კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

10 ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲓᲘᲓᲘ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲯᲘᲨᲘ ᲝᲯᲐᲮᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

დიდი ძაღლის ჯიშები

  მსოფლიოში უამრავი ოჯახისათვის შესაფერისი დიდი ძაღლი არსებობს, თუმცა, არის რამდენიმე ჯიში, რომელიც დიდი ზომის გარდა ცნობილია თავისი ერთგული, მოსიყვარულე და ნაზი ქცევებით. ამ სტატიაში განვიხილავთ 10 დიდ ოჯახურ ძაღლის ჯიშს, რომლის გათვალისწინებაც შეგიძლიათ, თუ თქვენ სწორედ ასეთ შინაურ ცხოველს ეძებთ.

რჩევა: მიუხედავად ჯიშისა, ყველა ძაღლი ინდივიდუალურია, ამიტომ სათანადო წვრთნა და სოციალიზაცია ყველა ძაღლისათვის საჭიროა იმისათვის, რომ ნებისმიერმა მათგანმა შეინარჩუნოს გაწონასწორებული, რბილი ხასიათი და ქცევა. ყველა ბავშვს უნდა ასწავლოს ოჯახმა ძაღლის და მისი პირადი სივრცის პატივისცემა. ზედმეტად აღგზნებულმა ან უხეშმა ბავშვმა ყველაზე მომთმენი და ტოლერანტული ძაღლიც კი  შეიძლება მწყობრიდან გამოიყვანოს.

ᲚᲐᲑᲠᲐᲓᲝᲠ ᲠᲔᲢᲠᲘᲕᲔᲠᲘ

  სიდიდის გარდა, ლაბრადორ რეტრივერს უამრავი დადებითი თვისება აქვს მისი ტკბილი, მოსიყვარულე ხასიათით დაწყებული, დაუსრულებელი ენთუზიაზმით დამთავრებული. ეს ძაღლი ყოველწლიურად ახერხებს, რომ შეერთებული შტატების ფავორიტი ჯიში იყოს. იგი ცნობილია თავისი ინტელექტითა და კარგი ტემპერამენტით. მიუხედავად იმისა, რომ ლაბრადორ რეტრივერები თავდაპირველად გამოიყვანეს, როგორც მონადირე ძაღლები, ისინი ადამიანებისთვის შესანიშნავი კომპანიონები არიან და, ამავდროულად, სხვა ჯიშებთან შედარებით მათი გაწვრთნა და ვარჯიში ბევრად მარტივია. სწორედ ამიტომ ისინი მუშაობენ უსინათლოთა მომსახურე ძაღლებად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასახმარებლად, თერაპიულ ძაღლებად და სამძებრო-სამაშველო სამუშაოებზე.


ᲒᲔᲠᲛᲐᲜᲣᲚᲘ ᲜᲐᲒᲐᲖᲘ

  გერმანული ნაგაზები დიდი ხანია მსახურობენ ნადირობისა და მწყემსების ძაღლებად გერმანიაში. მათ ხშირად წვრთნიან, როგორც მომუშავე ძაღლებს, აქედან გამომდინარე, ეს ჯიში მუშაობს პოლიციასთან, სამძებრო-სამაშველო სამსახურთან და სამხედროებთან მათი ინტელექტისა და შრომისმოყვარე თვისებების გამო. როდესაც საქმე ეხება ოჯახისთვის ძაღლის არჩევას, გერმანული ნაგაზი წარმოუდგენლად ლოიალური და მოსიყვარულეა, რაც მას სრულყოფილ არჩევანს ხდის აქტიური ოჯახისთვის.

ᲒᲝᲚᲓᲔᲜ ᲠᲔᲢᲠᲘᲕᲔᲠᲘ

  გოლდენ რეტრივერი ფილმებსა და ტელევიზიაში ნაჩვენებია, როგორც მთავარი ოჯახის ძაღლი, რასაც ნახავთ 90-იანი წლების “Full House” სიტკომში, ფილმში “Air Bud” და ა.შ. ეს ჯიში ცნობილია თავისი ტკბილი, მოსიყვარულე ხასიათით, მოთმინებითა და ინტელექტით. გოლდენ რეტრივერები კიდევ ერთი საუკეთესო არჩევანია საძიებო-სამაშველო, თერაპიული ან კომფორტის ძაღლებისთვის.

ᲑᲔᲠᲜᲣᲚᲘ ᲖᲔᲜᲔᲜᲰᲣᲜᲓᲘ 

  ეს შვეიცარული ჯიში სიცოცხლეს გარისკავდა საფრთხეში ჩავარდნილი ადამიანების გადასარჩენად. ბერნულ ზენენჰუნდს საოცარი დამცველობითი ინსტინქტები აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი აგრესიულია. მიუხედავად მისი დიდი ზომისა, ეს ჯიში ძალიან ნაზია (განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებთან) და უყვარს ოჯახურ საქმიანობაში ჩართვა.

ᲑᲝᲥᲡᲘᲝᲠᲘ

  ბოქსიორები, მიუხედავად მათი მკაცრი სახელისა, წარმოუდგენლად ტკბილი და ყურადღების მოყვარული ძაღლები არიან. ბოქსიორები ძალიან კარგად რეაგირებენ ყურადღებაზე, მაგრამ ხანდახან ისინი შეიძლება ზედმეტად აღელდნენ, ამიტომ თუ მცირეწლოვანი ბავშვები გყავთ სახლში ან თუ თქვენი ბოქსიორი მიდრეკილია ადამიანებზე გადახტომისკენ, აუცილებლად გაწვრთენით იგი და ასწავლეთ კარგად მოქცევა. ეს ჯიში უმეტეს შემთხვევაში ძალიან კარგად ეწყობა ბავშვებს და აქვს ოჯახის დაცვის ძლიერი ინსტინქტი.

ᲐᲚᲐᲡᲙᲣᲠᲘ ᲛᲐᲚᲐᲛᲣᲢᲘ

  მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯიში თავდაპირველად გამოიყვანეს ძლიერ ნადირებზე (დათვებზე, სელაპებზე) სანადიროდ, დღევანდელი ალასკური მალამუტები სრულად მოშინაურებული, ნაზი გიგანტები არიან, რომლებიც შესანიშნავი კომპანიონები არიან აქტიური ოჯახებისთვის. ამ ჯიშს აქვს ძალიან მეგობრული ბუნება, ეს თვისება კი მათ უბიძგებს, რომ უცნობების უმეტესობა აღიქვას როგორც მეგობრები, და არა როგორც – მტრები. ამ მიზეზის გამო ისინი არც თუ ისე კარგი მცველი ძაღლები არიან.

ᲒᲝᲚᲓᲔᲜᲓᲣᲓᲚᲘ

  თუ გაწუხებთ ალერგია და, ამავდროულად, ძაღლის ყოლა გინდათ, თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ გოლდენდუდლის მოყვანაზე. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ძაღლი არ არის სრულად ჰიპოალერგიული, გოლდენდუდლები, თავიანთი პუდელის წარმომავლობის წყალობით, ახლოს არიან ამ მახასიათებელთან. ეს ჯიში, ამავდროულად, არის ძალიან საყვარელი, ინტელექტუალური, ათლეტური, და შესანიშნავად ეწყობა ბავშვებსა და სხვა შინაურ ცხოველებს.

ᲑᲐᲡᲔᲢᲘ

  ერთი შეხედვით ბასეტი შეიძლება არ ჩანდეს დიდი ძაღლის ჯიში, მაგრამ მისი საშუალო წონა ციმბირული ჰასკის, გოლდენ რეტრივერისა და გოლდენდუდლის რიგებს ეწევა. მიუხედავად იმისა, რომ ბასეტი შეიძლება ძალიან ჯიუტი იყოს, იგი ცნობილია თავისი ერთგულებითა და ოჯახის წევრებისადმი საოცარი თავდადებით. ეს ჯიში მოსიყვარულე და მომთმენია ბავშვებთან და სხვა შინაურ ცხოველებთანაც კი (თუ სათანადო სოციალიზაცია აქვს გავლილი). თუმცა უნდა მოემზადოთ ამ ძაღლის ცოტაოდენი გაწვრთნისა და ვარჯიშისთვის.

ᲒᲔᲠᲛᲐᲜᲣᲚᲘ ᲓᲝᲒᲘ

  მშვიდი და ერთგული გერმანული დოგი არის ძაღლების სამყაროს ნაზი გიგანტი. იგი 90 კილოგრამს იწონის, თუმცა არ მისცეთ უფლება ამ უზარმაზარ აღნაგობას შეცდომაში შეგიყვანოთ, რადგან ეს უდიდესი ძაღლი არის ძალიან მშვიდი, ხოლო ლეკვობიდან ზრდასრულ ასაკში გადასვლის შემდეგ, იგი დღეში მხოლოდ რამდენიმე გასეირნებას საჭიროებს. გერმანულ დოგებს უყვართ ბავშვები, თუმცა მათ ბავშვის გადაყირავება ერთი შეჯახებით შეუძლიათ.

ᲠᲝᲢᲕᲔᲘᲚᲔᲠᲘ

  როტვეილერები ხანდახან ცუდი რეპუტაციით გამოირჩევიან ხოლმე, მაგრამ ამ ჯიშს მხიარული და მოსიყვარულე მხარეც აქვს და, ამავდროულად, იგი შესანიშნავი ოჯახის ძაღლია, თუ უფროსი შვილები გყავთ. ეს ძაღლი პატარა ბავშვებს არ თუ ისე კარგად ეწყობა და შესაძლოა ისინი წააქციოს კიდეც. ბევრი ჯიშის მსგავსად, როტვეილერი თავდაპირველად საქონლის მწყემსვისთვის გამოიყვანეს, მათი მყარი და მოცულობითი სხეულის გამოყენებით პირუტყვისთვის ბიძგის მისაცემად და მათი სწორი მიმართულებით წასაყვანად. როტვეილერი ასევე შეიძლება იყოს ზედმეტად დამცველობითი თავისი ოჯახის ბავშვების მიმართ და ჩაერიოს, თუ ისინი სხვა ბავშვებთან ერთად უხეშად თამაშობენ, ან თუ ბავშვები მირბიან როტვეილერში შეიძლება გამოიღვიძოს თავისმა მტაცებლურმა ბუნებამ და მათ დაედევნოს.

ᲯᲘᲨᲔᲑᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲗᲐᲪ ᲣᲜᲓᲐ ᲔᲠᲘᲓᲝᲗ

  აუცილებელია ბავშვებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ მოიქცნენ ძაღლების გარშემო. თუმცა, თუ თქვენი შვილების მოთვინიერება უფრო რთულია, ვიდრე ძაღლის, მაშინ არსებობს რამდენიმე ჯიში, რომლთა მოყვანასაც თავი უნდა აარიდოთ. ესენი არიან: აკიტები, ჩაუ–ჩაუები და ჰასკები. ეს ძაღლები, სავარაუდოდ, არ მოუთმენენ ბავშვებს ისეთ საქციელებს, როგორიცაა ზედ დახტომა, თმის მოქაჩვა, სირბილი, ყვირილი და ა.შ. ასევე, არსებობს ზოგიერთი პატარა ძაღლის ჯიში, რომელსაც შესაძლოა ასევე არ სურდეს პატარა ადამიანების მიერ გამოწვევა და მათი სიცელქის ატანა. ეს ჯიშები მოიცავს ჩიხუახუას, პეკინესს და შიჰ ძუს.