კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

10 ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲯᲘᲨᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲡᲐᲪ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲜᲐᲙᲚᲔᲑᲐᲓ ᲡᲪᲕᲘᲕᲐ ᲑᲔᲬᲕᲘ

ბიჩონ ფრიზი

  მიუხედავად იმისა, რომ ბეწვს ყველა ძაღლი იცვლის, არსებობს ჯიშები, რომლებსაც ბეწვი უფრო ნაკლები რაოდენობით სცვივათ, ვიდრე დანარჩენებს.  ასეთი ძაღლების უმეტესობას აქვს გრძელი ბეწვის ტიპი და ეს ხშირად ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ სპეციალური მოვლის საჭიროებები, როგორიცაა რეგულარული თმის შეჭრა.

  თუ თქვენ ეძებთ ძაღლს ნაკლები თმის ცვენით, აქ არის ჩამოთვლილი 10 შესანიშნავი ძაღლის ჯიში,რომელიც აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს.

რჩევა: ნაკლები თმის ცვენის მქონე ძაღლს მაინც შეუძლია ალერგიის გამოწვევა. ბევრი ადამიანი ალერგიულია ძაღლის ქერტლის ან ნერწყვის მიმართ, მათ კი ყველა ძაღლი ავრცელებს თავიანთ გარემოში.


ᲐᲕᲦᲐᲜᲣᲠᲘ ᲛᲬᲔᲕᲐᲠᲘ

  ავღანური მწევარი ცნობილია თავისი მომხიბვლელი კულულებით. ეს გრძელი, აბრეშუმისებრი თმა დიდ ყურადღებას მოითხოვს მისი სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. ყოველდღიური დავარცხნა აუცილებელია ჭუჭყის მოსაშორებლად და აბურდული თმის თავიდან ასაცილებლად. თქვენი ავღანური მწევარი ასევე უნდა დაბანოთ შამპუნით და, საჭიროებისამებრ, კონდიციონერით. ზოგიერთი პატრონი თავის ძაღლს სისტემატიურად ჭრის ბეწვს მოკლე სიგრძეზე, რათა მას ნაკლები მოვლა დასჭირდეს.

ᲯᲘᲨᲘᲡ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

ჯგუფი: მონადირე ძაღლი

სიმაღლე: 63-დან 68 სანტიმეტრამდე

წონა: 22-დან 27 კილოგრამამდე

ბეწვის ტიპი და ფერი: სქელი, აბრეშუმისებრი ბეწვი; ფერებში შედის შავი, ლურჯი, ვერცხლისფერი და სხვა

სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-დან 18 წლამდე


ᲑᲔᲓᲚᲘᲜᲒᲢᲝᲜ ᲢᲔᲠᲘᲔᲠᲘ

  ბედლინგტონ ტერიერის ცხვრის მსგავსი გარეგნობა შეესაბამება მის ნაზ ბუნებას. ამ ძაღლს აქვს უნიკალური ბეწვი, რომელიც მოიცავს როგორც რბილ, ასევე უხეშ თმას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯიშს ბეწვი თითქმის არ სცვივა, ის მაინც სწრაფად იზრდება და ხშირად საჭიროებს შეჭრას. ბედლინგტონ ტერიერის დავარცხნა რეკომენდირებულია კვირაში ორჯერ, რათა თავიდან აიცილოთ ჩახლართული და აწეწილი თმა.

ᲯᲘᲨᲘᲡ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

ჯგუფი: ტერიერი

სიმაღლე: 38-დან 44 სანტიმეტრამდე

წონა: 7-დან 12 კილოგრამამდე

ბეწვის ტიპი და ფერი: ხვეული ბეწვი; ფერებში შედის ლურჯი, მუქი მოწითალო და სხვა

სიცოცხლის ხანგრძლივობა: 11-დან 16 წლამდე

ᲑᲘᲩᲝᲜ ᲤᲠᲘᲖᲘ

  ბიჩონ ფრიზი მხიარული და მეგობრული ხასიათის მქონე ძაღლია. მას თმის შეჭრა, ისევე როგორც რეგულარული დაბანა, სჭირდება დაახლოებით ოთხიდან ექვს კვირაში ერთხელ, რათა თავისი თეთრი ბეწვი მუდმივად სუფთა იყოს. ამ ჯიშის ძაღლი უნდა დავარცხნოთ კვირაში რამდენჯერმე, არა თუ ყოველდღიურად, რათა თავიდან აიცილოთ ფხვიერი და ჩახვეული თმა.

ᲯᲘᲨᲘᲡ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

ჯგუფი: არასპორტული

სიმაღლე: 22-დან 30 სანტიმეტრამდე

წონა: 5-დან 8 კილოგრამამდე

ბეწვის ტიპი და ფერი: რბილი, სქელი ბეწვი; ფერებში შედის თეთრი, მოთეთრო გარგრისფერი და მოთეთრო კრემისფერი

სიცოცხლის ხანგრძლივობა: 14-დან 15 წლამდე

ᲑᲝᲡᲢᲝᲜ–ᲢᲔᲠᲘᲔᲠᲘ

  ბოსტონის ტერიერი, როგორც წესი, ენერგიული და მეგობრული ძაღლია. მისი მოკლე და გლუვი ბეწვი ძალიან ცოტა რაოდენობით ცვივა, თუმცა ცვენა შედარებით ძლიერდება სეზონურად, წელიწადში დაახლოებით ორჯერ. ყოველკვირეული დავარცხნა რბილი ჯაგარით ან სპეციალური გრუმინგის ხელთათმანით დაგეხმარებათ ზედმეტი თმის მოცილებაში და ჯანსაღი ბეწვის შენარჩუნებაში.

ᲯᲘᲨᲘᲡ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

ჯგუფი: არასპორტული

სიმაღლე: 38-დან 43 სანტიმეტრამდე

წონა: 5-დან 11 კილოგრამამდე

ბეწვის ტიპი და ფერი: გლუვი ბეწვი; ფერებში შედის შავი და თეთრი, თეთრი და სხვა

სიცოცხლის ხანგრძლივობა: 11-დან 13 წლამდე

ᲚᲐᲡᲐ ᲐᲤᲡᲝ

  ლასა აფსო, ზოგადად, მხიარული და მოსიყვარულეა თავისი ოჯახის მიმართ, თუმცა ამ ჯიშის ზოგიერთი ძაღლი უცნობებთან უკარება და დისტანციურია. მისი ბეწვი შეიძლება შეჭრილი იყოს გრძლად ან მოკლედ, შესაბამისად, გრძელ თმას დავარცხნა და რეგულარული დაბანა კვირაში რამდენჯერმე ესაჭიროება, ხოლო მოკლე თმას კვირაში ერთხელ ან ორჯერ, შეჭრა კი –  სისტემატიურად.

ᲯᲘᲨᲘᲡ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

ჯგუფი: არასპორტული

სიმაღლე: 25-დან 28 სანტიმეტრამდე

წონა: 5-დან 8 კილოგრამამდე (მამრი); ოდნავ პატარა (მდედრი)

ბეწვის ტიპი და ფერი: გრძელი, ბრტყელი ბეწვი; ფერებში შედის შავი, კრემისფერი, წითელი და სხვა

სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-დან 15 წლამდე

ᲛᲐᲚᲢᲔᲖᲔ

  მალტეზე არის მოხდენილი და მხიარული, თუმცა, ამავდროულად, გამძლე და უშიშარი ძაღლი. მის ბეწვს ესაჭიროება ყოველდღიური დავარცხნა და რეგულარული დაბანა კონდიციონერით, რათა თავიდან აიცილოთ ჩახლართული თმა. მალტეზეს ზოგიერთი მფლობელი უფრო ადვილი მოვლისთვის ამჯობინებს მისი ბეწვის მოკლედ შეჭრას, თუმცა, მოკლე ბეწვს მაინც სჭირდება კვირაში ერთხელ ან ორჯერ დავარცხნა.

ᲯᲘᲨᲘᲡ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

ჯგუფი: სათამაშო

სიმაღლე: 17-დან 23 სანტიმეტრამდე

წონა: 3 კილოგრამამდე

ბეწვის ტიპი და ფერი: გრძელი, აბრეშუმისებრი, ერთფენიანი, თეთრი ბეწვი

სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-დან 15 წლამდე

ᲞᲣᲓᲔᲚᲘ

  პუდელის ყველა ჯიშს, სტანდარტულს, მინიატურულს და სათამაშოს, აქვს ხვეული თმა, რომელსაც რეგულარული მოვლა სჭირდება. თუ ბეწვი გრძელია, ყოველდღიური დავარცხნა აუცილებელია ჩახლართული თმის თავიდან ასაცილებლად. მოკლე ბეწვის მქონე პუდელებს დავარცხნა კვირაში ერთხელ ესაჭიროებათ, შეჭრა და დაბანა კი – ოთხიდან ექვს კვირაში ერთხელ.

ᲯᲘᲨᲘᲡ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

ჯგუფი: არასპორტული (სტანდარტული და მინიატურული) ან სათამაშო 

სიმაღლე: სტანდარტული: 38 სანტიმეტრზე მეტი; მინიატურული: 25-დან 38 სანტიმეტრამდე; სათამაშო: 25 სანტიმეტრამდე

წონა: სტანდარტული: 27-დან 32 კილოგრამამდე (მამრი); 18-დან 22 კილოგრამამდე (მდედრი); მინიატურული: 4-დან 6 კილოგრამამდე

ბეწვის ტიპი და ფერი: ხვეული, სქელი, ერთფენიანი ბეწვი; გვხვდება ბევრ ფერში, მათ შორისაა: თეთრი, შავი, ნაცრისფერი, ყავისფერი და გარგარისფერი

სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-დან 18 წლამდე

ᲨᲘᲰ ᲫᲣ

  შიჰ ძუ არის “კალთის ძაღლი” და მისი ბეწვი საჭიროებს ყოველდღიურ დავარცხნას და გარკვეული სტილის მიცემას. (ამ ზედა ქოჩორის სწორად დასაყენებლად პრაქტიკაა საჭირო). მოკლე თმა საჭიროებს კვირაში ორჯერ დავარცხნას. გრუმერთან ვიზიტი დაგეგმეთ ყოველ ოთხ – რვა კვირაში ერთხელ, ბეწვის სასურველი სიგრძის მიხედვით.

ᲯᲘᲨᲘᲡ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

ჯგუფი: სათამაშო

სიმაღლე: 23-დან 26 სანტიმეტრამდე

წონა: 4-დან 7 კილოგრამამდე

ბეწვის ტიპი და ფერი: გრძელი ორმაგი ბეწვი; ფერებში შედის შავი, ლურჯი, ოქროსფერი, მუქი მოწითალო, ვერცხლისფერი და სხვა

სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-დან 18 წლამდე

ᲣᲮᲔᲨᲑᲐᲚᲜᲘᲐᲜᲘ ᲤᲝᲥᲡᲢᲔᲠᲘᲔᲠᲘ

  უხეშბალნიანი ფოქსტერიერი არის გაბედული, კომუნიკაბელური და აქტიური ძაღლი, რომელსაც სხვა ძაღლებთან შედარებით ნაკლებად სცვივა ბეწვი. ზოგიერთი პატრონი უპირატესობას ანიჭებს ძაღლის მკვდარი ბეწვის პერიოდულად ხელით მოშრებას, ზოგს კი ბეწვის მოწესრიგება ურჩევნია თმის საკრეჭი მანქანით. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი უხეშბალნიანი ფოქსტერიერის ბეწვი დავარცხნას საჭიროებს დაახლოებით კვირაში ერთხელ ან ორჯერ.

ᲯᲘᲨᲘᲡ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

ჯგუფი: ტერიერი

სიმაღლე: 40 სანტიმერტი

წონა: 8 კილოგრამი (მამრი); 6-დან 8 კილოგრამამდე (მდედრი)

ბეწვის ტიპი და ფერი: მკვრივი, მბზინავი ბეწვი; ფერებში შედის თეთრი და შავი, თეთრი და ჟღალ–ყავისფერი და სხვა

სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-დან 15 წლამდე

ᲘᲝᲠᲙᲨᲘᲠᲘᲡ ᲢᲔᲠᲘᲔᲠᲘ

  იორკშირის ტერიერი პატარა უშიშარი ძაღლია. მისი აბრეშუმისებრი ბეწვი ადამიანის თმის მსგავსია და საჭიროებს ყოველდღიურ დავარცხნას, რათა თავიდან აიცილოთ ჩახლართული ბეწვი. გრუმერთან ვიზიტი დაგეგმეთ ყოველ ექვს-რვა კვირაში ერთხელ, სასურველი ბეწვის სიგრძის მიხედვით.

ᲯᲘᲨᲘᲡ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

ჯგუფი: სათამაშო

სიმაღლე: 17-დან 20 სანტიმეტრამდე

წონა: 3 კილოგრამი

ბეწვის ტიპი და ფერი: აბრეშუმისებრი ბეწვი; ფერებში შედის შავი და რუჯი, ლურჯი და ჟღალ–ყავისფერი და სხვა

სიცოცხლის ხანგრძლივობა: 11-დან 15 წლამდე

ᲠᲝᲛᲔᲚ ᲯᲘᲨᲔᲑᲡ ᲣᲜᲓᲐ ᲐᲐᲠᲘᲓᲝᲗ ᲗᲐᲕᲘ

  ძაღლების ბევრ ჯიშს, მათ შორის ციმბირულ ჰასკის, გერმანულ ნაგაზს და სენტ-ბერნარდს, აქვს სქელი ბეწვი, რაც თქვენს ძაღლს აუცილებლად დიდი რაოდენობით დასცვივდება. პოპულარულ ლაბრადორებსა და გოლდენ რეტრივერებსაც კი სქელი ბეწვი აქვთ, რომელიც ასევე დიდი რაოდენობით ცვივა. ფხვიერი ბეწვის მოსაშორებლად თქვენი ოთხფეხა მეგობრის კვირაში რამდენჯერმე დავარცხნა ხელს შეუწყობს მისი ბეწვის ცვენის მინიმუმამდე შემცირებას.