კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

8 ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲛᲐᲠᲢᲘᲕᲐᲓ ᲛᲝᲡᲐᲕᲚᲔᲚᲘ ᲗᲔᲕᲖᲘ

ადვილად მოსავლელი თევზები

  ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით გამოვარჩიოთ რამდენიმე ყველაზე მარტივად მოსავლელი თევზის სახეობა და მოგაწოდოთ ყველანაირი ინფორმაცია მათი შესაბამისი მოვლის შესახებ. არსებობს ისეთი თევზები, რომლებსაც ბევრი დროისა და ფინანსების დათმობა ესაჭიროებათ, რათა ბედნიერები და ჯანმრთელები იყვნენ. დამწყები თევზების პატრონების უმეტესობას არ სურს ასეთი სახეობების მოყვანა, რადგან მათი შენახვა შეიძლება მართლაც რთული, ძვირი და შრომატევადი იყოს.

  რა თქმა უნდა, არსებობს მრავალი განსხვავებული თევზი, რომელიც შეიძლება გყავდეთ და მათი მოვლაც საკმაოდ მარტივი იყოს, მაგრამ ჩვენ განვიხილავთ 8 საუკეთესო ვარიანტს, რომელთა გათვალისწინებაც, ასევე შეგიძლიათ.

ᲝᲥᲠᲝᲡ ᲗᲔᲕᲖᲘ

  ჩვეულებრივი ოქროს თევზის მოვლა მართლაც ადვილია, თუმცა, არსებობს ამ სახეობის სხვადასხვა ტიპი. ზოგიერთი ოქროს თევზი სხვებთან შედარებით შეიძლება უფრო დიდი იყოს, მაგრამ ავზის ზომა არ არის დაკავშირებული მათ შენახვასთან. ოქროს თევზის მოვლა მარტივია, რადგან თქვენ ისინი უბრალოდ უნდა გამოკვებოთ ოქროს თევზის საკვებით.

  ოქროს თევზები, ასევე, ცივი წყლის თევზები არიან, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ავზისთვის გამათბობელიც კი არ დაგჭირდებათ (თუმცა ეს დამოკიდებულია თევზის ტიპზე). ისინი შეიძლება უწესრიგო მჭამელები იყვნენ და დატოვონ საკმაოდ დიდი რაოდენობის ნარჩენი, მაგრამ მანამ, სანამ აკვარიუმისთვის გექნებათ გამართული ფილტრი და კვირაში წყლის დაახლოებით 10%-ს გამოცვლით, სხვა ბევრი რამის გაკეთება არც არის საჭირო. ოქროს თევზი ადვილად ადაპტირებადია, იგი მარტივად იკვებება და საერთოდ არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.

ᲗᲔᲗᲠᲘ ᲦᲠᲣᲑᲔᲚᲘ ᲛᲘᲜᲝᲣ

  თეთრი ღრუბელი მენოუ კიდევ ერთი ცივი წყლის თევზია, რომლის მოვლა ძალიან მარტივია. ეს თევზები კარგად გრძნობენ თავს 16–დან 26 გრადუს ცელსიუსამდე წყლის ტემპერატურაში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ტემპერატურის კონტროლი არ წარმოადგენს მათთვის დიდ პრობლემას.

  თეთრი ღრუბელი მინოუ იმდენად მარტივად ადაპტირებადია, რომ ბევრი ადამიანი ზაფხულში მას ღია აუზებში უშვებს. ამ თევზებს შეუძლიათ საკმაოდ კარგად გაუმკლავდნენ წყლის პარამეტრების რყევებს. მათი კვება კი ძალიან მარტივია, რადგან ისინი მიირთმევენ თევზის ჩვეულებრივ საკვებს. მიუხედავად იმისა, რომ კარგი ფილტრის ქონა შესანიშნავია, თეთრ ღრუბელ მინოუებს ნამდვილად არ სჭირდებათ გადარჩენისთვის ყველაზე სუფთა წყალი. ეს არის გამძლე თევზი და შეუძლია იცხოვროს 5 წლამდე ძალიან მარტივი მოვლის პირობებით.

ᲓᲐᲜᲘᲝ

  დანიო თქვენი აკვარიუმის გასალამაზებლად შესანიშნავი სახეობაა. იგი თბილი წყლის თევზია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კომფორტის შესანარჩუნებლად დაგჭირდებათ გამათბობელი და თერმომეტრი. ასევე, სასურველია, ფილტრის ქონა წყლის სისუფთავის შესანარჩუნებლად. თუმცა, ამ ნივთების გარდა, მათ ნამდვილად არაფერი ესაჭიროებათ მოვლის თვალსაზრისით.

  დანიოები მშვენივრად მიირთმევენ თევზის ჩვეულებრივ საკვებს. ისინი არ არიან აგრესიულები, შესაბამისად, კარგად თანაცხოვრობენ სხვა თევზებთან და შეუძლიათ წყლის პარამეტრების გარკვეულ რყევებსაც გაუმკლავდნენ. ამ თევზს სხვადასხვანაირ პირობაში გადარჩენა შეუძლია, ასე რომ, თუ თქვენ ძალიან მკაცრად არ აკონტროლებთ ისეთ გარემოებებს, როგორებიცაა pH-ის დონე წყალში, ისინი მაინც შესანიშნავად იგრძნობენ თავს თავიანთ აკვარიუმში. თუ საკმაოდ ნათელი სახლი გაქვთ, მათთვის განათებაც არ დაგჭირდებათ.

ᲑᲠᲫᲝᲚᲘᲐ ᲗᲔᲕᲖᲘ

  ბრძოლია თევზი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მოსავლელი თევზია, თუმცა, ისინი საკმაოდ აგრესიულები არიან, როგორც საკუთარი სახეობების, ასევე სხვა თევზების მიმართაც. ამ მიზეზის გამო, მათ, ჩვეულებრივ, ცალკეულ ავზში ათავსებენ, ამიტომ სანამ თქვენს ბრძოლია თევზს მარტო აცხოვრებთ, ისინი თავს ძალიან კარგად იგრძნობენ და არც თქვენ მოგიწევთ მათ მეზობელ თევზებზე ნერვიულობა, თუმცა, უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ეს ეხება მხოლოდ მამრ ბრძოლია თევზებს. მდედრის ყოლა კი შეიძლება აკვარიუმში სხვა პატარა თევზებთან ერთად (არა ფერად ან აგრესიულ თევზებთან ერთად). 

  ბრძოლია თევზს ნამდვილად არ სჭირდება გამათბობელი ან ფილტრი. თუ თქვენ ისინი პატარა ავზში გყავთ, ერთადერთი, რისი გაკეთებაც გესაჭიროებათ მათი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არის კვირაში ერთხელ (25%) წყლის გამოცვლა. ხოლო, კვების მხრივ, შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვეულებრივი ბრძოლია თევზის საკვები, რომელსაც ისინი შესანიშნავად მიირთმევენ.

ᲨᲐᲕᲘ ᲛᲝᲚᲘ

  შავი მოლი საკმაოდ მშვიდობიანი თევზია. იგი ძალიან იშვიათად ესხმის თავს ავზში მყოფ სხვა თევზებს, რაც მას იდეალურ ვარიანტს ხდის მრავალ თევზიანი აკვარიუმისთვის. უფრო მეტიც, ამ სახეობას შეუძლია თავისუფლად მოერგოს წყლის სხვადასხვა პირობას, რადგან როდესაც საქმე წყლის სიმტკიცეს და pH დონეს ეხება, იგი საკმაოდ მარტივად ადაპტირებადი თევზია. რაც შეეხება ტემპერატურას, 21-დან 28 გრადუს ცელსიუსამდე იგი კარგად იგრძნობს თავს. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ, სავარაუდოდ, დაგჭირდებათ გამათბობელი და ფილტრი.

  შავი მოლი შეიძლება მოერგოს მტკნარ წყალს, მლაშე წყალს და მარილიან წყალსაც, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ ისინი, პრაქტიკულად, ნებისმიერ ავზში მოათავსოთ. კვების თვალსაზრისით კი, მათ არ სჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული საჭმელი, გარდა კარგად დაბალანსებული დიეტისა, რაც, ჩვეულებრივ, მიიღწევა თევზის ზოგადი საკვებით, ფანტელებით ან მარცვლებით.

ᲡᲙᲐᲚᲐᲠᲘᲐ

  ბევრი ფიქრობს, რომ სკალარიას მოვლა რთულია, რაც სინამდვილეს საერთოდ არ შეესაბამება. ეს თევზი შეიძლება სიგრძეში გაიზარდოს 16 სანტიმეტრამდე, ასე რომ, თქვენ დაგჭირდებათ საკმაოდ დიდი ავზი, თუმცა, რაც შეეხება მის მოვლა-პატრონობას, ბევრი რამ ნამდვილად არ არის საჭირო. ეს თევზები ყოვლისმჭამელები არიან და, ძირითადად, შეჭამენ ყველაფერს, რასაც იპოვიან, ცოცხალს თუ მკვდარს, მცენარეს თუ ხორცს, ეს კი ძალიან ამარტივებს მათი კვების საქმეს. უფრო მეტიც, ისინი კარგად ეგუებიან წყლის სხვადასხვა პარამეტრსა და წყლის ტემპერატურას, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი საკმაოდ გამძლეები და ადვილად ადაპტირებადები არიან პირობების ცვლილების მიმართ. სკალარიები შეიძლება ცოტა აგრესიულები იყვნენ, ასე რომ, სასურველი არ იქნება ძალიან პატარა თევზის მოთავსება მათთან ერთად ავზში, რადგან მათ თავიანთი პატარა მეზობლების შეჭმა შეუძლიათ.

ᲞᲚᲔᲙᲝᲡᲘ

  პლეკოსი ერთ–ერთი საუკეთესო თევზის სახეობაა თქვენი აკვარიუმისთვის. იგი საკმაოდ ადვილად მოსავლელი თევზია და თუ ავზში სხვა თევზები გყავთ, მათ, სავარაუდოდ, არც დასჭირდებათ ცალკე კვება, რადგან ისინი ქვედა მობინადრეები არიან, ამიტომ ისინი შესანიშნავად მიირთმევენ ნარჩენებს, რომლებიც სხვა თევზებს არ უჭამიათ. პლეკოსები ძირითადად შეჭამენ ყველაფერს, მათ შორის წყალმცენარეებსაც, რაც ბონუსია თქვენი ავზის სისუფთავისთვის. მათ მოსწონთ ბევრი ცოცხალი მცენარის ქონა თავიანთ ავზში, რომელსაც დასამალად იყენებენ ხოლმე, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იქონიოთ რამდენიმე უბრალო მცენარეც. ეს თევზი შეიძლება საკმაოდ დიდი გაიზარდოს, ასე რომ, ერთი პლეკოსთვის თქვენ დაგჭირდებათ მინიმუმ 40-ლიტრიანი ავზი.

 ამ ყველაფერთან ერთად, პლეკოები საკმაოდ გამძლეები არიან. მათ შეუძლიათ წყლის 18-დან 29 გრადუსამდე ცელსიუს ტემპერატურაზე გადარჩნენ, ასე რომ თქვენ სულაც არ დაგჭირდებათ გამათბობელი. პლეკო, ამავდროულად, ძალიან მშვიდობიანი თევზია, ამიტომ მათი ბევრ თევზიან ავზში ყოლა არ არის პრობლემა.

ᲮᲛᲚᲘᲡ ᲙᲣᲓᲘ

  ხმლის კუდი ძალიან ლამაზი თევზია ნებისმიერი ავზისთვის, რაც უკვე დიდი ბონუსია. იგი ადვილად იკვებება, ამიტომ მას შეგიძლიათ მისცეთ თევზის ჩვეულებრივი საკვები. ხმლის კუდები ძალიან მშვიდობიანი თევზები არიან და კარგად იქცევიან მრავალ თევზიან აკვარიუმში, ასე რომ, ისინი არ დაესხმიან თავს სხვა თევზებს. ეს სახეობა ძალიან გამძლეა და დიდხანს ცოცხლობს. მას შეუძლია რამდენიმე წელი იცხოვროს თითქმის ყოველგვარი ზრუნვის გარეშე.

  წყლის ფილტრი და მსუბუქი გამათბობელი საკმარისზე მეტია ამ თევზისთვის. ხმლის კუდებს შეუძლიათ გადარჩნენ წყლის სხვადასხვა ტემპერატურასა და პირობაში, ხოლო როცა საქმე ადვილად მოსავლელ თევზებს ეხება, ხმლის კუდი, ნამდვილად, მოწინავე ადგილს იკავებს. 

  თუ თქვენ ხართ დამწყები თევზის პატრონი, სავარუდოდ, პირველად ისეთი თევზის ყოლა გენდომებათ, რომლის მოვლაც საკმაოდ მარტივია. ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან ნებისმიერი მათგანი კარგი იქნება მათთვის, ვისაც თევზის მოვლის დიდი გამოცდილება არ აქვს. აქედან გამომდინარე, თქვენ უნდა ეძებოთ თევზები, რომლებიც არ არიან პრეტენზიულები საკვების მიმართ, არ საჭიროებენ ზედმეტად სპეციფიკურ წყლის პარამეტრებს და რომლებიც საკმაოდ გამძლეები არიან.