კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲙᲐᲜᲔ ᲙᲝᲠᲡᲝ

შავი კანე კორსო

  კანე კორსო არის ძლიერი მომუშავე ძაღლი თავისი კეთილშობილური და თავდაჯერებული განწყობით. მისი წარმომავლობა ძველი რომიდან იღებს სათავეს. ეს უშიშარი და ფხიზელი ძაღლი ყველასთვის შესაფერისი არ არის, რადგან კანე კორსოების სიძლიერე შეიძლება ზოგისთვის შემაშინებელი იყოს, თუმცა, ამ ნაზ გიგანტებს შესანიშნავი კომპანიონობის გაწევა შეუძლიათ. მათთვის, ვისაც მოსწონს დიდი, ძლიერი და მცველი ძაღლები, კანე კორსო შესანიშნავი ვარიანტია ამისთვის.

ᲙᲐᲜᲔ ᲙᲝᲠᲡᲝᲡ ᲛᲐᲮᲐᲡᲘᲐᲗᲔᲑᲚᲔᲑᲘ

  მიუხედავად კანე კორსოს ინტენსიური და დაკუნთული გარეგნობისა, რომელიც ზოგისთვსი შეიძლება შემაშინებელი იყოს, ეს ძაღლი უმეტეს შემთხვევაში მოსიყვარულე და ნაზია. ეს ჯიში ღრმა კავშირს ამყარებს თავის ოჯახთან და შესანიშნავად ირგებს მცველის როლს. სათანადო გაწვრთნისა და სოციალიზაციის შემთხვევაში, კანე კორსო კარგად ეწყობა ბავშვებს და მჭიდრო კავშირისაც აყალიბებს მათთან. თუმცა, ბავშვებს ასევე უნდა ასწავლოთ, თუ როგორ მოიქცნენ ძაღლების გვერდით და არასოდეს არ უნდა დატოვოთ ისინი ზედამხედველობის გარეშე.

ᲙᲐᲜᲔ ᲙᲝᲠᲡᲝᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ

  კანე კორსო წარმოიშვა იტალიაში და შესაძლოა, რომ იგი უძველეს დროშიც არსებობდა. მოლოსი, ამჟამად გადაშენებული მასტიფის ტიპის ძაღლი, კანე კორსოს და მსგავსი მასტიფის ტიპის ძაღლების წინაპარია. თავისი ადრეული ისტორიის განმავლობაში, კანე კორსო მოღვაწეობდა, როგორც მცველი ძაღლი, ომის ძაღლი და გამოცდილი მონადირე სხვადასხვა ნადირობაზე. მისი სახელი მომდინარეობს იტალიური სიტყვიდან ძაღლი – cane და ლათინური ტერმინიდან – cohors, რაც ნიშნავს “მფარველს” ან “მცველს”.

  კანე კორსოს ჯიშის მნიშვნელოვნად შემცირება გამოიწვია I და II მსოფლიო ომებმა, მაგრამ ძაღლების მცირე რაოდენობა მაინც არსებობდა. 1970-იან წლებში კანე კორსოების თაყვანისმცემლებმა ეს ჯიში კვლავ ააღორძინეს.



ᲙᲐᲜᲔ ᲙᲝᲠᲡᲝᲡ ᲛᲝᲕᲚᲐ

  ვარჯიში და გაწვრთნა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია კანე კორსოსთვის და, საბედნიეროდ, მას მინიმალური მოვლის საჭიროებები გააჩნია. გარეთ გაშვებისას კანე კორსოს სჭირდება მტკიცე, მაღალი ღობე. ამ ჯიშს აქვს მტაცებლობლური ბუნება და მიდრეკილია პატარა ცხოველების დევნისა და მკვლელობისკენ, როგორებიცაა კატები და სხვა ძაღლები. ისინი მესაკუთრეები არიან, ამიტომ მკაცრად იცავენ გალავნის ხაზს და პატრონის ქონებას გამვლელებისგან.

ᲙᲐᲜᲔ ᲙᲝᲠᲡᲝᲡ ᲕᲐᲠᲯᲘᲨᲘ

  კანე კორსო, როგორც ნამდვილი მომუშავე ჯიში, აქტიური და მოძრავია. ყოველდღიური ვარჯიში ხელს შეუწყობს კანე კორსოს ფიზიკური და გონებრივი ფორმის შენარჩუნებას. კარგი დასაწყისია სწრაფი სიარული ან სირბილი მინიმუმ 1,5 კილომეტრ მანძილზე, ამიტომ დღეში სულ ცოტა 30 წუთი მაინც დაუთმეთ თქვენს ოთხფეხა მეგობრათან ერთად ვარჯიშს. თქვენ სავარჯიშოდ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ბურთით ან ფრისბით თამაში. ბევრი ძაღლი ბურთის დევნაში სიამოვნებით ატარებს საკმაოდ დიდ დროს.

  მნიშვნელოვანია, რომ ბეტონზე არ იმოძრაოთ დიდ მანძილზე მანამ, სანამ თქვენი ძაღლი სრულად არ გაიზრდება, ამას კი, ისეთი გიგანტური ძაღლისთვის, როგორიც კანე კორსოა, შეიძლება ორი წელი დასჭირდეს. სანამ ლეკვი ზრდის პროცესშია მოერიდეთ ინტენსიურ ვარჯიშებს, რადგან თქვენს კანე კორსოს შეიძლება სახსრები დაუზიანდეს. საბმელის გამოყენების დროს მოქცევის მანერების, ძირითადი ბრძანებებისა და ბალახზე ვარჯიშის სწავლება საუკეთესო ვარჯიში იქნება ლეკვი კანე კორსოსთვის.

  თუ კანე კორსოს არ დატვირთავთ ფიზიკურად, მან ეს შეიძლება თავისით მოახრერხოს და სხვადასხვა გასართობი მონახოს: გათხაროს ორმოები ან დაღეჭოს თქვენი ნივთები. ძველი გამოთქმა „დაღლილი ძაღლი კარგი ძაღლია“ სავსებით შეეფერება ამ ჯიშს. თუ ფერმა გაქვთ, კანე კორსოს პირუტყვის მწყემსვაც შეუძლია. თუ ბიზნესი გაქვთ, თქვენი ოთხფეხა მეგობარი შეგიძლიათ გამოიყენოთ კლიენტების მისასალმებლად, მაგრამ თუ უფრო ტიპიური სახლის მეპატრონე ხართ, ყოველ დღე ავარჯიშეთ თქვენი ძაღლი, ასწავლეთ სხვადასხვა ილეთი ან გააკეთებინეთ მორჩილების სავარჯიშოები.

ᲙᲐᲜᲔ ᲙᲝᲠᲡᲝᲡ ᲒᲠᲣᲛᲘᲜᲒᲘ

  კანე კორსოს აქვს მოკლე, უხეში ორმაგი ბეწვი. ბეწვის ქვედა ფენის სიგრძე დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ცხოვრობს ძაღლი. ცივ კლიმატში ამ ძაღლებს უფრო სქელი და გრძელი თმა აქვთ, ვიდრე ზომიერ კლიმატში. სხვა ორმაგ ბეწვიანი ჯიშების მსგავსად, კანე კორსოს მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ სცვივა ბეწვი, მაგრამ გაზაფხულზე უფრო ძლიერად. და მაინც, ამ ძაღლებს გააჩნიათ ელემენტარული მოვლის საჭიროებები – მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ყოველკვირეული დავარცხნა, დამატებითი მოვლის სესიებით ბეწვის ცვენის სეზონზე, და საჭიროების შემთხვევაში დაბანა. ეს არის ყველაფერი, რაც კანე კორსოს ზოგადად ესაჭიროება.

  სხვა დიდი ძაღლების მსგავსად, კანე კორსოს ფრჩხილები შეიძლება ბუნებრივად დაცვთეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ძაღლი ხშირად დადის ტროტუარზე ან სხვა უხეშ ზედაპირებზე, თუმცა, შეიძლება საჭირო გახდეს ფრჩხილების დროდადრო მოჭრა. რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი ძაღლის ფრჩხილების სიგრძე, რათა ის მუდამ გრძნობდეს თავს კომფორტულად და არ შეეშალოს ხელი მოძრაობაში.

  კანე კორსოს ყურები ხშირად მოჭრილია ტოლგვერდა სამკუთხედად, მაგრამ ეს ჯიშის სტანდარტის მიხედვით არ არის აუცილებელი.


ᲙᲐᲜᲔ ᲙᲝᲠᲡᲝᲡ ᲒᲐᲬᲕᲠᲗᲜᲐ

  სათანადო წვრთნა და სოციალიზაცია აუცილებელია ყველა ძაღლისთვის, მაგრამ განსაკუთრებით დიდი ჯიშებისთვის, როგორიცაა კანე კორსო. ვარჯიში მას დააწყებინეთ პატარა ასაკიდანვე. თუ თქვენს სახლში სხვა ძაღლები და კატები ცხოვრობენ აუცილებლად ხშირად შეახვედრეთ ისინი ერთმანეთს, ასევე გააცანით თქვენი ოთხფეხა მეგობარი ბავშვებს, უცხო ადამიანებს და ოჯახის ფართო წევრებს. ყოველთვის ადევნეთ თვალი ძაღლს ახალ ცხოველებთან ან ადამიანებთან შეხვედრისას და აუცილებლად გეჭიროთ ძაღლი საბელით, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლოთ მისი კონტროლი.

  უცხო ადამიანების მიმართ ბუნებრივი აგრესიისა და მესაკუთრეობისკენ მიდრეკილების გამო, თქვენ უნდა იყოთ გულმოდგინე და თანმიმდევრული კანე კორსოს ვარჯიშის დროს. ასეთი მიდგომა ასევე გადამწყვეტია ძაღლის გიგანტური ზომის გამო, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ხტუნვის, დახრისა და საბმელის გამოწევის თავიდან აცილებას. თქვენს კანე კორსოს ადვილად შეუძლია ვინმეს თავს დაესხას, თუ ის მისკენ გაექანება ან მის საბელს მკვეთრად გააქნევს. კანე კორსო ინტელექტუალური და შრომისმოყვარეა, ამიტომ ამ ჯიშის გაწვრთნა არ უნდა იყოს რთული. მას ბუნებრივი სურვილი აქვს, რომ თავის მფლობელს მოეწონოს და ძალიან კარგად რეაგირებს დადებითი განმტკიცების ისეთ მეთოდებზე, როგორებიცაა ქება და ყურადღებისა და სიყვარულის გამოხატვა.

  მკაცრი სავარჯიშო ტაქტიკის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ეს ზიანს აყენებს თქვენს ძაღლთან კავშირს და ამან შეიძლება გამოიწვიოს შიშზე დაფუძნებული აგრესია, რაც საფრთხის შემცველია ამ ზომისა და ძალის ძაღლებში. გაწვრთნის ისეთი პოზიტიური მეთოდი, როგორიცაა დაწკაპუნების ვარჯიში (ძაღლის სასურველ ან კარგ საქციელზე რეაგირების მოსახდენად სპეციალური მოწყობილობით დაწკაპუნება) ბევრად უფრო წარმატებული იქნება ამ ძაღლის კარგი ყოფაქცევის გიგანტად გადაქცევისთვის.

ᲙᲐᲜᲔ ᲙᲝᲠᲡᲝᲡ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲝ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲔᲑᲘ

  კანე კორსოს ჯიშში შეიძლება შევხვდეთ ზოგიერთ მემკვიდრულ დაავადებას. ესენია:

  • ბარძაყის დისპლაზია: ეს არის მემკვიდრეობითი მდგომარეობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კოჭლობა და ართრიტი. ეს განსაკუთრებით ხშირია ძაღლების დიდ ან გიგანტურ ჯიშებში.
  • კუჭის დილატაცია-ვოლვულუსი: იწვევს შებერილობას ჭამის და დალევის შემდეგ. 
  • ექტროპიონი: გავრცელებული მდგომარეობა, რომლის დროსაც ქუთუთოები შიგნით ტრიალებს, რის შედეგადაც წამწამები ძაღლის თვალის გუგას ეხება. ეს მტკივნეულია და შეიძლება დააზიანოს თვალი. ნებისმიერ ძაღლს შეიძლება ჰქონდეს ეს მდგომარეობა, მაგრამ ეს უფრო ხშირია გიგანტურ ჯიშებში.

ᲙᲐᲜᲔ ᲙᲝᲠᲡᲝᲡ ᲙᲕᲔᲑᲐ

  სანამ კანე კორსო ზრდის პროცესშია, მნიშვნელოვანია, რომ მან მიიღოს სწორი რაოდენობის და ტიპის საკვები. გადაჭარბებულმა კვებამ ან არასათანადო დიეტამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდის მნიშვნელოვანი და მტკივნეული პრობლემები გიგანტური ჯიშის ძაღლების ძვლების განვითარებაში. მაგალითად, ლეკვების ზოგიერთ დიეტას ზედმეტად მაღალი კალციუმის შემცველობა აქვს, ხოლო სანამ გიგანტური ჯიშის ძაღლების ძვლები იზრდება, ისინი უკიდურესად მგრძნობიარენი არიან კალციუმის მიმართ, იქნება ეს გადაჭარბებული, თუ ზედმეტად დაბალი რაოდენობით. ასევე არსებობს გარკვეული მინერალების სპეციფიკური თანაფარდობა, როგორიცაა კალციუმი და ფოსფორი, რომლებიც საჭიროა ძვლის ოპტიმალური ზრდისთვის. დიდი ან გიგანტური ჯიშის ლეკვისთვის განკუთვნილი ლეკვის საკვების გამოყენება დაგეხმარებათ ამ პრობლემების თავიდან აცილებაში.

  საკვების რაოდენობა, რომელიც ყოველდღიურად დასჭირდება თქვენს ზრდასრულ კანე კორსოს, დამოკიდებული იქნება საკვების ტიპზე, რომელსაც თქვენს ოთხფეხა მეგობარს აძლევთ. ზოგადად, რეკომენდებულია მაღალი ხარისხის დიდი ან გიგანტური ჯიშის ზრდასრული ძაღლის საკვების გამოყენება. მარცვლეულის გარეშე საკვებსა და გულის პრობლემებს შორის არსებული კავშირის გამო, ვეტერინარების უმეტესობის მიერ რეკომენდებულია დიეტა, რომელიც შეიცავს მარცვლეულს. თქვენი ვეტერინარი შესანიშნავი წყაროა საკვების შესაბამისი ტიპისა და რაოდენობის შესახებ რეკომენდაციებისთვის.

  უმჯობესია, რომ ძაღლის საჭმელი დაყოთ დღეში ორ კვებად, რათა შემცირდეს შებერილობისა და კუჭის პრობლემების რისკი. დარწმუნდით, რომ თქვენი ძაღლი არ იმატებს ჭარბ წონას, ხოლო თუ კი შენიშნავთ წონის მატებას, ჰკითხეთ თქვენს ვეტერინარს, გჭირდებათ თუ არა კვების გრაფიკის, რაოდენობის, საკვების ტიპის ან ვარჯიშის რუტინის შეცვლა. და მიუხედავად იმისა, რომ სასუსნავები თქვენი ძაღლის დაჯილდოების სასიამოვნო საშუალებაა, დარწმუნდით, რომ ისინი თქვენი ძაღლის ყოველდღიური კალორიების მხოლოდ ძალიან მცირე პროცენტს შეადგენენ.