ასაკის მატებასთან ერთად კი უფრო მეტიც. კატის ბუნებრივი დასვენების ჩვევების აღრევა სიზარმაცეში ადვილია, რადგან, მათ უფრო დიდ ხანს სძინავთ, ვიდრე სხვა შინაურ ცხოველებს. თუ თქვენს კატას მთელი დღის განმავლობაში სძინავს, ეს მისთვის შეიძლება ნორმალური იყოს. გაითვალისწინეთ, რომ კატები ძირითადად ღამეულები არიან და, შესაბამისად, შეიძლება საღამოობით და დილით ადრე უფრო აქტიურები იყვნენ, ვიდრე დღის სხვა მონაკვეთში, თუმცა, ძილის ჩვევების ცვლილება ასევე შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემების მანიშნებელიც. ართრიტმა და ტკივილმა შეიძლება გამოიწვიოს ლეთარგიის უფრო ექსტრემალური ფორმები, ხოლო უეცარი ჰიპერაქტიურობა შეიძლება იყოს ჰიპერთირეოზის ნიშანი. კარგი იდეაა თქვენი კატის ძილის რეჟიმის მონიტორინგი, ხოლო რაიმე უჩვეულოს შემჩნევის შემთხვევაში გაესაუბრეთ თქვენს ვეტერინარს. ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება გამოავლინოს სისხლის წლიურმა ანალიზმაც, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან ქცევის სხვა ცვლილებები.

თამაშის დრო

  კატებს, როგორც წესი, ყველაფერი მოქმედებისკენ უბიძგებს, რაც მოძრაობს, მაგრამ ზოგიერთ ჯიშს მეტი წახალისება სჭირდება. თუ თქვენ ფლობთ ჰიბრიდულ ჯიშს, როგორიცაა ბენგალი, ან უფრო აქტიურ სუფთა ჯიშს, როგორიცაა აბისინიელი, ძალიან გაგიადვილდებათ თქვენი კატის გართობა ბურთებით ან ახალი სათამაშოებით (ანუ ის, რაც აქამდე არ უნახავთ). აღმოსავლურმა კატებმა, როგორიცაა სიამი ან ბირმანი, შეიძლება უპირატესობა მიანიჭონ სათამაშოებს, რომლებიც ასტიმულირებენ როგორც მათ სხეულს, ასევე მათ გონებას. თუ გყავთ განსაკუთრებულად ჭკვიანი კატა, იზრუნეთ იმაზე, რომ მას შეანარჩუნებინოთ აქტიურობა სხვადასხვა მიმზიდველი სათამაშოთი, როგორიცაა საკაწრი ძელი ან მისცეთ ხეებზე ცოცვის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამ საქმისთვის თავისით იპოვნიან “სათამაშოს”. მშვიდ კატებს, როგორებიცაა ბრიტანული მოკლებეწვიანი ან სპარსული კატები, შეიძლება დასჭირდეთ უფრო ინტერაქტიული სათამაშო, როგორიცაა ძველმოდური ძაფებიანი ბურთი. დაუთმეთ დღეში რამდენიმე წუთი თქვენს კატასთან თამაშს, რათა იგი კარგ ფორმაში გყავდეთ და, ამავდროულად, შეინარჩუნოთ თქვენი კავშირი. თითოეულ კატას აქვს თავისი სათამაშო დროის პრეფერენციები, ასევე შეიძლება რთული იყოს იდეალური სათამაშოს პოვნა, რომელსაც ის ისევ და ისევ დაუბრუნდება. დაიმახსოვრეთ, რომ ყველა კატას არ მოსწონს ერთი და იგივე ტიპის სათამაშო, ეს კი დაგეხმარებათ იმაში, რომ სანამ ბაზარზე არსებულ კატებისთვის განკუთვნილ უახლეს და საუკეთესო გაჯეტებს იყიდით, მანამდე სცადოთ სხვადასხვა იაფიანი სათამაშო. დისტანციური მართვის თაგვები და ლაზერები ბევრი კატისთვის ძალიან მიმზიდველია, მაგრამ ზოგიერთს შეიძლება ქაღალდის ბურთი ან უფრო ტრადიციული ბუმბულებიანი თაგვი ერჩივნოს. აქ არის აღწერილი სხვა რამდენიმე ბიუჯეტური სათამაშო, რომელიც შეგიძლიათ თავად გააკეთოთ თქვენი კატისთვის ნებისმიერ ასაკში:

  • კატებისთვის თავდაყირა ყუთები ან ქაღალდის ჩანთები ერთ–ერთი ფავორიტია – გაჭერით ხვრელები ან ჩადეთ შიგნით სათამაშოები თამაშის წასახალისებლად.
  • ბევრ კატას აქვს წინდების ფეტიში. გატენეთ წინდის ძველი წყვილი ბუმბულებით და ნახეთ, თუ როგორ გაერთობა თქვენი კატა ამ უბრალო სათამაშოთი.
  • თქვენი კატის ნამდვილი ფიტნეს გამოწვევისთვის, შეგიძლიათ დაქუცმაცებული ქაღალდები მიამაგროთ გრძელ ძაფზე და ჩამოკიდოთ იგი კარის ზედა ნაწილზე ან კარის სახელურზე.

  თქვენი კატის ფანტაზიამ შესაძლოა შთაგაგონოთ მრავალი სხვა სახის სათამაშოს შესაქმნელად. უბრალოდ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ გამოიყენოთ მყარი მასალები, რომლებსაც თქვენი კატა ვერ გადაყლაპავს ან შეჭამს.


ᲡᲐᲙᲕᲔᲑᲘᲗ ᲬᲐᲮᲐᲚᲘᲡᲔᲑᲐ

  კატების უმეტესობას საკვები ამოტივირებს, ასე რომ, თუ ჩვეულებრივი სათამაშოებით ვერ ახერხებთ კატის წახალისებას, შეიძლება ეს სპეციალური საკვების შემცველი სათამაშოებით შეძლოთ. ეს სათამაშოები ხელს უწყობენ კატების თამაშს, მოძრაობას და შესანიშნავი არჩევანია ხანდაზმული ან უკვე ჭარბწონიანი კატებისთვის. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური საკვები ბურთები პატარა ნახვრეტებით, რომლებიც გამოყოფენ საკვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კატა მას ურტყამს, ეს კი შეიძლება შესანიშნავი გზა იყოს თქვენი კატის ფიზიკური და გონებრივი სტიმულირებისთვის. ალტერნატიულად, შეინახეთ თქვენი კატის საკვების თასები სახლის სხვადასხვა სართულზე, რათა მან უფრო მეტად იმოძრაოს თავისი მიზის მისაღწევად.

ᲛᲪᲔᲜᲐᲠᲔᲣᲚᲘ ᲬᲐᲛᲐᲮᲐᲚᲘᲡᲔᲑᲔᲚᲘ

  კატაპიტნა შესანიშნავი საშუალებაა ზრდასრული, ნაკლებად აქტიური კატისთვის. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ იგი სხვადასხვა სიძლიერით როგორც სათამაშოებში შემცველობის სახით, ასევე ფხვიერი სახით. კატაპიტნის ეფექტი გრძელდება დაახლოებით 15-დან 30 წუთამდე, მაგრამ ეს დრო საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ თქვენს კატას სირბილის, ხტომის და ყოველდღიური ვარჯიშის მოტივაცია მიეცეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბალახი უვნებელია, კატაპიტნის ზემოქმედების ქვეშ კატებმა შესაძლოა განიცადონ მსუბუქი ჰალუცინაციები, შესაბამისად, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე წესი, რათა თავიდან აიცილოთ მსგავსი შემთხვევა. კატაპიტნა შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ კატის სურნელოვანი სპრეი, რომელიც გამოაცოცხლებს გამოუყენებელ სათამაშოებს.

ᲔᲡᲐᲭᲘᲠᲝᲔᲑᲐ ᲙᲐᲢᲐᲡ პარტნიორი?

  ეს არის ხშირად დასმული კითხვა მფლობელებისგან, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთ ზრდასრულ კატებს, დაუბრუნონ ახალგაზრდული აქტივობის დონე. უფროსი კატის ახალ კნუტთან დაწყვილება სარისკოა. ამან შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს თქვენი უფროსი კატის სტრესის დონე, რადგან ახალგაზრდა კატებს არ შეუძლიათ არ მოთხოვონ თამაში ადამიანებს და, მითუმეტეს, სხვა ცხოველებს. დასტრესილი კატა კი რეალურად შეიძლება გახდეს უფრო ლეთარგიული და თავშეკავებული, ამიტომ ძალიან ფრთხილად განიხილეთ ეს ვარიანტი. მოწიფული კატების უმეტესობა დადებითად რეაგირებს ზემოთ ნახსენებ ტექნიკაზე და შესაძლოა ჯობდეს კიდეც მათთვის სხვა კატასთან ერთად თამაშისა და ვარჯიშის მეთოდის გამოყენება. დაიმახსოვრეთ, თქვენს კატას დღეში მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება თამაში და ვარჯიში იმისათვის, რომ კარგი ფორმა შეინარჩუნოს. ყოველდღიური ან ყოველკვირეული თამაშის რუტინის დაცვა შესანიშნავი გზაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი კატა ჩართული იყოს მისთვის საჭირო აქტივობებში.