კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲮᲣᲭᲣᲭᲐ ᲗᲣᲗᲘᲧᲣᲨᲘᲡ ᲧᲘᲓᲕᲐ ᲓᲐ ᲛᲝᲕᲚᲐ ᲓᲐᲛᲬᲧᲔᲑᲗᲐᲗᲕᲘᲡ

ხუჭუჭა თუთიყუშების

  ხუჭუჭა თუთიყუშები არიან პატარა, ფერადი ფრინველები, რომელთა მოვლა შედარებით ადვილია. ეს სახეობა ყველაზე ფართოდ მოშინაურებული ფრინველია მსოფლიოში, ამითვის კი მრავალი მიზეზი არსებობს. ხუჭუჭა თუთიყუშები ფანტასტიური შინაური ცხოველები არიან როგორც მოხუცებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲐᲕᲐᲠᲩᲘᲝᲗ ᲮᲣᲭᲣᲭᲐ ᲗᲣᲗᲘᲧᲣᲨᲘ

  როდესაც პირველად არჩევთ ხუჭუჭა თუთიყუშს, ახალგაზრდა ფრინველი საუკეთესო ვარიანტია ახალბედა მფლობელისთვის, რადგან ისინი ჯერ კიდევ განვითარების პროცესში არიან და სწორედ ამ პერიოდში ერგებიან გარემოს, შესაბამისად, ხუჭუჭა თუთიყუშის მოთვინიერება ასეთ ასაკში უფრო ადვილია. ნუ იყიდით მას რვა კვირამდე. თქვენი შინაური ცხოველი ყოველთვის იყიდეთ კარგი რეპუტაციის მქონე სელექციონერისგან ან გამოცდილი მფლობელისგან.

  მამალი თუთიყუშები ხშირად უფრო მოლაპარაკე და მიმზიდველი გარეგნობის მქონეები არიან, ვიდრე დედალი თუთიყუშები. მითია ის, რომ დედლები არ ლაპარაკობენ, თუმცა, მათი ხელით ვარჯიში ნამდვილად უფრო რთულია.

  ხუჭუჭა თუთიყუშები გვხვდება სხვადასხვა ფერში, მათ შორის ნაცრისფერ, მწვანე, ლურჯ და ყვითელ ფერებში, მაგრამ არ დაივიწყოთ ამ ფრინველის ხასიათიც. აირჩიეთ ისეთი თუთიყუში, რომელიც არის სიცოცხლისუნარიანი, ხალისიანი და თავისუფალი ზედმეტი სტრესისგან.

  თუ თქვენ აპირებთ ორი ხუჭუჭა თუთიყუშის შეძენას, გახსოვდეთ, რომ მამალი და დედალი ერთად შეიძლება შეჯვარდნენ. ორი მამალი კი, ჩვეულებრივ, ორ დედალზე უკეთესად ეწყობიან ერთმანეთს.

ᲮᲣᲭᲣᲭᲐ ᲗᲣᲗᲘᲧᲣᲨᲘᲡ ᲙᲕᲔᲑᲐ

  იმისათვის, რომ თქვენი ხუჭუჭა თუთიყუში იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი, მას დასჭირდება შესაბამისი დიეტის დაცვა. იმ ხუჭუჭა თუთიყუშებს, რომლებიც სწორად იკვებებიან, აქვთ ნათელი, ჯანსაღი ბუმბული, სიცოცხლისუნარიანი ხმები და აქტიურობენ დღის საათებში. ჩიტებსაც სიამოვნებთ თავიანთი საკვებით თამაში, რაც სტიმულაციის მნიშვნელოვანი საშუალებაა.

  ხუჭუჭა თუთიყუშების მზა საკვების პაკეტებს იპოვით როგორც შინაური ცხოველების მაღაზიებში, ასევე სუპერმარკეტებში, თუმცა საკვების შიგთავსი და ხარისხი შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს მწარმოებლებს შორის. თუ თქვენ განიხილავთ ახალი ბრენდის საკვების შეძენის საკითხს, შეამოწმეთ ინგრედიენტების ჩამონათვალი და თქვენს თუთიყუშს იგი გაასინჯეთ ნელ–ნელა, რათა თქვენი ფრინველი მარტივად შეეგუოს ცვლილებას. ყოველდღიურად შეამოწმეთ საკვების ჭურჭელი და ამოიღეთ ცარიელი ქერქები.

  არასოდეს აჭამოთ თქვენს ხუჭუჭა თუთიყუშს ავოკადო, სალათის ფოთოლი, ლიმონი, კარტოფილი, ტკბილეული ან შოკოლადი.

ᲮᲣᲭᲣᲭᲐ ᲗᲣᲗᲘᲧᲣᲨᲘᲡ ᲛᲝᲗᲕᲘᲜᲘᲔᲠᲔᲑᲐ

  ხუჭუჭა თუთიყუშების მოთვინიერება ძალიან მარტივია, თუმცა მოთმინებაა საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ მათი მოთვინიერება ადრეული ასაკიდან დაიწყოს. უპირველეს ყოვლისა, მიეჩვიეთ ხუჭუჭა თუთიყუშის მოფერებას მის გალიაში ყოფნისას. დღეში რამდენჯერმე ნაზად ჰკარით ხელი თქვენს თუთიყუშს და უბიძგეთ, რომ აძვრეს ან გადახტეს თავის საქანელაზე ან ძელზე. მას შემდეგ, რაც თქვენი თუთიყუში თავს კარგად იგრძნობს ამ ქმედებით, ძელის ნაცვლად სცადეთ ხელის გამოყენება. გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპამდე მისვლას თქვენს თუთიყუშთან ერთად შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

  თუთიყუშის ასაყვანად ხელისგულები მოათავსეთ მის ფრთებსა და ზურგზე, ხოლო საჩვენებელი და შუა თითები ნაზად მოუჭირეთ ჩიტს კისერზე. იმოძრავეთ ნელა და შეეცადეთ, რომ არ დასტრესოთ ფრინველი. თუ ხუჭუჭა თუთიყუში დაისტრესა, ის გიკბენთ. ყოველთვის აიყვანეთ თქვენი თუთიყუში დამჯდარ მგომარეობაში ყოფნისას, არასოდეს სცადოთ მისი დაჭერა ფრენის დროს.


ᲡᲘᲐ ᲘᲛ ᲜᲘᲕᲗᲔᲑᲘᲡᲐ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲓᲐᲒᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐᲗ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲮᲣᲭᲣᲭᲐ ᲗᲣᲗᲘᲧᲣᲨᲘᲡᲗᲕᲘᲡ:

  • გალია – თუ ვივარაუდებთ იმას, რომ თქვენი  ხუჭუჭა თუთიყუშის ყოლას შენობაში აპირებთ, თქვენ უნდა შეიძინოთ ყველაზე დიდი გალია, რომლის ყიდვაც შეგიძლიათ თანხისა და სივრცის გათვალისწინებით. გისოსები უნდა იყოს არაუმეტეს 12 მმ-ის დაშორებით, რათა თავიდან აიცილოთ მოულოდნელი გაქცევა. გალიას ასევე უნდა ქონდეს რამდენიმე ჰორიზონტალური გისოსიც აძრომის გასაადვილებლად.
  • გალიის გადასაფარებელი – გამოიყენება ღამით, რათა თუთიყუშმა არ გაგაღვიძოთ თავისი ჭიკჭიკით.
  • წყლის თასი – დარწმუნდით, რომ თქვენს თუთიყუშს ყოველთვის აქვს წვდომა სუფთა წყალთან. რეგულარულად გაასუფთავეთ მისი წყლის თასი.
  • თასი თესლებისთვის – იზრუნეთ, რომ თესლების თასი ზედმეტად არ გაავსოთ, რადგან მორჩენილი თესლი შეიძლება გახდეს ნესტიანი და ობიანი. რეგულარულად გადაყარეთ და შეცვალეთ ნებისმიერი შეუჭმელი თესლი და ყოველთვის შეინახეთ თქვენი თუთიყუშის საკვები მშრალ, ჰერმეტულ კონტეინერში.
  • ქვიშა – თქვენი თუთიყუშის მიერ თავის გალიის იატაკზე მცირე რაოდენობით დაყრილი ქვიშის გამოფხეკვა და ჩაკორტვნა ხელს შეუწყობს მის საჭმლის მონელებას.
  • ძელი – გალიაში სხვადასხვა ძელის და საქანელის ქონა მნიშვნელოვანია თქვენი თუთიყუშის მოსვენებისთვის.
  • იატაკის დაფარვა – დაფარეთ გალიის იატაკი გაზეთით, რათა გაგიადვილდეთ გაწმენდა და რათა უზრუნველყოთ შესაფერისი ზედაპირი თქვენი თუთიყუშის სიარულისთვის. ზოგიერთი ადამიანი გალიის იატაკს ფარავს ქვიშით, მაგრამ თუ გალია აღჭურვილია ჭურჭლის თასით, ეს არ არის საჭირო.
  • ცარცი – თქვენი თუთიყუშისთვის კალციუმის და ნუტრიენტების მნიშვნელოვანი წყარო. მიეცით მას მინიმუმ ერთი მაინც.
  • ფეტვი – ხუჭუჭა თუთიყუშებს უყვართ ფეტვის ჭამა და მათ თითქმის ისევე სიამოვნებთ მისი გარსის დაქუცმაცება, როგორც მისი მირთმევა. ფეტვი განკუთვნილია მხოლოდ როგორც სამკურნალო საშუალება ან დანამატი. იგი არ არის თუთიყუშის ძირითადი საკვები.
  • მატონიზირებელი თესლი – ვიტამინებითა და მინერალებით გამდიდრებული თესლის ნაზავი, რომელიც უნდა მისცეთ თქვენს თუთიყუშს ყოველდღიური საკვების დანამატად.
  • სათამაშოები – ზარები, სარკეები და სხვა სათამაშოები უზრუნველყოფს თქვენი თუთიყუშის ყოველდღიურ გაართობას.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲕᲧᲝᲗ ᲮᲣᲭᲣᲭᲐ ᲗᲣᲗᲘᲧᲣᲨᲘᲡ ᲙᲔᲗᲘᲚᲓᲦᲔᲝᲑᲐ

  ხუჭუჭა თუთიყუშის მარტო ყოლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ საკმარისად უზრუნველყობთ მის აქტიურობას და გართობას, მაგრამ, ზოგადად, თუთიყუშები უფრო ბედნიერები არიან სხვა ფრინველებთან ერთად.

  რეგულარულად გაასუფთავეთ გალია და მასში გამოყენებული ნებისმიერი აღჭურვილობა, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი თუთიყუში თავს გრძნობს ბედნიერად და ჯანმრთელად.

  თქვენს ხუჭუჭა თუთიყუშს დასჭირდება ყოველდღიური დაბანა. ეს შეიძლება უზრუნველყოთ გალიის იატაკზე ან გისოსებზე მიმაგრებული წყლის თასის სახით, ან ალტერნატიულ ვარიანტად, ზოგიერთ ფრინველს მოსწონს თავის მოვლის მიზნით თბილი წყლის მსუბუქად შესხურება.

  არასოდეს გამოიყენოთ აეროზოლური სპრეი თქვენი თუთიყუშის ირგვლივ და გაითვალისწინეთ გალიის მდებარეობა სხვა აირად ნივთიერებებთან მიმართებაში, რომელთა გარშემოც შეიძლება მოხვდნენ.

  როდესაც თქვენს თუთიყუშს გალიიდან გამოუშვებთ, ყოველთვის დარწმუნდით, რომ ოთახი, რომელშიც იგი იმყოფება, არის უსაფრთხო და დაცული.

 ხუჭუჭა თუთიყუშებს წელიწადში რამდენჯერმე სჭირდებათ კლანჭების მოჭრა. ამის გასაკეთებლად დაეკონტაქტეთ თქვენს ვეტერინარს. როგორც ახალბედა მფლობელი, ნუ შეეცდებით თქვენი თუთიყუშის კლანჭების თქვენით მოჭრას.