კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲤᲠᲐᲜᲒᲣᲚᲘ ᲑᲣᲚᲓᲝᲒᲘ

ფრანგული ბულდოგები

  თუ თქვენ ეძებთ პატარა ზომის ძაღლს გამორჩეული თვისებებითა და ხასიათით, ფრანგული ბულდოგი შესაძლოა იდეალური ვარიანტი იყოს თქვენთვის. ეს ჯიში თავისი უზარმაზარი „ღამურის“ ყურებით, ჯმუხი სახითა და მხიარული ხასიათით მუდამ იქცევს ადამიანების ყურადღებას. იგი მეგობრული თანამგზავრი და შინაური ცხოველია და, ამავდროულად, იგი საჭიროებს მინიმალურ ვარჯიშს, რაც მას პოპულარულ არჩევანს ხდის ცხოველების მოყვარული ადამიანებისთვის როგორც ქალაქში, ასევე – ეზოიან სახლებში.

  ფრანგული ბულდოგი ბრაქიცეფალიური ჯიშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს მოკლე ცხვირი და ბრტყელი სახე. აღწერილობის მიხედვით იგი ძალიან ჰგავს პაგის ჯიშს, რომელიც ასევე ბრაქიცეფალურია, ამიტომ ფრანგულ ბულდოგებს შეიძლება ეს ძაღლები თავიანთ საგვარეულოში ჰყავდეთ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ პაგებს უფრო მომრგვალებული თავები აქვთ, “ფრანგების” თავები, მათი პატარა, კუნთოვანი სხეულებისთვის, კვადრატული და შედარებით დიდია. გარკვეული კუთხიდან, თქვენ შეიძლება ვერ შეამჩნიოთ ფრანგული ბულდოგის მოკლე კუდი, მაგრამ ის სავარაუდოდ უბრალოდ მათი მომრგვალებული ზურგის ბოლოს იმალება.

  “ფრანგები” შეიძლება პატარები არიან, მაგრამ ისინი, ამავდროულად, ძალიან გამძლეები არიან. მოზრდილების სიმაღლე 28-დან 33 სანტიმეტრამდე მერყეობს, ხოლო მათი წონა 12 კილოგრამამდეა. ამ ჯიშის მოკლე, მბზინავი ბეწვი სხვადასხვა ფერში გვხვდება, მათ შორის თეთრში, ყავისფერში, ნაცრისფერსა და შერეულ ფერებში. ზოგიერთ ფრანგს აქვს შავი სახის ნიღაბი, ზოგი კი მთლიანად ერთფეროვანია.

ᲤᲠᲐᲜᲒᲣᲚᲘ ᲑᲣᲚᲓᲝᲒᲘᲡ ᲮᲐᲡᲘᲐᲗᲘ

  ფრანგები არ შეესაბამებიან პატარა ძაღლების ტენდენციას და არ გამოირჩევიან ყეფით. ეს ძაღლი არის წყნარი ჯიში, რომელსაც უყვარს თამაში და ადამიანებთან ურთიერთობა. მათ ხშირად არეკლამებენ, როგორც “კალთის ძაღლებს” მათი ზომისა და სიმშვიდის გამო. ფრანგული ბულდოგებისთვის ხანმოკლე, რეგულარული გასეირნება საკმარისი ვარჯიშია თავიანთი ფორმის შესანარჩუნებლად.

  როგორც ყველა პატარა ჯიშის ძაღლს, ფრანგულ ბულდოგებსაც მარტივად შეუძლიათ თქვენზე გაბატონება, ამიტომ ყურადღებით იყავით, რომ არ მისცეთ მათ თქვენით მანიპულირების საშუალება. მთლიანობაში კი, ფრანგები ძალიან კარგი ხასიათის და მხიარულების მოყვარული ძაღლები არიან, რომლებსაც ძალიან უყვართ თამაში, თუმცა თვალყური ადევნეთ, რამდენად გართულებულად სუნთქავენ ფიზიკური აქტივობების დროს, რადგან მათ შეიძლება დაწოლა და ენერგიების აღდგენა დასჭირდეთ.

ᲘᲓᲔᲐᲚᲣᲠᲘ ᲒᲐᲠᲔᲛᲝ ᲤᲠᲐᲜᲒᲣᲚᲘ ᲑᲣᲚᲓᲝᲒᲘᲡᲗᲕᲘᲡ

  ფრანგული ბულდოგი ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიში გახდა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ისინი ქალაქისთვის იდეალური ძაღლები არიან. მათ მთელი დღე შეუძლიათ გაატარონ სამეზობლოში სეირნობაში ან მისაღები ოთახის დაზვერვაში.

  ბრტყელი სახისა და მრგვალი აღნაგობის გამო, ფრანგული ბულდოგები ვერ ეგუებიან სიცხეს, ამიტომ მათ ესაჭიროებათ ტემპერატურის კონტროლირებადი სახლი. მათ ასევე არ შეუძლიათ ცურვა, ამიტომ მოარიდეთ აუზებს ან წყლის ობიექტებს. უმეტესწილად, თქვენი ფრანგი ყველგან ბედნიერი იქნება, სადაც არ უნდა იყოთ. თქვენ შეგიძლიათ მათ კომფორტული ძაღლის საწოლი უყიდოთ, მაგრამ, ფრანგებს სავარაუდოდ ღამით თქვენთან ჩახუტება მოუნდებათ.


ᲘᲓᲔᲐᲚᲣᲠᲘ ᲞᲐᲢᲠᲝᲜᲘ ᲤᲠᲐᲜᲒᲣᲚᲘ ᲑᲣᲚᲓᲝᲒᲘᲡᲗᲕᲘᲡ


  ამ უსაყვარლეს “კალთის ძაღლებს” ოჯახთან დროის გატარებაზე, მათთან ჩახუტებაზე, თამაშსა და ძილზე მეტად არაფერი ურჩევნიათ, ამიტომ თუ თქვენც ისევე ძალიან გიყვართ სახლში ყოფნა და თქვენს კომფორტულ გარემოში დროის გატარება, ფრანგული ბულდოგი ალბათ იდეალური შინაური ცხოველია თქვენთვის, რასაც ვერ ვიტყვით აქტიურ და თავგადასავლების მაძიებელ ადამიანზე. ეს ჯიში შესაფერისია მათთვის ვინც ეძებს ტკბილ, კომფორტულ და ადამიანებისთვის სასიამოვნო კომპანიონს.

  მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული ბულდოგები არ არიან ძალიან ენერგიულები, მათ აქვთ ბევრი სხვა გამორჩეული თვისება, რომელთაგანაც ერთ–ერთი მათი სიჯიუტეა. ამ შემთხევაში ყველაზე კარგი გამოსავალი პოზიტიური განმტკიცების მეთოდის გამოყენებაა. ამით თქვენს ოთხფეხა მეგობარს ხელს შეუწყობთ, რომ გამოიმუშავოს კარგი მანერები.

ᲤᲠᲐᲜᲒᲣᲚᲘ ᲑᲣᲚᲓᲝᲒᲘᲡ ᲒᲐᲬᲕᲠᲗᲜᲐ

  ფრანგული ბულდოგების გაწვრთნა ადვილია. ამასთან ერთად, მათი თამაშისადმი სიყვარული თქვენთვის და თქვენი ძაღლისთვის ხრიკების სწავლებას ძალიან სახალისოს ხდის. ამ ჯიშს მიდრეკილება აქვს ჯიუტობისადმი, ასე რომ, ზოგჯერ შეიძლება თქვენმა ფრანგმა ვარჯიში შეწყვიტოს და უარი თქვას ნაბიჯის გადადგმაზეც კი. ასეთ რთულ მომენტებში შეიძლება დაგეხმაროთ თქვენი ძაღლისთვის კომფორტული აღჭურვილობის არჩევა ან მისთვის ისეთი საბმელის გაკეთება, რომელსაც იგი უკვე მიჩვეულია. ეს მას ასევე დაეხმარება, რომ თავდაჯერებულად იგრძნოს თავი. მოერიდეთ გადამეტებული მზრუნველობის გამოჩენას, განსაკუთრებით ლეკვობის პერიოდში, როცა ისინი იმენად საყვარლები არიან, რომ რთულია მათი არ განებივრება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ფრანგული ბულდოგისთვის, ისევე როგორც ყველა ძაღლისთვის, აუცილებელია სისტემატიური ვარჯიში, ამიტომ ისინი დააჯილდოვეთ მხოლოდ მაშინ, როცა ამას იმსახურებენ.

  როგორც ყველა სხვა ძაღლის შემთხვევაში, ფრანგული ბულდოგის სოციალიზაცია მათი განვითარების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ისინი სიამოვნებით თამაშობენ სხვა ფრანგებთან ერთად, მათ უბრალოდ ცოტა უხეში თამაში უყვართ. ყურადღებით ადევნეთ თვალი იმას, თუ რამდენად დაღლილები ან აღელვებულნი არიან ისინი, რადგან მათ ზედმეტი დატვირთვის შემდეგ შეიძლება იწვალონ სუნთქვის აღდგენაზე.

ᲤᲠᲐᲜᲒᲣᲚᲘ ᲑᲣᲚᲓᲝᲒᲘᲡ ᲛᲝᲕᲚᲐ

  ფრანგულ ბულდოგებს აქვთ მოკლე, მინიმალური მოვლის საჭიროებების მქონე ბეწვი. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ძაღლი უბრალოდ გაწმინდოთ კვირაში ერთხელ სპეციალური რეზინის ხელთათმანით ისე, რომ მათ ბეწვს შეუნარჩუნოთ ბზინვარება და სისუფთავე. გაზაფხულსა და შემოდგომაზე, მათ შეიძლება დასჭირდეთ უფრო ხშირი დავარცხნა მკვდარი ბეწვის მოსაშორებლად. რეგულარულად დააჭერით ფრჩხილები და გაუხეხეთ კბილები თქვენს ფრანგულ ბულდოგს. და ბოლოს, კვირაში 2-3-ჯერ გაუწმინდეთ თქვენს ძაღლს სახის ნაკეცები, რათა თავიდან აიცილოთ ლაქები ან ბაქტერიული ინფექციები. გაწმინდეთ მათი ნაკეცები რბილი, ნესტიანი ქსოვილით და კარგად გაამშრალეთ.

ᲤᲠᲐᲜᲒᲣᲚᲘ ᲑᲣᲚᲓᲝᲒᲘᲡ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲐ

  მოკლე დრუნჩის მქონე სხვა ჯიშების მსგავსად, ფრანგული ბულდოგი მიდრეკილია სუნთქვის პრობლემებისკენ, რაც მოიცავს ხიხინს, ხვრინვას და ცხელ ამინდში დისკომფორტს. გადაჭარბებულმა კვებამ კი შეიძლება მათ სუნთქვა კიდევ უფრო გაურთულოს. სხვა პრობლემებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ფრანგების გულზე, ზურგსა და თვალებზე. საერთო ჯამში, ამ ჯიშს ჯანმრთელობის მხრივ საკმაოდ დიდი ყურადღება ესაჭიროება.

ᲤᲠᲐᲜᲒᲣᲚᲘ ᲑᲣᲚᲓᲝᲒᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ

  სახელი ნუ მოგატყუებთ, რადგან ფრანგულმა ბულდოგმა მოღვაწეობა 1800-იანი წლების ინგლისში დაიწყეს და მათ მჭიდრო კავშირში აქვთ სათამაშო ბულდოგებთან. როდესაც ნოტინჰემის მემაქმანეები სამუშაოდ წავიდნენ საფრანგეთში თავიანთი ძაღლებიც თან წაიყვანეს. იქ ისინი შეაჯვარეს სხვა ხარის სატყუარა ძაღლებთან, რათა მათ გამოჰკვეთოდათ დიდი ვერტიკალური ყურები. ასეთი ყურები კი ფრანგმა ქალბატონებმა ძალიან მიმზიდველად მიიჩნიეს.