15 ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲙᲐᲢᲘᲡ ᲯᲘᲨᲘ ᲡᲐᲮᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ
მიუხედავად იმისა, რომ ძაღლი საყოველთაოდ ცნობილია, როგორც ადამიანის საუკეთესო მეგობარი, კატებს სამწუხარო (და დაუმსახურებელი) რეპუტაცია აქვთ, რომ თითქოს მათ ადამიანები არ მოსწონთ, არიან ეგოისტები, არამეგობრულები და რომ მათი გაწვრთნა შეუძლებელია.
ეს ყველაფერი სიმართლისგან ძალიან შორსაა. 15 საუკეთესო კატის ჯიშის ეს სია დაგანახებთ, რომ ასეთი მოსაზრებები მხოლოდ და მხოლოდ სტერეოტიპებია და, სინამდვილეში, კატებს ნამდვილად შეუძლიათ შესანიშნავი შინაური ცხოველები იყვნენ.
რეალურად, სათანადო მოვლითა და ყურადღებით, ისინი მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაგასაჩუქრებენ უდიდესი სიყვარულითა და სითბოთი.
თუ კატებზე ალერგიული ხართ, საბედნიეროდ, ეს სია ჯერ ჰიპოალერგიული ჯიშების განხილვით იწყება, შემდეგ კი მოკლე თმიდან გრძელ თმამდე გადადის.
1. ᲡᲤᲘᲜᲥᲡᲘ
ეს უნიკალური გარეგნობის კატა შესანიშნავი შინაური ცხოველია ოჯახებისთვის თავისი აქტიური და მხიარული ხასიათით. ის შესაფერისია ისეთი გარემოსთვის, სადაც ბავშვები და სხვა შინაური ცხოველები არიან, ხოლო თუ აქამდე ძაღლი გყავდათ, მის “ძაღლისმაგვარ” ტემპერამენტს აუცილებლად დაინახავთ ამ სახეობაში. თუმცა, დახურეთ ფანჯრები და აივნები, რადგან სფინქსი არ არის ეზოს კატა.
სფინქსი საკმაოდ ახალი ჯიშია. ამ სახეობის პირველი კატა დაიბადა კანადაში 1966 წელს და, რეცესიული გენის წყალობით, რომელიც უბეწვობას იწვევს, მას თმა თითქმის არ სცვივა. ამ მიზეზით, სფინქსი, ზოგადად, ჰიპოალერგიულ ჯიშად ითვლება, მაგრამ იგი ხშირად უნდა დაბანოთ დაგროვებული ზეთის მოსაშორებლად.
წონა: 3-5 კილოგრამი
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 15-20 წელი
2. ᲐᲦᲛᲝᲡᲐᲕᲚᲣᲠᲘ ᲛᲝᲙᲚᲔᲑᲔᲬᲕᲘᲐᲜᲘ
აღმოსავლური მოკლებეწვიანი მხიარული და თბილი კატაა, რაც მას შესანიშნავ ცხოველად აქცევს მეგობრობისა და ჩახუტებისთვის. ის, ასევე, ძალიან აქტიური და ცბიერია, და მიუხედავად იმისა, რომ იგი სიამოვნებით ცხოვრობს როგორც ბინაში, ასევე – სახლში, მას გარეთ ყოფნა ურჩევნია. თუ თქვენს აღმოსავლურ მოკლებეწვიანს ნებას დართავთ, რომ გარე სათამაშო დრო ჰქონდეს, დარწმუნდით, რომ იგი დაცულ ტერიტორიაზე გყავთ.
ეზოსა და გარეთ ყოფნის სიყვარულის გარდა, ამ ჯიშს, ასევე, უყვარს ყურადღება, რაც შესანიშნავია ბავშვებიანი ოჯახებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ მათი შინაური ცხოველი გართობის წყარო იყოს. აღმოსავლური მოკლებეწვიანი გამოგყვებათ სახლში, როცა მუშაობ დაჯდება ლეპტოპზე და შეეცდება, რომ შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაერთოს.
გაითვალისწინეთ, რომ ამ სოციალური ჯიშის აყვანა არ იქნება თქვენი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება, თუ დროის უმეტეს ნაწილს სახლისგან მოშორებით ატარებთ. თუ აღმოსავლური მოკლებეწვიანი კატა დიდი ხნის განმავლობაში დარჩება მარტო, იგი დეპრესიაში ჩავარდება ან იგნორირებულად იგრძნობს თავს.
აღმოსავლური მოკლებეწვიანი, ზოგადად, ჰიპოალერგიულ ჯიშად ითვლება. მისი მოკლე ბეწვის გამო იგი ადვილად ცივდება, მაგრამ დადებითი მხარე არის ის, რომ ამ ჯიშს ნაკლები მოვლა სჭირდება.
წონა: 3-6 კილოგრამი
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 15-20 წელი
3. ᲓᲔᲕᲝᲜ ᲠᲔᲥᲡᲘ
დევონ რექსი არის ჯიში, რომელსაც ხშირად ადარებენ ძაღლებს, რადგან ამ ბოროტ, ენერგიულ და მხიარულ, საყვარელ კატას ყოველთვის თქვენთან ყოფნა უნდა. ის ყველგან გამოგყვებათ მუდმივი ყურადღების მოთხოვნის გარეშე. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ კატის ეს ჯიშიც დეპრესიაში ჩავარდება, თუ დიდხანს დარჩება მარტო.
დევონ რექსი გაწვრთნადი ჯიშია. ძაღლის მსგავსად, ის კარგად ისწავლის ახალ ხრიკებს, როგორიცაა მოტანა, ხტომა და დაჯდომა. მას საბმელით გასეირნებაც კი შეუძლია. თუმცა, შეეცადეთ, რომ იგი ძირითადად შენობაში გყავდეთ.
ეს გამორჩეული კატა კიდევ ერთი ახალი ჯიშია, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს დევონშირში, ინგლისში, 1960 წელს. მას აქვს მოკლე, ტალღოვანი თმა და თხელი სხეული უზარმაზარი ყურებით. იგი, ზოგადად, ჰიპოალერგიულ სახეობად ითვლება. თქვენი დევონ რექსი დაბანეთ ხშირად, რადგან მისი მოკლე საფარი ადვილად ცხიმიანდება.
წონა: 3-6 კილოგრამი
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 9-15 წელი
4. ᲑᲘᲠᲛᲣᲚᲘ
ბირმული ძალიან მოსიყვარულე ჯიშია, რომელსაც იმდენად უყვარს ყურადღება, რომ იგი სულ თქვენს გვერდითაა. თქვენს საქმეებს აკეთებთ? თქვენი ბირმულიც მანდვე იქნება. საჭმელს ამზადებთ? ის ისევ მანდ იქნება. ტელევიზორს უყურებთ? ის უკვე თქვენს კალთაზეა მოკალათებული და ჩახუტებას ელოდება.
ამ კატას აქვს მხიარული ბუნება, რომელსაც ზრდასრულობაშიც კი აღწერენ, როგორც “კნუტის მსგავსს”. ამ სახეობას ურთიერთობებისკენ და ინტერაქციებისკენ აქვს მისწრაფება, რაც შესანიშნავია ბავშვებისთვის. აქამდე ნახსენები სხვა ჯიშების მსგავსად, თქვენი ბირმულის დიდხანს დატოვება არ არის კარგი აზრი, თორემ იგი სასოწარკვეთილი გახდება.
ეს კატა უნდა იყოლიოთ შენობაში, თუმცა მას შეიძლება გარკვეული დრო გარეთაც დასჭირდეს, ამიტომ, დარწმუნდით, რომ გარე სივრცე არის უსაფრთხო და დაცული.
ბირმელს აქვს მოკლე ბეწვი და ის მას არ სცვივა, შესაბამისად, საჭიროა მხოლოდ მინიმალური მოვლა. ეს კატაც, ასევე, განიხილება ჰიპოალერგიულად.
წონა: 4-6 კილოგრამი
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-18 წელი
5. ᲡᲘᲐᲛᲘᲡ
როგორც მემკვიდრეობითი კატების ერთ-ერთი ორიგინალური ჯიში, სიამის კატა მე-19 საუკუნიდან პოპულარულია, რისი მიზეზიც ადვილი გამოსაცნობია.
მას აქვს მხიარული, ენერგიული და ინტელექტუალური ტემპერამენტი, იგი, ასევე, არის მოსიყვარულე და კომუნიკაბელური. ამ ვოკალურ კატას უყვარს ყურადღება და არც ერიდება ამის მოთხოვნას – ის გამოგყვება, “დაგელაპარაკება” და სხვა ზემოთ განხილული კატების მსგავსად დეპრესიაში ჩავარდება, თუ დიდხანს დარჩება მარტო.
თქვენ შეგიძლიათ სიამის კატა იყოლიოთ შენობაში, მაგრამ მას, ასევე, სჭირდება გარე სივრცე. თუ გარეთ დააპირებთ მის დატოვებას, დარწმუნდით, რომ ეს ადგილი არის უსაფრთხო და შემოღობილი.
სიამის კატას აქვს მოკლე ბეწვი, რაც მას დაბალი მოვლის საჭიროებების მქონე ჯიშად აქცევს. მისი დავარცხნა საკმარისია კვირაში ერთხელ.
რაც შეეხება მის ჰიპოალერგიულობას, ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ზოგი ამბობს, რომ სიამის კატა ჰიპოალერგიულია, ზოგი კი ამ მოსაზრებას უარყოფს, მაგრამ ეს შეიძლება შესაფერისი სახეობა იყოს მათთვის, ვისაც კატის მსუბუქი ალერგია აქვს.
წონა: 2-4 კილოგრამი
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელი
6. ᲑᲔᲜᲒᲐᲚᲘ
ველური გარეგნობის ბენგალი არის მეგობრული, მოსიყვარულე და თავგადასავლების მოყვარული, მაგრამ არ ელოდოთ, რომ მას თქვენთან ჩახუტება ეყვარება. ეს არ არის კალთის კატა, თუმცა იგი ინტელექტუალური და ცნობისმოყვარეა და ძალიან მარტივად ადაპტირებადია ხმამაღალ და ქაოტურ გარემოშიც კი. ბენგალს, ასევე, უყვარს წყალი.
ეს ჯიში შესანიშნავია ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის და შესანიშნავად ეწყობა სხვა შინაურ ცხოველებსაც. თუმცა, უმჯობესია, რომ ბენგალი შენობაში იყოლიოთ უამრავი გასართობით. ეს ჯიში არ აიყვანოთ, თუ სახლში ხშირად არ იმყოფებით.
ოდესმე დაფიქრებულხართ, თუ რატომ აქვს ბენგალს ასეთი “ველური” გარეგნობა? ეს იმიტომ, რომ იგი თავდაპირველად აზიური ლეოპარდის კატებისა და შინაური კატების შეჯვარების შედეგად შეიქმნა. დღესდღეობით, ის გამოიყვანება ბენგალის ბენგალთან შეჯვარებით.
ბენგალის უმეტესობას აქვს მოკლე ბეწვი, რომელიც მას ზომიერად სცვივა. ეს კი დაბალი მოვლის მოთხოვნილებებს აჩენს. ისევე როგორც სიამის კატებზე, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ბენგალი ჰიპოალერგიულია, სხვები კი – არა.
მიუხედავად იმისა, რომ ის იწონის როგორც სახლის კატების უმეტესობა, მისი დიდი გარეგნობა განპირობებულია მისი კუნთოვანი სხეულით.
წონა: 4-7 კილოგრამი
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელი
7. ᲐᲑᲘᲡᲘᲜᲣᲠᲘ
აბისინური მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი კატის ჯიშია, რომელიც წარმოშობით ეთიოპიიდანაა. მას აქვს ინტელექტუალური, მხიარული და ცნობისმოყვარე ბუნება. იგი თავგადასავლების მოყვარულია, უყვარს გარშემომყოფების შესწავლა და ჩაერთვება ყველაფერში, რაც მის სიახლოვეს ხდება. აბისინურს არ უყვარს ჩახუტება, მაგრამ ეს ჯიში მაინც მოსიყვარულე და ერთგულია, ის, ამავდროულად, კარგად ეწყობა ბავშვებს და სხვა შინაურ ცხოველებს.
ეს კატა, უმჯობესია, რომ იყოლიოთ სახლში. თუ თქვენი აბისინური გარეთაა, დარწმუნდით, რომ ის უსაფრთხო და შემოღობილ გარემოშია. ამ სახეობისთვის, ასევე, უნდა უზრუნველყოთ უამრავი აქტივობა ქცევითი პრობლემების თავიდან ასაცილებლად.
აბისინურს აქვს მოკლე ბეწვი, რომელიც მას მინიმალური რაოდენობით სცვივა, ამიტომ იგი არ საჭიროებს ხშირ მოვლას. მიუხედავად ამისა, ის, ზოგადად, არ განიხილება ჰიპოალერგიულ ჯიშად, მაგრამ შეიძლება შესაფერისი ვარიანტი იყოს მათთვის, ვისაც კატის მსუბუქი ალერგია აქვს.
წონა: 3-6 კილოგრამი
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელი
8. ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲣᲚᲘ ᲛᲝᲙᲚᲔᲑᲔᲬᲕᲘᲐᲜᲘ
ამერიკული მოკლებეწვიანი კატა არის ცივი, მხიარული და მარტივად ადაპტირებადი ჯიში ნებისმიერი საცხოვრებელი გარემოსთვის. იგი, ასევე, არის მოსიყვარულე, მაგრამ დამოუკიდებელი, რადგან მას შესანიშნავად შეუძლია საკუთარი თავის გართობა. ეს არის იდეალური შინაური ცხოველი ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის, რადგან ამერიკული მოკლებეწვიანი ნაზად ეპყრობა ბავშვებს და კარგად ეწყობა სხვა შინაურ ცხოველებს.
ამ სიის ზოგიერთი კატისგან განსხვავებით, ამერიკულ მოკლებეწვიანს არ მოსწონს როდესაც მას ხელით ატარებენ. ის კალთაზე მხოლოდ მაშინ დაგაჯდება, როცა მას მოუნდება, ასე რომ, ეს ჯიში ამ მხრივაც დამოუკიდებელია.
ამერიკული მოკლებეწვიანის ყოლა უმჯობესია შენობაში, რათა იგი იყოს უსაფრთხოდ, ხოლო თუ აღმოაჩენთ, რომ მას გარეთ ყოფნა ურჩევნია, დარწმუნდით, რომ იგი გყავთ დაცულ და შემოღობილ სივრცეში, რათა არ გაიქცეს.
ამერიკული მოკლებეწვიანი ზოგადად მარტივად ინარჩუნებს თავის სისუფთავეს, ამიტომ არ საჭიროებს რეგულარულ დაბანას, მაგრამ მას მისი მოკლე სქელი ბეწვი კვირაში რამდენჯერმე მაინც უნდა დავარცხნოთ. ამ ჯიშს ბეწვი დიდი რაოდენობით სცვივა, განსაკუთრებით, გარკვეულ სეზონებზე, ამიტომ ეს ჯიში არ ითვლება ჰიპოალერგიულად.
წონა: 1-3 კილოგრამი
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 15-20 წელი
9. ᲔᲒᲖᲝᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲛᲝᲙᲚᲔᲑᲔᲬᲕᲘᲐᲜᲘ
ეგზოტიკური მოკლებეწვიანი კატა არის სპარსული და ამერიკული მოკლებეწვიანის ნაჯვარი. ამ ჯიშის ნაზი ბუნება მას იდეალურ ცხოველად აქცევს ყველა ტიპის პატრონისთვის. თავიდან, როგორც კნუტი, ეს ჯიში მხიარული და თამაშისმოყვარულია, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად იგი ნელ–ნელა იხვეწება, რაც კარგ არჩევანს ხდის ნაკლებად ენერგიული ოჯახებისა და შინაური ცხოველებისთვის. კარგი ამბავი ის არის, რომ ეგზოტიკური მოკლებეწვიანი იმდენად მშვიდი სახეობაა, რომ თქვენ არ მოგიწევთ მისი ხშირად ვარჯიში.
ეგზოტიკური მოკლებეწვიანის ერთ-ერთი განმსაზღვრელი თვისება მისი საყვარელი კნუტის სახეა, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად მაინც კნუტის მსგავსი რჩება.
ამ სახეობას, ასევე, აქვს სპარსულის მსგავსი ხასიათი და სიამოვნებით ცხოვრობს ნებისმიერ გარემოში, იქნება ეს პატარა ბინა თუ დიდი სახლი. იგი უფრო მფლობელზეა ორიენტირებული.
ეგზოტიკურ მოკლებეწვიანს აქვს მოკლე, სქელი ორმაგი ბეწვი, რომელიც არ საჭიროებს მუდმივ მოვლას, მაგრამ ამ კატას თმა ზომიერად სცვივა სეზონურად, ამიტომ იგი არ ითვლება ჰიპოალერგიულად.
წონა: 4-7 კილოგრამი
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 15 წლამდე
10. ᲑᲠᲘᲢᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲙᲚᲔᲑᲔᲬᲕᲘᲐᲜᲘ
ეს მშვიდი, კატა კარგ ბალანსს იჭერს სოციალურობასა და დამოუკიდებლობას შორის. ის მოსიყვარულეა, მაგრამ არა – მომთხოვნი, აქტიური, მაგრამ არა – გადამეტებულად, და ის თქვენს კალთაში დაჯდება, თუ ამის სურვილი აქვს, მაგრამ თქვენ თვითონ ნუ აიყვანთ, რადგან ბრიტანულ მოკლებეწვიანს არ სიამოვნებს, როდესაც მას ხელით ატარებენ.
ეს ჯიში მიდრეკილია ადამიანებთან, მათ შორის ბავშვებსა და სხვა შინაურ ცხოველებთან ურთიერთობისკენ. ბრიტანული მოკლებეწვიანისთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა ბინაში იცხოვრებს თუ სახლში, მისთვის ყველანაირი გარემო მისაღებია. ის ბედნიერია როგორც შიგნით, ისე გარეთ, მაგრამ თუ იგი გარეთ გეყოლებათ, დარწმუნდით, რომ ის დაცულადაა.
მისი სახელის შესაბამისად, ბრიტანულ მოკლებეწვიანს აქვს მოკლე ფუმფულა ბეწვი, რომელსაც მინიმალური მოვლა სჭირდება, მაგრამ ის არ არის ჰიპოალერგიული, რადგან მას ბეწვი ზომიერად სცვივა.
წონა: 3-7 კილოგრამი
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-16 წელი
11. ᲨᲝᲢᲚᲐᲜᲓᲘᲣᲠᲘ ᲤᲝᲚᲓᲘ
შოტლანდიური ფოლდი ცნობილია თავისი გამორჩეული “ბუს მსგავსი” გარეგნობით და დაკეცილი ყურებით. ამ ჯიშს აქვს ტკბილი და დამყოლი ბუნება, ხოლო სოციალიზაციისას, იგი თავის მფლობელს ეჯაჭვება. ის, ასევე, მეგობრული და მოსიყვარულეა ადამიანებისა და სხვა შინაური ცხოველების მიმართ, მთავარია, რომ მას უხეშად არ მოეპყრათ.
ფიქრობთ ქალაქში ცხოვრებაზე? შოტლანდიური ფოლდი ამითვის ძალიან კარგი ვარიანტია. ეს ჯიში მარტივად ადაპტირდება ხმაურთან, ამიტომ იგი შესანიშნავია ქალაქში საცხოვრებლად.
ამავდროულად, ეს სახეობა სიამოვნებით იცხოვრებს როგორც პატარა ბინაში, ასევე – დიდ სახლში, ხოლო თუ ხშირად ხართ სახლისგან შორს, თქვენი შოტლანდიური ფოლდი შეგიძლიათ გყავდეთ შენობაში სხვა კომპანიონთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მარტოსულად იგრძნობს თავს.
შოტლანდიურ ფოლდს აქვს მოკლე, მკვრივი ბეწვი, რომელიც მას ზომიერად სცვივა. ამ სახეობას დავარცხნა ყოველკვირეულად დასჭირდება, რათა თავიდან აიცილოთ თმის აბურდვა. იგი არ ითვლება ჰიპოალერგიულ ჯიშად.
ვინაიდან, შოტლანდიური ფოლდი იშვიათი სახეობაა, უმჯობესი იქნება, თუ მას აიყვანთ სანდო რეპუტაციის მქონე სელექციონერისგან.
წონა: 3-6 კილოგრამი
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 11-14 წელი
12. ᲑᲘᲠᲛᲐᲜᲘ
ბირმანი ერთ–ერთი უსაყვარლესი კატის სახეობაა. ამ ჯიშის მშვიდი, მეგობრული და წყნარი ბუნება და, ასევე, მისი მიდრეკილება ერთ ადამიანთან კავშირის დამყარებისკენ, მას მშვენიერ შინაურ ცხოველად აქცევს მარტოხელა მფლობელებისთვის.
მაგრამ არც იმაზე იდარდოთ, თუ შვილები გყავთ, რადგან ამ მოსიყვარულე ჯიშს უყვარს ადამიანები, ამიტომ ის შესანიშნავი შინაური ცხოველია ოჯახებისთვისაც. გარდა ამისა, მას არ სჭირდება ბევრი ყურადღება ან თამაში, მაგრამ, ამავდროულად, ბირმანი კალთის კატაა და უყვარს ჩახუტება.
ბირმანი ბედნიერად გრძნობს თავს სახლშიც და ბინაშიც, თუმცა მას დროის გატარება სჭირდება როგორც შიგნით, ისევე – გარეთ. თუ მას გარეთ გაიყვანთ, დარწმუნდით, რომ თქვენი კატა უსაფრთხო და დაცულ ტერიტორიაზეა.
ბირმანი არის დაბალი მოვლა-შენახვის საჭიროებების მქონე ჯიში საშუალო სიგრძის აბრეშუმისებრი თმით. მას არ აქვს ბეწვის ქვედა ფენა, თუმცა, იგი მაინც არ არის ჰიპოალერგიული სახეობა ზომიერი თმის ცვენის გამო.
წონა: 3-7 კილოგრამი
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 15-20 წელი
13. ᲠᲐᲒᲓᲝᲚᲘ
რაგდოლი არის გიგანტური კატა დიდი გულით და რბილი, მშვიდი, მოსიყვარულე და მეგობრული ხასიათით. ამ ჯიშს უყვარს კარგი ჩახუტება. თქვენ შეგიძლიათ მას რამდენიც გინდათ ეფეროთ – ის ამის გამო ძალიან შეგიყვარებთ.
ამ სოციალურ არსებას უყვარს, როდესაც პატრონს ყველგან დაყვება სახლში. ის, ასევე, კარგად ეწყობა ბავშვებსა და სხვა შინაურ ცხოველებს. თქვენ რაგდოლი შეგიძლიათ ავარჯიშოთ, როგორც ძაღლი – ის კი დაგელოდებათ, თუ როდის დაბრუნდებით სამსახურიდან და საოცარი ენთუზიაზმით ითამაშებს თქვენთან ერთად ფეჩის თამაშს.
თუმცა, რაგდოლის სანდო ბუნება იმას ნიშნავს, რომ მას უფრო შეეფერება დროის ძირითადად სახლში გატარება.
რაგდოლს აქვს გრძელი და რბილი თმის ერთი ფენა, ამიტომ ის ნაკლებ მოვლას მოითხოვს, მაგრამ ეს კატა არ ითვლება ჰიპოალერგიულ ჯიშად.
წონა: უმეტესობა იწონის 6-8 კილოგრამს, მაგრამ ზოგი შეიძლება 9 კილოგრამსაც აღემატებოდეს
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 15-20 წელი
14. ᲛᲔᲘᲜ ᲙᲣᲜᲘ
მეინ კუნი ნაზი გიგანტია. მისი მხიარული და ინტელექტუალური ბუნება მას შესანიშნავ კომპანიონად აქცევს. ის ძალიან ყურადღებიანია, მაგრამ არ ხდება პატრონზე მიჯაჭვული. ეს სახეობა არ არის კალთის კატა. გარდა ამისა, მეინ კუნი შეგიძლიათ ძაღლივით გაწვრთნათ.
ამ პოპულარულ ჯიშს უყვარს ხალხი და იგი გამოირჩევა ძაღლის მსგავსი ქცევებით, რის გამოც ეს კატა შესანიშნავად ეწყობა ბავშვებსა და სხვა შინაურ ცხოველებს. თუ სახლიდან მთელი დღე გასული ხართ, მეინ კუნი სწორედ თქვენთვისაა. მისი სახლში დატოვება თავისუფლად შეგიძლიათ, რადგან იგი მარტოც მშვენივრად გაერთობა.
მეინ კუნის ყოლა შესაძლებელია როგორც სახლში, ისევე – ეზოში, მაგრამ დარწმუნდით, რომ მას აქტივობებისთვის საკმარისი სივრცე აქვს.
მეინ კუნის აქვს გრძელი ორმაგი ბეწვი (გარე ბეწვის ფენა წყალგაუმტარია), რომელიც მას სეზონურად სცვივა, ამიტომ მას დასჭირდება თანმიმდევრული მოვლა (კვირაში ერთხელ მაინც), რათა თავიდან აიცილოთ თმების აბურდვა. მეინ კუნი არ არის ჰიპოალერგიული ჯიში.
წონა: უმეტესობა იწონის 4-9 კილოგრამს, მაგრამ მათ ასევე შეუძლიათ 13 კილოგრამსაც მიაღწიონ
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელი
15. ᲡᲞᲐᲠᲡᲣᲚᲘ
სპარსული კატა ცნობილია თავისი გამორჩეული სილამაზით. ეს ჯიში უკვე ათწლეულების განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი არის თბილი, მშვიდი და ტკბილი ბუნების მქონე კატა, რაც შესანიშნავ შინაურ ცხოველად აქცევს მას მოსიყვარულე ადამიანებისთვის. ის კარგად ეწყობა ყველას, სხვა შინაურ ცხოველებსაც კი, მაგრამ სპარსული კატა უმჯობესია მშვიდ გარემოში იყოლიოთ.
სპარსული ცნობილია იმით, რომ მას საათობით შეუძლია ერთსა და იმავე ადგილას წოლა და ნებივრობა. მისი ყოლა უმჯობესია შენობაში, რათა თავიდან აიცილოთ გადახურება. იგი თავს კომფორტულად იგრძნობს როგორც პატარა ბინაში, ასევე – დიდ სახლში.
სუფთა ჯიშის სპარსული კატა მიდრეკილია სხვადასხვა დაავადებისკენ. მას აქვს სქელი, გრძელი და ფუმფულა ორმაგი ბეწვი, რომელიც დღეში ერთხელ საჭიროებს დავარცხნას, რათა თავიდან აიცილოთ თმის აბურდვა. ამ კატას ბეწვი ზომიერად სცვივა გარკვეული სეზონების დროს, შესაბამისად, იგი არ არის ჰიპოალერგიული.
წონა: 3-6 კილოგრამი
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 15-20 წელი
კატები მართლაც საოცარი არსებები არიან. ამ სიაში განხილული თხუთმეტივე კატის ჯიში მეგობრული და მოსიყვარულეა და მიუხედავად იმ სტერეოტიპებისა, რომლებიც საზოგადოებაში გვესმის ხოლმე, კატებს, სინამდვილეში, ძალიან უყვართ ადამიანების კონპანია. ზოგს ეს სწყურია კიდეც.
ასე რომ, თუ შემდეგ ჯერზე შინაური ცხოველის მოყვანა მოგინდებათ, თამამად შეგიძლიათ განიხილოთ კატა თქვენს ერთ–ერთ ვარიანტად, მაგრამ დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ მასზე ზრუნვა და მისთვის სიყვარულისა და ყურადღების მიცემა. ასწავლეთ მას რამდენიმე ხრიკიც, რადგან შეიძლება ამ არსებებზე უკეთესი მეგობარი ან თანამგზავრი ვერც ნახოთ.