კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲞᲐᲢᲐᲠᲐ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲯᲘᲨᲔᲑᲘ

პატარა ძაღლის ჯიშები

  პატარა ძაღლი შეიძლება კარგი არჩევანი იყოს როგორც მარტოხელებისთვის, ასევე წყვილებისთვის და ოჯახებისთვის. ისინი დიდ ადგილს არ იკავებენ და შეუძლიათ თქვენს კალთაში თავისუფლად მოთავსდნენ. 

  პატარა ძაღლის ჯიშების ძალიან ბევრი სახეობა არსებობს, ხოლო მათგან იდეალური არჩევანი იქნება ის, რომელიც ყველაზე კარგად ერგება თქვენი ცხოვრების სტილს. იმისათვის, რომ გაგიადვილდეთ გადაწყვეტილების მიღება, ჩვენ შევეცდებით მიმოვიხილოთ ყველა საუკეთესო პატარა ძაღლის ჯიში.

ᲠᲐ ᲡᲐᲠᲒᲔᲑᲔᲚᲘ ᲐᲥᲕᲡ ᲞᲐᲢᲐᲠᲐ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲧᲝᲚᲐᲡ?

  ძაღლები შესანიშნავი თანამგზავრები არიან, მაგრამ თუ თქვენ ცხოვრობთ ქალაქის ბინაში ან სხვა კომპაქტურ საცხოვრებელში, დიდი ჯიშისათვის ადგილის გამონახვა შედარებით რთულია.

  პატარა ძაღლი მოგცემთ საშუალებას, რომ იყოლიოთ შინაური ცხოველი დიდი საცხოვრებელი ადგილის საჭიროების გარეშე, ამავდროულად, მათი ტრანსპორტირება მარტივია და, ხშირ შემთხვევაში, უფრო მართვადები არიან სეირნობისას. გარდა ამისა, ბავშვებიანმა ოჯახებმა თავი შეიძლება უფრო კომფორტულად იგრძნონ პატარა ძაღლთან, ვიდრე დიდთან. ხოლო თუ თქვენს შვილებს აქამდე არასდროს ჰყოლიათ შინაური ცხოველი, ნაზი, მინიატურული ჯიში ხელს შეუწყობს მათი ნდობის ამაღლებას ცხოველების მიმართ.

  პატარა ძაღლის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ისინი, ჩვეულებრივ, ბევრად ნაკლებს ჭამენ, რაც დროთა განმავლობაში თქვენს ფულს დაზოგავს, თუმცა გახსოვდეთ, რომ რამხელაც არ უნდა იყოს თქვენი ძაღლი, მას მაინც დასჭირდება გაწვრთნა. ტრადიციულად, სათანადო გაწვრთნისა და ვარჯიშის გარეშე მშვიდი ჯიშებიც კი შეიძლება აგრესიულები გახდნენ.

  თუ თქვენ გინდათ გყავდეთ სათამაშოზე ოდნავ დიდი ძაღლი, აქ არის განხილული ხუთი საუკეთესო პატარა ძაღლის ჯიში, რომელიც შეიძლება იდეალური იყოს თქვენთვის.

ᲤᲠᲐᲜᲒᲣᲚᲘ ᲑᲣᲚᲓᲝᲒᲘ

  ფრანგულ ბულდოგებს ხშირად “ფრანგებსაც” ეძახიან. ისინი ერთ-ერთი საუკეთესო პატარა ძაღლები არიან ოჯახებისთვის მათი მომთმენი და მეგობრული ხასიათის გამო. ეს ჯიში ასევე კარგი არჩევანია მარტოხელებისთვის და წყვილებისთვისაც.

  ფრანგულ ბულდოგებს ადრეული ასაკიდანვე სჭირდებათ ვარჯიში და სოციალიზაცია. მათ სახლში ცხოვრება ურჩევნიათ, ვიდრე ეზოში, ამიტომ ისინი კომფორტულად იგრძნობენ თავს ქალაქის ბინაში. თუმცა, ეს ძაღლები მიდრეკილნი არიან გადახურებისკენ, ამიტომ ცხელი ამინდების დროს რეკომენდირებულია კონდიცირება.

  ამ ერთგულ კომპანიონებს აქვთ მოკლე თმა და შეიძლება მსუბუქად დასცვივდეთ. მათ დასჭირდებათ დავარცხნა და ნაოჭების რეგულარული დაბანა.

მოემზადეთ თქვენს ვეტერინართან ურთიერთობის დასამყარებლად, რადგან ეს ჯიში განსაკუთრებულადაა მიდრეკილი ჯანმრთელობის მრავალი პრობლემისკენ.

ფრანგული ბულდოგის საშუალო სიმაღლე 28-დან 31 სანტიმეტრამდეა. მათი წონა კი 7-დან 13 კილოგრამამდე მერყეობს.

ᲯᲔᲙ ᲠᲐᲡᲔᲚ ᲢᲔᲠᲘᲔᲠᲘ

  მიუხედავად მცირე ზომისა, ჯეკ რასელ ტერიერები, ცნობილები არიან თავიანთი შესანიშნავი თვისებებით. ამ ცნობისმოყვარე, სპორტულ ძაღლებს აქვთ მკვრივი ბეწვი სწორი თმით და ესაჭიროებათ მინიმალური მოვლა, რაშიც შედის ყოველ რამდენიმე დღეში ერთხელ სწრაფი დავარცხნა და დროდადრო დაბანა.

  ეს ძაღლები მოსიყვარულე, მხიარულები და ენერგიულები არიან. შესაბამისად, მათ სჭირდებათ ენერგიის დასახარჯვა ყოველდღიური ვარჯიშითა და სირბილით. ჯეკ რასელ ტერიერებს ხშირად მოსწონთ ისეთი თამაში, როგორიცაა ბურთის ან სხვა სათამაშოს მოტანა. მათ ასევე შეიძლება ძალიან ესიამოვნოთ ცურვა.

  ჯეკ რასელ ტერიერისთვის საუკეთესო საცხოვრებელი გარემო არის შემოღობილი ეზოიანი სახლი. ამ ძაღლებს მცირე ასაკიდანვე სჭირდებათ წვრთნა. ისინი მიდრეკილნი არიან თხრისა და ყეფისკენ. აქტიური ბავშვიანი ოჯახები შეიძლება კარგად მოერგონ ამ ჯიშს.

  ჯეკ რასელის საშუალო სიმაღლე 23-დან 38 სანტიმეტრამდეა, საშუალო წონა კი – 6-დან 8 კილოგრამამდე.

ᲑᲘᲨᲝᲜ ᲤᲠᲘᲖᲔ

  ბიშონი, როგორც წესი, მხიარული და მეგობრული ჯიშია. ისინი თავიანთი მოსიყვარულე ბუნების გამო შესანიშნავი ოჯახის ძაღლები არიან. მათ აქვთ ფუმფულა, ხვეული, თეთრი ბეწვი, რომელიც ადვილად იკვრება, ასევე ამ ძაღლის ბეწვს აქვს ორმაგი ფენა, რომელსაც დავარცხნა კვირაში რამდენჯერმე ესაჭიროება, დაბანა კი – რეგულარულად.

  ბიშონ ფრიზეს ჰიპოალერგიული ბეწვი აქვს, რაც მას შესანიშნავ ვარიანტად აქცევს ალერგიის მქონე ადამიანებისთვის, რამდენადაც მზად ხართ მისი მოვლისთვის.

  ბიშონ ფრიზეს ყეფა ახასიათებს როცა ეშინია, სხვა შემთხვევაში ეს სახეობა არ გამოირჩევა ყეფით. იგი მშვენივრად ცხოვრობს ბინაში და, თქვენი სახლიდან გამომდინარე, მათ საკმარისი ვარჯიშიც კი შეუძლიათ შენობაში, ხოლო თუ თქვენ გაქვთ ეზო, დარწმუნდით, რომ მას აქვს დაცული ღობე. ბიშონ ფრიზს არ უყვარს დიდხანს მარტო დარჩენა, ამიტომ მისთვის საუკეთესოა ოჯახი, რომელიც რეგულარულად სახლში იმყოფება.

  ბიშონ ფრიზეს საშუალო სიმაღლე 23-დან 28 სანტიმეტრამდეა. საშუალო წონა კი 5-დან 7 კილოგრამამდე.

ᲛᲝᲞᲡᲘ

  პაგები ადვილად ამოსაცნობი ძაღლები არიან თავიანთი ბრტყელი დრუნჩისა და ხვეული კუდის გამო. ამ ჯიშის ძაღლები, ზოგადად, მშვიდები და ინტელექტუალურები არიან და შეეფერებიან ყველა ასაკის ბავშვს. მოპსის აქვს გლუვი, მოკლე ბეწვი, რომელიც ცვენისკენაა მიდრეკილი, თუმცა, ყოველკვირეული დავარცხნითა და რეგულარული დაბანით, თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ მისი ცვენა.

  პაგები შესანიშნავად ცხოვრობენ შენობაში და შეუძლიათ მარტივად ადაპტირდნენ ბინის ცხოვრების წესთან. მიუხედავად მათი მოსიყვარულე ხასიათისა, ეს ძაღლები შეიძლება თავხედებიც იყვნენ. მათ, ასევე უყვართ სირბილი, ამიტომ საჭიროა პაგების ყოველდღიური ვარჯიში, თუმცა, არა – ცხელ ამინდებში.

  პაგი ხანდახან შეიძლება ჯიუტიც იყოს და მოწყენილობისგან ავეჯის ღეჭვა დაიწყოს. ეს საქციელი უფრო ხშირია ლეკვობის პერიოდში, თუმცა სათანადო ვარჯიში დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. პაგი არ არის ცნობილი ზედმეტი ყეფით. ბრტყელი ცხვირის გამო კი ამ ჯიშს შეიძლება განუვითარდეთ ჯანმრთელობის პრობლემები.

  პაგის საშუალო სიმაღლე 25-დან 35 სანტიმეტრამდეა. ისინი იწონიან 5-დან 9 კილოგრამამდე.

ᲐᲕᲡᲢᲠᲐᲚᲘᲣᲠᲘ ᲐᲑᲠᲔᲨᲣᲛᲘᲡᲔᲑᲠᲘ ᲢᲔᲠᲘᲔᲠᲘ

  ავსტრალიურ აბრეშუმისებრ ტერიერს აქვს გრძელი თმა, რომლისაც ბევრ ადამიანსაც კი შეშურდება. მათ სჭირდებათ დაბანა რეგულარულად და კვირაში რამდენჯერმე დავარცხნა.

  ავსტრალიური აბრეშუმისებრი ტერიერი არის აქტიური ჯიში, ამიტომ იგი აუცილებლად უნდა ასეირნოთ ფეხით ყოველდღე. ამ ძაღლებს, ასევე, უყვართ თამაში და თხრა, თუმცა, მათი ვარჯიში შეიძლება რთული იყოს. ისინი, ასევე, მიდრეკილნი არიან გადამეტებული ყეფისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიური აბრეშუმისებრი ტერიერები მოსიყვარულეები არიან თავიანთი მფლობელების მიმართ, ისინი შეიძლება საკმაოდ ფრთხილები იყვნენ უცხო ადამიანებთან.

  ამ ძაღლებს ესაჭიროებათ დაცული ეზო და, როგორც წესი, ისინი არ არიან შესაფერისები ბინაში საცხოვრებლად. ეს ჯიში შეეფერება მარტოხელებს, წყვილებს და უფროს შვილიან ოჯახებს.

  ავსტრალიური აბრეშუმისებრი ტერიერის საშუალო სიმაღლე – 22-დან 26 სანტიმეტრამდე, საშუალო წონა კი 3-დან 5 კილოგრამამდეა.

ᲞᲐᲢᲐᲠᲐ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲯᲘᲨᲘᲡ ᲐᲠᲩᲔᲕᲐ

  გსურთ კომპაქტური ძაღლის ყოლა, რომელიც კომფორტულად მოთავსდება თქვენს კალთაზე? იმისათვის, რომ თქვენ სწორად აარჩიოთ პატარა ძაღლი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის, თუ რამდენი დროის დათმობა შეგიძლიათ მისთვის, მისი ენერგიის დონე და თქვენი საცხოვრებელი მდგომარეობა. დაიმახსოვრეთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ სხეულის მცირე ზომა, ამ ჯიშებს მაინც სჭირდებათ მაღალი ხარისხის ვარჯიში. ყველაზე პატარა ჩაის ჭიქისხელა ლეკვსაც კი შეიძლება ჰქონდეს ქცევითი პრობლემები, თუ სათანადოდ არ აქვს გავლილი სოციალიზაცია და არ არის გაწვრთნილი.