კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲖᲦᲕᲘᲡ ᲒᲝᲭᲘᲡ ᲛᲝᲕᲚᲐ ᲓᲐᲛᲬᲧᲔᲑᲗᲐᲗᲕᲘᲡ

ზღვის გოჭები

  ზღვის გოჭები უდავოდ საყვარელი ცხოველები არიან თავიანთი მსუქანი სახეებით, ნაზი ბუნებითა და მეგობრული განწყობით. მიუხედავად მათი სახელისა, ისინი ნამდვილად არ არიან ღორები და არც ზღვასთან არიან რაიმე კავშირში. ეს ცხოველები მღრღნელების ოჯახის ნაწილია და ითვლება, რომ ისინი ანდების მთიანეთიდან წარმოიშვნენ. ზღვის გოჭი კარგი პირველი შინაური ცხოველია ბავშვებისთვის, თუმცა მათ სჭირდებათ ნაზი მოპყრობა, რადგან ისინი მარტივად შეიძლება შეშინდნენ. ეს მღრღნელები ძალიან იშვიათად იკბინებიან, მაშინაც კი, როცა შეშფოთებულები არიან. თუ თქვენთვის ან თქვენი შვილებისთვის ახალ შინაურ ცხოველად ზღვის გოჭს განიხილავთ, აქ არის რამდენიმე ძირითადი მოვლის წესი და აღჭურვილობის ჩამონათვალი, რომელიც დაგეხმარებათ ამ გზის მარტივად გავლაში.

ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘ ᲖᲦᲕᲘᲡ ᲒᲝᲭᲘ ᲣᲜᲓᲐ ᲕᲘᲧᲝᲚᲘᲝᲗ?

  ზღვის გოჭები, კურდღლების მსგავსად, ცხოვრობენ ველურ ბუნებაში, დიდ გაფართოებულ ოჯახურ ჯგუფებში, აქედან გამომდინარე არ არის სასურველი მათი მარტო გაზრდა. ამ ცხოველების ერთი სქესის წყვილი ან მცირე ჯგუფები ერთად ბედნიერად ცხოვრობენ (ისევ კურდღლების მსგავსად, ისინი ნაყოფიერი ცხოველები არიან, ამიტომ არ უნდა იყვნენ მამრ/დედრ წყვილებში, თუ არ აპირებთ მათ გამრავლებას). როგორც წესი, რეკომენდებულია ზღვის გოჭების ერთმანეთისთვის პატარა ასაკში გაცნობა და მათი ერთად ცხოვრების უზრუნველყოფა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ადრე გავრცელებული პრაქტიკა იყო შინაური კურდღლებისა და ზღვის გოჭების ერთად ყოლა, ან ერთი კურდღლის ყოლა ერთ ზღვის გოჭთან ერთად. ეს კარგი იდეა აღარ არის, რადგან სხვადასხვა სახეობას განსხვავებული კვების და მოვლის მოთხოვნები აქვს და, ამავდროულად, მათ ერთმანეთთან ჩხუბი შეუძლიათ.

ᲖᲦᲕᲘᲡ ᲒᲝᲭᲘᲡ ᲡᲐᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲔᲚᲘ

  ზღვის გოჭები ბედნიერად ცხოვრობენ ქოხში, გარეთ გასაშვები ბილიკით, რაც ხელს უწყობს მათ მოძრაობას და აქტიურობას. ფიცრისა და მავთულისგან დამზადებული ხელნაკეთი ბილიკი უნდა იყოს საკმარისად მსუბუქი, რომ ადვილად ასწიოთ და გადააადგილოთ ხოლმე ბაღში. ამით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენი მღრღნელის მიერ რაიმე კონკრეტული ადგილის გადაჭარბებული ძოვა. ზღვის გოჭები მგრძნობიარეები არიან ცივი ამინდის მიმართ, ამიტომ ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში თქვენ უნდა უზრუნველყოთ თქვენი ზღვის გოჭების ქოხის ფარდულში, ავტოფარეხში ან გარე შენობაში გადაადგილება. ქოხის ძირი, უნდა იყოს მიწიდან აწეული, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჰაერის კარგი მიმოქცევა და ტენიანობის თავიდან აცილება, ეს ასევე კარგი გზაა მელიებისა და მტაცებლებისგან დასაცავად. ბოლო ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში გაიზარდა “სახლის კურდღლის” ფენომენი, რომელიც სახლში ცხოვრობს ისე, როგორც შინაური კატა ან ძაღლი. ეს ტენდენცია უკვე ზღვის გოჭებშიც იზრდება. არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც თქვენი ზღვის გოჭები ვერ იცხოვრებენ ბედნიერად თქვენს სახლში, რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ ისინი საკმარისად ივარჯიშებენ და, თუ შესაძლებელია, რეგულარულად ითამაშებენ გარეთ ბალახზე.

ᲙᲕᲔᲑᲐ

  ზღვის გოჭები ვეგეტარიანელები არიან – ველურ ბუნებაში მათი ბუნებრივი საკვები ბალახია, შესაბამისად, მათ ბაღში ბალახის ძოვაც აკმაყოფილებთ. ამ მიზეზის გამო მნიშვნელოვანია, რომ არ დაამუშავოთ თქვენი გაზონი პესტიციდებით ან სხვა ნივთიერებებით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ავადმყოფობა და ჯანმრთელობის პრობლემების წარმოშობა. სხვა ცხოველების მსგავსად, რომლებიც საკვებს ძოვენ, ზღვის გოჭების საჭმლის მომნელებელი სისტემა მუდმივად მუშაობს და არა – ციკლურად. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ბალახი ან რბილი თივა მუდმივად ხელმისაწვდომი იყოს თქვენი მღრღნელებისთვის, როგორც მათ ბილიკზე, ასევე – ქოხში. ბალახთან და თივასთან ერთად, თქვენ ასევე დაგჭირდებათ ზღვის გოჭის სპეციალური შერეული დიეტის საკვები ზღვის გოჭის თხილეულით/გრანულებით. ამ ცხოველებს ასევე ძალიან სიამოვნებთ ბროკოლის, ხვეული კომბოსტოს სალათის ფოთოლის და სხვა მწვანე ბოსტნეულის მირთმევა. იზრუნეთ იმაზე, რომ ზედმეტი სასუსნავი და საჭმელი არ აჭამოთ თქვენს ზღვის გოჭს, რადგან მისი საჭმლის მომნელებელი სისტემა ძალიან მგრძნობიარეა და მნიშვნელოვანია, რომ მოერიდოთ მათ კუჭის გაღიზიანებას.

ᲡᲐᲮᲚᲨᲘ ᲛᲝᲧᲕᲐᲜᲐ ᲓᲐ ᲗᲐᲛᲐᲨᲘ

  ზღვის გოჭები, როგორც წესი, ნერვიულობენ ახალ ადამიანებთან შეხვედრისას, ამიტომ, როდესაც მათ პირველად სახლში მიიყვანთ, სანამ შეეცდებით მათ ხელში აყვანას და მათთან თამაშს, მიეცით დრო, რომ დასახლდნენ თავიანთ ქოხში და შეეგუონ ახალ გარემოს. ეს ცხოველები დროულად ამოიცნობენ თქვენს ხმას და შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი დაძახების შემდეგ, აღფრთოვანებულები გამოვარდებიან თქვენკენ. როგორც კი თქვენი ზღვის გოჭები გაგიცნობენ, შეგიძლიათ დაიწყოთ მათი შემოჩვევა მათ სახლში ხელის მოთავსებით და გვერდებზე და ზურგზე ნაზად მოფერების მცდელობით. არ გააკეთოთ უეცარი მოძრაობები ან არ გამოსცეთ ხმამაღალი ხმები, რადგან ზღვის გოჭები, ისევე როგორც მტაცებელი ცხოველების უმეტესობა, ადვილად ძრწის. როგორც კი თქვენს ზღვის გოჭს კმაყოფილებას შეატყობთ ხელის გადასმის შემდეგ, შეგიძლიათ სცადოთ მისი აყვანა. აწევისას ხელები მოაქციეთ მათი ტანის ქვეშ და იყავით ძალიან ნაზები. დაიჭირეთ თქვენი მღრღნელი თქვენს სხეულთან ახლოს, რათა თავიდან აიცილოთ ნებისმიერი სახის დავარდნა. ზღვის გოჭები თუ დიდი ხნის განმავლობაში დარჩებიან სტიმულაციის გარეშე, მათ შეუძლიათ ადვილად მოიწყინონ, ამიტომ სათამაშოები და ბილიკი ამ შინაურ ცხოველებს დაეხმარება გართობაში და გააადვილებს მათ ერთმანეთთან თამაშს. ამ ცხოველებს ასევე უყვართ მილები, ყუთები და ბურთები, რომლებში  გავლა და დამალვა შეუძლიათ. მათი კბილების სიგრძის შემცირებისთვის მოსახერხებელია ზღვის გოჭებისთვის სპეციალურად შექმნილი საღრღნელი სათამაშოები, რომლებიც დამზადებულია უსაფრთხო საღეჭი ხისგან.

ᲡᲐᲭᲘᲠᲝ ᲐᲦᲭᲣᲠᲕᲘᲚᲝᲑᲐ

  სანამ თქვენს ზღვის გოჭს აარჩევთ და სახლში მიიყვანთ, დარწმუნდით, რომ ყველაფერი გაქვთ ამ აუცილებელი ნივთების სიიდან:

  • შესაფერისი ქოხი
  • მზა ნაყიდი ან სახლში გაკეთებული ბილიკი
  • მძიმე წონის საკვების თასი (გადატრიალების თავიდან ასაცილებლად)
  • რბილი თივა საძოვრად
  • ზღვის გოჭის საკვები მარცვლები
  • მინერალური ბლოკი ან ქვა
  • ზღვის გოჭის სპეციფიკური ვიტამინისა და პრობიოტიკური დანამატები
  • ხის ნახერხი ან სხვა შესაფერისი სუბსტრატი გალიისთვის
  • შესაფერისი სათამაშოები და ხის ბლოკები საღრღნელად
  • შინაური ცხოველებისთვის უსაფრთხო სადეზინფექციო საშუალება ქოხის გასაწმენდად
  • სავარცხელი გრძელთმიანი ზღვის გოჭებისთვის

  და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ზღვის გოჭები ცოცხლობენ ოთხიდან რვა წლამდე, ამიტომ დარწმუნდით, რომ მათზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეგიძლიათ ზრუნვა. ასწავლეთ თქვენს შვილებს მათი სწორი მოვლა, რათა თავიდან აიცილოთ შინაური ცხოველის ან ბავშვის დაზიანება ან შეშინება. არასოდეს დატოვოთ პატარა ბავშვები და ცხოველები ერთად ზედამხედველობის გარეშე.