კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲨᲘᲨᲘ ᲡᲮᲕᲐ ᲫᲐᲦᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ

შეშინებული ძაღლი

  არც ერთი ჩვენგანი – ადამიანი, ძაღლი, კატა, ზღარბი, სპილო თუ სხვა – არ არის სრულიად თავისუფალი შიშისგან, რადგან ეს შეგრძნება ჩვენს ბიოლოგიაშია. შიში არის ჩვენი ტვინისთვის გზა, რომლის მეშვეობითაც გვაფრთხილებს, მაქსიმალურად გვაფხიზლებს და გვამზადებს პოტენციურ საფრთხეებთან საბრძოლველად ან მათგან თავის დასაღწევად.

  მაგრამ რა ხდება, თუ თქვენი ძაღლის ყველაზე დიდ შიშს სხვა ძაღლები წარმოადგენენ? ძაღლები ყველგან არიან. სახლის გარეთ, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რომ თქვენი ძაღლი სხვა ძაღლების, მინიმუმ, დანახვას ააცილოთ, რომ არაფერი ვთქვათ მათთან ურთიერთობაზე, რისიც მას ყველაზე მეტად ეშინია.

  ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ცუდად ჟღერს, მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს გზები, რომელთა მეშვეობითაც შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს ძაღლს, რომ იყოს უფრო თავდაჯერებული და ნაკლებად ეშინოდეს სხვა ძაღლების გვერდით ყოფნა. 

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲕᲘᲒᲝ, ᲔᲨᲘᲜᲘᲐ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲩᲔᲛᲡ ᲫᲐᲦᲚᲡ ᲡᲮᲕᲐ ᲫᲐᲦᲚᲔᲑᲘᲡ?

  ზოგჯერ შიშის ამოცნობა რთულია, განსაკუთრებით, თუ თქვენი ძაღლი სხვა ლეკვების დანახვაზე ყეფით და წინ წაწევით რეაგირებს. ქცევები, რომლებიც „აგრესიულად“ გამოიყურება, ხშირად ემყარება ბრძოლას ან გაქცევის პასუხს. მაგალითად, როცა თქვენი ძაღლი დაბმულია, ის ვერ გაექცევა მოახლოებულ ძაღლს, ამიტომ მას არ რჩება სხვა გზა, თუ არა – “ბრძოლა”.

  ეს ქცევები, ასევე, შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ თქვენს ლეკვს ეშინია სხვა ძაღლების.

  • თქვენი ძაღლი უყეფს ან უტევს სხვა ძაღლებს
  • თქვენი ძაღლი ზედმეტად ბევრს ამთქნარებს ან ტუჩებს ილოკავს, როცა სხვა ძაღლები უახლოვდებიან
  • თქვენი ძაღლი ცდილობს მოშორდეს მიახლოებულ ძაღლებს
  • თქვენი ძაღლი იმალება, როდესაც სხვა ძაღლი ახლოს იმყოფება
  • თქვენი ძაღლი კანკალებს ან ტირის სხვა ძაღლების გარშემო
  • თქვენი ძაღლი უარს ამბობს სასუსნავის მიღებაზე ან სხვა ძაღლებთან თამაშზე

ᲠᲐᲡ ᲣᲜᲓᲐ ᲛᲝᲕᲔᲠᲘᲓᲝ, ᲗᲣ ᲩᲔᲛᲡ ᲫᲐᲦᲚᲡ ᲡᲮᲕᲐ ᲫᲐᲦᲚᲔᲑᲘᲡ ᲔᲨᲘᲜᲘᲐ?

  თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს ძაღლს სხვა ძაღლების ეშინია, პირველი ნაბიჯი არის ის, რომ ისინი თავიდან ააცილოთ ნეგატიურ გამოცდილებას, რომელიც შეიძლება ამ შიშისგან პროვოცირდეს. გახსოვდეთ, რომ ძაღლები ცხოველები არიან – მსოფლიოში ყველაზე კარგად გაწვრთნილ ლეკვსაც კი აქვს არაპროგნოზირებადი მომენტები. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ უსიამოვნო სიურპრიზები, თავიდანვე დაიცავით ეს წესები.

  1. არ წაიყვანოთ თქვენი ძაღლი ძაღლების პარკში ან ხალხმრავალ სივრცეში.
  2. სეირნობისას თქვენი ძაღლი გყავდეთ დაცულ, იზორილებულ ზონაში. 
  3. არასოდეს უყვიროთ თქვენს ლეკვს და ნუ აიძულებთ მას სხვა ძაღლებთან ურთიერთობას. ამის მაგივრად, დაამშვიდეთ თქვენი ძაღლი.
  4. იყავით თქვენი ძაღლის საჭიროებების დამცველი. თუ ვინმე გკითხავთ, შეუძლია თუ არა მის ძაღლს თქვენს ძაღლთან მისალმება ან თამაში, თავაზიანად უთხარით უარი და გააგრძელეთ გზა.


ᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲡ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲩᲔᲛᲘ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲡᲮᲕᲐ ᲫᲐᲦᲚᲔᲑᲘᲡᲒᲐᲜ ᲓᲐᲪᲕᲐ ᲛᲘᲡ ᲨᲘᲨᲡ?

  ამაზე პასუხი არის – არა. თქვენი ძაღლის მზრუნველი სიტყვებით და სიყვარულით დამშვიდება არ აძლიერებს მის შიშს, როგორც ქება ან დაჯილდოება აძლიერებს სხვა ქცევებს, როგორიცაა დაძახებისას მოსვლა. შიში არ არის ლოგიკით დაბადებული პასუხი. ქცევის შექება მას წაახალისებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი შეგნებულად მოქმედებს და არა მაშინ, როცა მათი სხეული უბრალოდ საფრთხეზე რეაგირებს.

  იფიქრეთ ამაზე ადამიანური თვალსაზრისით. არის თუ არა ლოგიკური, რომ ზოგიერთ ჩვენგანს ობობების ეშინია, როდესაც ობობების უმეტესობა სრულიად უვნებელია? ან, როცა ზოგიერთ ჩვენგანს ფრენის ეშინია, როდესაც ის ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მანქანით მგზავრობა? რა თქმა უნდა, არა. შიში მოდის ღრმა ემოციებიდან და არა ლოგიკისგან.

  თუ თქვენი შეშინებული მეგობარი ფრენის დროს თქვენს გვერდითაა, რომელი უფრო კარგად აგრძნობინებს მას თავს: მათთვის დაყვირება და იმის თქმა, რომ სულელურად იქცევიან თუ სასაცილო ისტორიების, შოკოლადებითა და ღვინის მეშვეობით მათი დამშვიდება? თუ სიკეთისა და გაგების გზას აირჩევთ, დიდი შანსია, რომ მომდევნო რეისზე მათ დაიმახსოვრონ ის პოზიტიური გამოცდილება, რაც თქვენთან ერთად განიცადეს და დროთა განმავლობაში ფრენის შიშიც შეუმცირდეთ. 

  იგივე პრინციპი მოქმედებს შეშინებული ძაღლის დასამშვიდებლად.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲔᲮᲛᲐᲠᲝ ᲩᲔᲛᲡ ᲚᲔᲙᲕᲡ ᲡᲮᲕᲐ ᲫᲐᲦᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲘᲨᲘᲡ ᲓᲐᲫᲚᲔᲕᲐᲨᲘ?

  იმის გამო, რომ შიში ძალიან ღრმა ემოციური გამოვლინებაა, თქვენი ძაღლის დახმარება მის გადალახვაში შეიძლება სახიფათო იყოს. არ არსებობს მკაფიო, მარტივი გზა შიშისგან თავის დასაღწევად, ამავდროულად, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ყველა ძაღლი განსხვავებული ტემპით აღწევს პროგრესს, თუმცა დესენსიბილიზაცია და კონტრკონდიცირება საუკეთესო ვარიანტებია, რაც თქვენს ძაღლს შეიძლება დაეხმაროს ძაღლის შიშის დაძლევაში. აქ აღწ, თუ როგორ მუშაობს ეს:

  1. განსაზღვრეთ თქვენი ძაღლის ბარიერი. რამდენად უახლოვდება თქვენი ძაღლი უცნობ ლეკვს, სანამ ის შიშის გარეგნული ნიშნების გამოვლენას დაიწყებს? ეს მანძილი შეიძლება 30 მეტრიც აღმოჩნდეს და 1 მეტრიც. რაც არ უნდა იყოს, ვარჯიშის დასაწყისში არასოდეს მისცეთ თქვენს ძაღლს ამ მანძილზე მეტად მიახლოების უფლება სხვა ძაღლთან.
  2. შეცვალეთ თქვენი ლეკვის დამოკიდებულება სხვა ძაღლების მიმართ. ამჟამად, სხვა ძაღლები თქვენს ლეკვში უარყოფით ემოციურ რეაქციას იწვევენ. ჩვენი მიზანია ამის პოზიტიურად შეცვლა. აფიქრებინეთ თქვენს ძაღლს, რომ სხვა ძაღლის გამოჩენა უსაფრთხო მანძილზე მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც მშვენიერი მოხდება. თუ ძაღლი გამოჩნდება, მიეცით თქვენს ძაღლს სასუსნავები იქამდე, სანამ ის ძაღლი თქვენი მხედველობის არედან არ გაქრება.
  3. გამოიყენეთ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის სასუსნავები. ამ ტიპის ვარჯიშისას ძველებურად და მოსაწყენად შეფუთული სასუსნავები შორს ვერ წაგიყვანთ. შეარჩიეთ დამატებითი სპეციალური საკვები, რომლებზეც თქვენი ძაღლი გიჟდება და მიეცით საშუალება მიირთვათ იგი მხოლოდ მაშინ, როდესაც დესენსიბილიზაცია-კონტრკონდიცირებაზე მუშაობთ. სუნიანი ნივთები საუკეთესოდ მოქმედებს ამ დროს, მაგალითად, როგორიცაა ხორცის არომატიზებული ბავშვის საკვები.
  4. ვარჯიში, ვარჯიში, ვარჯიში. ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ დესენსიბილიზაცია-კონტრკონდიცირების პრაქტიკისთვის. სანამ სწორი კერძები გაქვთ თან, შეგიძლიათ ამაზე იმუშაოთ სეირნობის დროს (დარწმუნდით, რომ თქვენს დისტანციას იცავთ), პარკში ჯდომისას, ან თუნდაც თქვენს წინა ეზოში ყოფნისას.
  5. შეამცირეთ თქვენს ძაღლსა და სხვა ძაღლებს შორის მანძილი. მას შემდეგ, რაც თქვენს ძაღლს მშვიდად შეეძლება სხვა ძაღლის ყურება, რომელიც მისი საწყისი დისტანციის ზღვარზე გადის, შეამცირეთ ეს მანძილი. თუ დაიწყეთ 30 მეტრით, სცადეთ 20 ან 15 მეტრი. ხოლო თუ ერთი მეტრიდან დაიწყეთ, სცადეთ ნახევარი მეტრი. თქვენი ახალი დისტანციიდან, იმუშავეთ თქვენი ძაღლის აზრის შეცვლაზე მისთვის სასუსნავების სწრაფი მიცემით. დროთა განმავლობაში განაგრძეთ ამ მანძილის შემცირება, ნება მიეცით თქვენს ძაღლს მიგანიშნოთ, თუ როდის არის მზად პროგრესისთვის. თუ მას მშვიდად შეუძლია ძაღლის გავლის ყურება შიშის ნიშნების გამოვლენის გარეშე, იგი, ალბათ, მზად არის მას ცოტათი კიდევ მიუახლოვდეს.

ᲨᲔᲫᲚᲔᲑᲡ ᲩᲔᲛᲘ ᲫᲐᲦᲚᲘ ᲣᲪᲜᲝᲑ ᲚᲔᲙᲕᲔᲑᲗᲐᲜ ᲗᲐᲛᲐᲨᲡ?

  როგორც ჩანს, ჩვენ, ადამიანებს, დარწმუნებით გვგონია, რომ ძაღლებმა სხვა ძაღლებთან უნდა ითამაშონ. მაგრამ სინამდვილეში, ის, რაც თქვენს ძაღლს ყველაზე მეტად სურს ცხოვრებაში, არის თქვენთან და თქვენს ოჯახთან ახლოს ყოფნა. ბევრი ძაღლისთვის, თავიანთი ტიპის ცხოველებთან თამაში არც ისე საინტერესოა.

  ძაღლებსაც კი, რომლებიც სხვა ლეკვების შიშს გადალახავენ, არ სურთ ძაღლების პარკში ან ძაღლების საბავშვო ბაღში წასვლა და ეს ნორმალურია. თქვენ არ უნდა იფიქროთ, რომ ძაღლი, რომელსაც არ სურს სხვა ძაღლებთან ურთიერთობა, არ ცხოვრობს სრულყოფილი ცხოვრებით. ეს, ასევე, არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს ძაღლს შეიძლება არასოდეს ჰყავდეს თავის მსგავსი მეგობრები, მაგრამ, დიდი შანსია, რომ იგი კვლავაც ფრთხილად შეარჩევს, თუ ვისთანაც სურს ურთიერთობა.

  ადამიანებიც ხომ სწორედ ასე ვართ, ფრთხილად ვარჩევთ, თუ ვისთან ერთად გავატარებთ დროს. თქვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ თქვენმა ლეკვმა თავდაჯერებულად და შიშის გარეშე იაროს ქუჩაში და არა ის, რომ სოციალური და ცხოველების მოყვარული იყოს.