კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲚᲔᲙᲕᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲛᲖᲐᲓᲔᲑᲐ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲡᲐᲮᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ლეკვები

  უახლოვდებით იმ პერიოდს, როდესაც თქვენი ჩვილები ბუდიდან უნდა გაფრინდნენ? თქვენი ლეკვების მომზადება დედისა და და-ძმებისგან განცალკევებისთვის არის სოციალიზაციის პროტოკოლის უმნიშვნელოვანესი ელემენტი.

  კარგად დაგეგმილი და მომზადებული განშორება თქვენს ლეკვს ბევრად გაუმარტივებს ახალ სახლთან ადაპტაციის პროცესს. ამას ასევე შეუძლია დადებითად იმოქმედოს ლეკვის იმუნურ სისტემაზეც.

  ამ სტატიაში განხილულია ათი ნაბიჯი, რომლებსაც შეგიძლიათ მიჰყვეთ, რათა თქვენი ლეკვები მშვიდად და ბედნიერად გაუშვათ ახალ სახლებში.

ᲓᲔᲓᲘᲡᲒᲐᲜ ᲛᲝᲨᲝᲠᲔᲑᲐ

  გადათვალეთ, თუ რამდენ დღეში ტოვებს თქვენი ლეკვი სახლს და ეცადეთ, რომ სანამ ეს დღე დადგება იგი რაც შეიძლება ფრთხილად და ნელ-ნელა მოაშოროთ დედას.

  ლეკვს ამ პერიოდში თამამად უნდა შეეძლოს მყარი საკვებისა და წყლის მიღება. წასვლის დროს იგი არ შეიძლება, რომ დედის რძეზე იყოს დამოკიდებილი. ლეკვის დედისთვის თანდათან ჩამოშორება არამარტო ლეკვს მოუტანს სარგებელს, არამედ ხელს შეუშლის დედისთვის მასტიტის განვითარების პროცესსაც, რაც ძუძუმწოვრებში მტკივნეული და სახიფათო მდგომარეობაა.

ᲛᲐᲠᲢᲝᲝᲑᲘᲡ ᲓᲠᲝ

  დარწმუნდით, რომ თქვენმა ლეკვმა გარკვეული დრო თავისი და-ძმებისგან და დედისგან მოშორებით გაატარა. დღე, როდესაც თქვენი ლეკვები მიდიან, არ უნდა იყოს პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი ოჯახისგან შორს ყოფნას განიცდიან.

  ლეკვისთვის სასარგებლო გამოცდილება იქნება, თუ მას ყოველდღიურად რამდენიმე წუთით მაინც მოაშორებთ თავის და-ძმებს და დედას და ამის მაგივრად თქვენთან ან სხვა ადამიანებთან ერთად გაატარებინებთ დროს. გაგიკვირდებათ, როცა დაინახავთ, თუ რამდენად სწრაფად იზრდება მათი ნდობა. თქვენი ლეკვების გაცნობა ახალ-ახალ ნივთებთან და გამოცდილებებთან მათ მოამზადებს ახალ სახლთან და ოჯახთან შესაგუებლად.

ᲛᲒᲖᲐᲕᲠᲝᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲛᲝᲛᲖᲐᲓᲔᲑᲐ

  შინაური ცხოველის ძაღლის გადასაადგილებელი კონტეინერით ან ჩანთით მგზავრობა სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო გზაა, მაშინაც კი, თუ თქვენს ახალ მფლობელებს ისინი არ აქვთ.

  ძაღლებს და ლეკვებს ასეთი კონტეინერებისა და ჩანთების გაცნობა გრუმერებსა და ვეტერინარებთან მაინც მოუწევთ, ამიტომ ლეკვისთვის ამ აღჭურვილობის ნორმალიზება და თავიდანვე მიჩვევა ყველა ამ სიტუაციას უფრო მართვადს გახდის.

  არასოდეს ჩასვათ ლეკვი სამგზავრო კონტეინერში ძალით. როდესაც ლეკვს კონტეინერში შეუშვებთ, მიეცით მას საშუალება, რომ თავისი ახალი გარემო გამოიკვლიოს. კონტეინერში მოათავსეთ რამდენიმე გემრიელი სასუსნავი და როდესაც ლეკვი შიგნით შევა, დაუყოვნებლივ დააჯილდოვეთ იგი.

  დროთა განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ სასუსნავის ღირებულება და ისეთი კერძი მისცეთ ლეკვს, რომლის დაღეჭვისთვისაც მას შედარებით ხანგრძლივი დრო სჭირდება. ამ გზით ლეკვი შეეჩვევა ყუთში გარკვეული დროის განმავლობაში ყოფნას, რათა ეს თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის არ იყოს სტრესული ან იძულებითი გამოცდილება. საუკეთესო გრძელვადიანი შედეგისთვის სამგზავრო ჩანთაში მოათავსეთ თანაბარი ულუფები.

ᲜᲐᲪᲜᲝᲑᲝᲑᲐ

  თუ თქვენი ლეკვი ახალ პატრონებს იცნობს, ახალ სახლში გადასვლას იგი ბევრად უფრო აუღელვებლად შეხვდება. ახალი ადამიანების გარეგნობა, სუნი და ხმა სენსორული გამოცდილება იქნება, რომელიც თქვენმა ლეკვმა უნდა იცოდეს. 

  იმის გათვალისწინებით, რომ ძაღლები სამყაროს ცხვირით ხედავენ და არა თვალებით, არსებობს გზა, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ იგი ყველანაირი სირთულისთვის მოამზადოთ. ახალ მფლობელებს სთხოვეთ, რომ დაგიტოვონ (ან გამოგიგზავნონ) მათი ტანსაცმელი, რომელთან ერთადაც შეგიძლიათ თქვენი ლეკვი დააძინოთ (დარწმუნდით, რომ ის უსაფრთხოა ლეკვისთვის, არ აქვს ღილები). ეს შესანიშნავი გზაა იმისათვის, რომ ლეკვი ახალი პატრონის სურნელს გაეცნოს.

ᲛᲐᲜᲥᲐᲜᲘᲗ ᲛᲝᲒᲖᲐᲣᲠᲝᲑᲐ

  დარწმუნდით, რომ თქვენს ლეკვებს გამოცდილი აქვთ მანქანაში ყოფნა. მათ შეგიძლიათ დააწყებინოთ რამდენიმე მოკლე მანქანით გასეირნებით, თუმცა მანამდე დარწმუნდით, რომ ლეკვი კომფორტულად გრძნობს თავს თავის სამგზავრო ჩანთაში. 

  თავდაპირველად, ლეკვები უბრალოდ მანქანაში ჩასვით თავიანთი კონტეინერებით. მანქანის კარები/საბარგული ღია გქონდეთ, ხოლო ძრავი რამდენიმე წამით დატოვეთ ჩართული, ბოლოს კი ისევ ამოიღეთ კონტეინერი.

  შემდეგ სესიაზე მანქანა გაატარეთ წინ და უკან, მომდევნო ეტაპზე იმოძრავეთ ბლოკის გარშემო, ხოლო ბოლოს შეგიძლიათ უფრო გრძელი მანძილიც გაიაროთ.

  თუ აქამდე ნახსენები ნაბიჯები ლეკვს სხვა ლეკვებთან ერთად გაატარეთ, ახლა ეს ინდივიდუალურად სცადეთ, მისი და-ძმების გარეშე. 

ᲛᲝᲚᲝᲓᲘᲜᲘᲡ ᲓᲐᲛᲧᲐᲠᲔᲑᲐ

  იყავით რეალისტური იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდონ თქვენი ახალი ლეკვის პატრონები თქვენს ოთხფება მეგობარზე. რჩევა მიეცით იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ლეკვისთვის მათი სწორი მომზადება და დახვედრა, რათა თქვენი ოთხფეხა მეგობარი თავისუფლად და აუღელვებლად დასახლდეს თავის ახალ სახლში და ძლიერი კავშირი დაამყაროს ახალ მფლობელებთან.

  მკაფიოდ და გასაგებად აუხსენით ლეკვების ახალ მფლობელებს მათი მოვლის საჭიროებებზე. ნუ შეგეშინდებათ შეახსენოთ, რომ ისინი გონებრივად და ფიზიკურად უნდა იყვნენ მომზადებულნი იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც იღებენ.

  მიეცით მათ მითითებები რუტინებისა და ადრეული წვრთნის შესახებ, რადგან სწორედ ძაღლის ადრეული წვრთნის დროს ყალიბდება ღრმა კავშირი პატრონსა და შინაურ ცხოველს შორის.

ᲚᲔᲙᲕᲘᲡ ᲡᲐᲑᲣᲗᲔᲑᲘ

  მოამზადეთ ლეკვების საბუთების სრული შეკვრა: ლეკვის რეგისტრაცია (თუ სუფთა ჯიშია), დაზღვევა, გადახდის დეტალები და მიკროჩიპინგი. ეს ყველაფერი კი ვაქცინის, ჭიების, რწყილების მკურნალობისა და ვეტერინარული ვიზიტების შესახებ ვეტერინარულ დეტალებთან ერთად.

  ლეკვის კონტრაქტს ხელი უნდა მოაწეროს ორივე მხარემ, რაც ასევე უნდა შედიოდეს საბუთების შეკვრაში. არ არის საჭირო კონტრაქტში რაიმე რთულის შეტანა, მან უბრალოდ უნდა შეაჯამოს ზემოთ მოცემული ინფორმაცია და გამოხატოს მყიდველის რამდენიმე ძირითადი მოლოდინი მათი ახალი პასუხისმგებლობის შესახებ. მასში, ასევე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია ლეკვის მშობლების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, მათი ჯანმრთელობა.

  თქვენს მფლობელებს, ასევე, დასჭირდებათ რჩევა, თუ რა იყიდონ სათამაშოებისა და აღჭურვილობის თვალსაზრისით.

ᲡᲐᲭᲛᲔᲚᲘ

  ლეკვის დიეტის შეცვლამ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს ლეკვის ჯანმრთელობაზე. თქვენს ახალ მფლობელებს მიეცით საკვების მინიმუმ 2 კვირის მარაგი, რომლებსაც თქვენი ლეკვები მიირთმევდნენ. დარწმუნდით, რომ მათ იციან რამდენი, როდის და როგორ უნდა აჭამონ ლეკვს.

ᲬᲐᲧᲕᲐᲜᲘᲡ ᲓᲦᲔ

  უმჯობესია, თუ თქვენი ლეკვის წასვლის დღეს მისი ახალი პატრონები რაც შეიძლება ადრე მოვლენ მის წასაყვანად. ეს მათ დროს აძლევს, რომ სახლში აუჩქარებლად მივიდნენ და ლეკვი პირველ დღესვე გააცნონ თავის ახალ გარემოს, სანამ მას პირველი ღამის გატარება თავისი და-ძმების და დედისგან მოშორებით მოუწევს.

  გაანაწილეთ თქვენი ლეკვების გაჩუქება რამდენიმე დღის განმავლობაში და რამდენადაც შესაძლებელია, შეეცადეთ, რომ ლეკვები დილის საათებში გაუშვათ სახლიდან. როდესაც სახლში თანდათან შეამცირებთ დარჩენილი ლეკვების რაოდენობას, ეს მათ მოამზადებს მომავალი ცვლილებებისთვის და, ამავდროულად, წასულ ლეკვებს მთელი დღე ექნებათ თავიანთ ახალ სახლში დასასახლებლად.