კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲠᲐ ᲐᲡᲐᲙᲘᲓᲐᲜ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲚᲔᲙᲕᲘᲡ ᲓᲔᲓᲘᲡᲒᲐᲜ ᲛᲝᲨᲠᲔᲑᲐ

ძაღლი და ლეკვები

  ბევრი აზრთა სხვადასხვაობა არსებობს იმის შესახებ, თუ რომელია ლეკვისთვის მისაღები ასაკი, რათა თავისი დედა და და-ძმები დატოვოს. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად გასაგებია, რომ ლეკვების მყიდველებს თავიანთი ახალი ოთხფეხა მეგობრის სახლში მიყვანა რაც შეიძლება მალე სურთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ლეკვები ძალიან მალე არ მოაშოროთ სახლს, რადგან ისინი საოცრად ბევრს სწავლობენ სიცოცხლის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში: ავითარებენ უნარებს, ქცევებს და პიროვნულ თვისებებს, რომლებიც მხოლოდ დედა ძაღლისგან და თავიანთი ძმებისგან შეუძლიათ ისწავლონ და რომლებიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებათ.

ᲨᲔᲮᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲡᲮᲕᲐ ᲨᲔᲒᲠᲫᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  როდესაც ლეკვები ძალიან პატარები არიან, დედა ძაღლი დიდ როლს ასრულებს თითოეული ლეკვისათვის, ასუფთავებს, კვებავს და ზრუნავს მათზე. შეხება კი არის პირველი შეგრძნება, რომელსაც ახალდაბადებული ლეკვები განიცდიან, რადგან დედა ძაღლი მათ ხშირად ლოკავს, როგორც მათ მოსავლელად, ასევე მათი თვალების გახელის წახალისებლად. ეს ფიზიკური კონტაქტი ლეკვებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ნაწილია არა მარტო დედასთან  კავშირის დასამყარებლად, არამედ ლეკვებისთვის შეხების ძალის სწავლების თვალსაზრისითაც, რათა მათ იცოდნენ თუ როგორ იწვევს ეს ქმედება უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძნებას. ახალდაბადებული ლეკვები, ასევე, ერთმანეთთან ახლოს იცხოვრებენ და ერთმანეთს კომფორტისა და სითბოსთვის დაეყრდნობიან, რაც სოციალიზაციისა და სხვა ძაღლებთან პოზიტიური ურთიერთობების დასაწყისია.

ᲡᲝᲪᲘᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲐ

  როგორც კი ლეკვები ხოხვას შეძლებენ, ანუ განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ისინი პირველად გაახელენ თვალებს და გაეცნობიან სრულიად ახალ შეგრძნებას, სწორედ ამ დროს მიხვდებიან, რომ ისინი არ არიან ერთადერთი ძაღლი მსოფლიოში და რომ თავისი დედა ყურადღებას სხვა ლეკვებსაც უნაწილებს. ეს არის ის მომენტი, როდესაც ლეკვები ერთმანეთთან შეგუების სწავლას იწყებენ.

  ისინი ისწავლიან კონკურენციას რესურსებისა და ყურადღების მისაღებად, კონტაქტს სხვა ძაღლებთან, იმას, თუ რა არის კარგი და რა – არა, სხვა ძაღლების გარემოცვაში ყოფნით სიამოვნების მიღებას და, ზოგადად, სხვებთან ურთიერთობის პირველ ეტაპებს.

ᲥᲪᲔᲕᲘᲡ ᲛᲝᲓᲘᲤᲘᲙᲐᲪᲘᲐ

  როდესაც ლეკვები რამდენიმე კვირას მიაღწევენ, ისინი შეიგრძნობენ ცხოვრების ნამდვილ გემოს, რადგან მათი ყველა გრძნობა საბოლოოდ გააქტიურდება და ისინი დაიწყებენ უფრო მეტ მოძრაობას, გარშემომყოფების გამოკვლევას, შეეწყობიან ადამიანებს და დაიწყებენ უფრო მეტ ურთიერთობას თავიანთი სახეობის ცხოველებთან. ამ ეტაპზე ისინი გაეცნობიან დომინანტური ძაღლის (დედის) პოზიციას და მისი ბრძანებების პატივისცემას, ისევე როგორც იმას, თუ რა არის მისაღები ქცევა და-ძმებთან და რა – არა.

  თუ ლეკვები შუა გზაზე დადგებიან ან ძალიან მოშორდებიან დედის ტერიტორიას დედა ძაღლი მათ თავის ადგილზე დაბრუნებას დაიწყებს. ლეკვები ასევე დიდ დროს გაატარებენ გადაბრუნება-გადმობრუნებაში, დაიწყებენ პირის გამოყენებას კომუნიკაციისთვის, ისწავლიან ყეფას და შეეცდებიან ნივთების დაღეჭვას. ამ ქცევებისგან გამოწვეული დედისა და სხვა და-ძმების რეაქცია, მათთვის შექმნის მისაღები ქცევის გაგების საფუძველს.

ᲠᲕᲐ ᲙᲕᲘᲠᲐ ᲗᲣ ᲗᲝᲠᲛᲔᲢᲘ ᲙᲕᲘᲠᲐ?

  როდესაც ლეკვებს, ჩვეულებრივ, თავიანთ დედას აშორებენ არსებობს დროის ორი საერთო წერტილი. ესენია: რვა კვირა და თორმეტი კვირა. ძაღლების პროფესიონალი მომშენებლის უმეტესობა არ დაუშვებს მისი ლეკვების ახალ სახლებში გაშვებას თორმეტ კვირამდე, თუმცა ზოგიერთი სელექციონერი რვა კვირასაც მისაღებ დროდ თვლის ლეკვების ახალ სახლში გასაშვებად, რაც არ არის იშვიათი.

  მიუხედავად იმისა, რომ ლეკვები, როგორც წესი, შვიდი კვირის ასაკში უკვე სრულყოფილად იკვებებიან, შეუძლიათ მყარი საკვების მიღება და აღარ საჭიროებენ ძუძუთი კვებას, მაინც ბევრი რამაა გასათვალისწინებელი რის გამოც ლეკვებს უნდა მისცეთ შესაძლებლობა, რომ თორმეტ კვირამდე დარჩნენ დედასთან. მერვე და მეთორმეტე კვირებს შორის დამატებითი ოთხი კვირა ძალიან მნიშვნელოვანია ახალდაბადებული ლეკვისთვის, რადგან მისი სოციალიზაცია, ნასწავლი ქცევები და პიროვნული თვისებები ამ დროის განმავლობაში ძალიან სწრაფად იცვლება და უმჯობესდება, რაც ლეკვს მთელი ცხოვრების განმავლობაში დაეხმარება, რომ მტკიცე საფუძველი ჰქონდეს. 

  ამას დამატებული, დამატებითი ოთხი კვირა საშუალებას იძლევა, რომ ლეკვებმა  გაიკეთონ პირველი ორეტაპიანი ვაქცინაცია სანამ ისინი პირველ სახლს დატოვებენ. ეს მათ ხელს შეუწყობს, რომ უფრო მეტად მოემზადონ გარე სამყაროსთან შესაგუებლად და დაბრკოლებებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ამ შემთხვევაში, დაავადებების სახით.

  მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ლეკვის დედისგან მოშორება რვა კვირის ასაკში მისაღებია, მაინ სასურველია, რომ დაელოდოთ დამატებით თვეს და ისინი დედისა და და-ძმების გარემოცვაში თორმეტ კვირამდე ამყოფოთ.