ᲖᲦᲕᲘᲡ ᲒᲝᲭᲘ
ზღვის გოჭი სამხრეთამერიკული მღრღნელების შინაური სახეობაა, რომელიც მიეკუთვნება კავისებრთა (ზღვის გოჭისებრთა) ოჯახს. იგი სხვა ზღვის გოჭისებრთა სახეობებს წააგავს მტკიცე სხეულით მოკლე კიდურებით, დიდი თავით, თვალებითა და მოკლე ყურებით. ზღვის გოჭებს ფეხის ძირებზე მოკლე ბასრი კლანჭები აქვთ, წინა ტერფებზე ოთხი – თითი, უკანაზე კი – სამი. არსებობს მოშინაურებული ზღვის გოჭების რამდენიმე ჯიში, რომლებსაც აჯგუფებენ ბეწვის ტექსტურისა და თმის სიგრძის მიხედვით.
მღრღნელებს შორის, შინაური ზღვის გოჭი გამოირჩევა თავისი სიდიდით. იგი იწონის 500-დან 1500 გრამამდე, ხოლო სიგრძე 20-დან 40 სმ-ს აღწევს. მას კისერზე აქვს გრძელი თმის ფენა, მაგრამ მისი სიგრძე და ტექსტურა განსხვავდება სახეობებში. ბეწვი შეიძლება იყოს გლუვი, უხეში, აბრეშუმისებრი და მოკლე ან გრძელი. შეფერილობაც უკიდურესად ცვალებადია: იგი შეიძლება შეგვხვდეს თეთრ, კრემისფერ, მოწითალო ან შოკოლადისფერ ყავისფერ, შავ ან კომბინირებულ ფერებში.
ზღვის გოჭები იკვებებიან მცენარეებით და, თუ მათ მიეწოდება საკმარისად ტენიანი საკვები, ისინი არ საჭიროებენ წყლის დალევას, მაგრამ, თუ მშრალი კომერციული საკვებით იკვებებიან მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ წვდომა წყალთან. ზღვის გოჭები მთელი წლის განმავლობაში მრავლდებიან. მდედრებს 13 ჩვილის გაჩენა შეუძლიათ (4 საშუალოა). ორსულობა გრძელდება 68 დღე. მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილებს დაბადებიდანვე შეუძლიათ სირბილი და მყარი საჭმლის მირთმევა, ისინი სამ კვირამდე არ არიან ბოლომდე ჩამოყალიბებულები. მდედრები ორ თვეში მწიფდებიან, მამრები კი – სამში. ზოგადად, ზღვის გოჭები რვა წლამდე ცხოვრობენ, თუმცა არის შემთხვევები, როცა ზოგიერთი მათგანი სამიდან ხუთ წლამდე ცოცხლობს.
ველურ ბუნებაში ამ სახეობის ბუნებრივი პოპულაცია არ არსებობს. როგორც ცნობილია, ზღვის გოჭები მოიშინაურეს პერუში, დაახლოებით, 3000 წლის წინ, რაც დაემთხვა ადამიანების მომთაბარე ცხოვრების წესიდან გადასვლას სოფლის მეურნეობაზე. ზღვის გოჭებს ინკები ინახავდნენ და პარალელურად მათ ამრავლებდა სხვადასხვა ხალხი, რომელიც ცხოვრობდა ანდების მთების გასწვრივ ჩრდილო-დასავლეთ ვენესუელიდან ცენტრალურ ჩილემდე. ეს მღრღნელები მდგრადი კვების წყაროდ რჩებიან ეკვადორის, პერუსა და ბოლივიის მკვიდრი ხალხებისთვის. ზღვის გოჭები ევროპაში მე-16 საუკუნეში წაიყვანეს და 1800-იანი წლებიდან მოყოლებული ისინი პოპულარული შინაური ცხოველები არიან. ზღვის გოჭი, ასევე, გამოიყენება საერთაშორისო დონეზე, როგორც ლაბორატორიული ცხოველი ანატომიის, კვების, გენეტიკის, ტოქსიკოლოგიის, პათოლოგიის, შრატის განვითარებისა და სხვა კვლევითი პროგრამების შესასწავლად.
სალაპარაკო ენაში ზღვის გოჭის სახელის წარმოშობა ბევრი კამათის საგანია. სახელის პირველი ნაწილი შეიძლება მომდინარეობდეს ცხოველის ფასიდან მე-16 და მე-17 საუკუნეების ინგლისში. ინგლისურად ზღვის გოჭი ითარგმნება როგორც “guinea pig”, ხოლო სიტყვა guinea წარმოადგენს ნაციონალურ ვალუტას, გვინეურ ფრანკს. ასევე შესაძლოა, რომ ეს სახელი წარმოიშვა ამ ცხოველების პირველად გადაყვანის შემდეგ ევროპულ ბაზრებზე, კერძოდ კი გვინეის პორტებში. სახელწოდება ასევე შეიძლება წარმოიშვას სიტყვა”Guiana”-ს არასწორად წარმოთქმული ფორმით, ანუ, იმ რეგიონის სახელით, სადაც ზღვის გოჭები შეაგროვეს. კიდევ ერთი შესაძლო ეტიმოლოგია მოდის გემების კლასის სახელიდან “Guineamen”. სწორედ მათ გადაიყვანეს ზღვის გოჭები ევროპაში. სახელის მეორე ნაწილი, ასევე, ევროპელებისგან წარმოიშვა, რომლებმაც ამ ცხოველის მიერ გამოშვებული კვნესის ხმა (ასევე მისი მოხარშული ხორცის გემო) ღორისას მიამსგავსეს.
ზღვის გოჭისებრნი მღრღნელების გვარის ხუთი არამოშინაურებული წარმომადგენელი არსებობს, რომლებსაც, ასევე, ზღვის გოჭებს უწოდებენ. ესენია: ბრაზილიური ზღვის გოჭი, რომელიც ნაპოვნი იქნა კოლუმბიაში, ვენესუელაში და გვიანას სამხრეთ ტერიტორიიდან ჩრდილოეთ არგენტინამდე; მბზინავი ზღვის გოჭი, რომელიც ბინადრობს აღმოსავლეთ ბრაზილიაში; მთის ზღვის გოჭი. იგი გვხვდება პერუდან ჩრდილოეთ ჩილემდე და ჩრდილო-დასავლეთ არგენტინამდე; დიდი ზღვის გოჭი, რომელიც გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიასა და ურუგვაიში; და მოლეკები დო სულის ზღვის გოჭი. ის შემოიფარგლება Moleqes do Sul კუნძულით ბრაზილიის სამხრეთ სანაპიროზე. კვლევების მიხედვით სავარაუდოა, რომ შინაური ზღვის გოჭი წარმოიშვა ერთ-ერთი ველური ბრაზილიური, მბზინავი ან მთიანი მღრღნელის სახეობიდან.