კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲡᲬᲝᲠᲘ ᲓᲘᲔᲢᲘᲡ ᲐᲠᲩᲔᲕᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲫᲐᲦᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ – ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲐ ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲡᲐᲭᲛᲔᲚᲘ?

ძაღლის კვება

  ძაღლის საკვების არჩევა ძირითადად ყოველთვის დამაბნეველია ამდენი განსხვავებული პროდუქტისა და აზრის არსებობის გამო, ასე რომ საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორ ავირჩიოთ ძაღლის საუკეთესო საკვები ჩვენი ოთხფეხა მეგობრის კონკრეტული მოთხოვნილებებისა და საჭიროებების მიხედვით.

ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲙᲕᲔᲑᲘᲡ 5 ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ 

  1. ძაღლები საუკეთესოდ რეაგირებენ თანმიმდევრულობაზე – დიეტის ძალიან ხშირად შეცვლა კი არ არის კარგი ნაწლავებისთვის.
  2. თქვენს ძაღლზე მორგებული საუკეთესო დიეტის ტიპი დამოკიდებულია მის ასაკზე – ლეკვებს, მოზრდილებსა და ხანდაზმულ ძაღლებს აქვთ განსხვავებული კვების საჭიროებები.
  3. ძაღლების დიეტა უნდა შეიცავდეს ყველა იმ აუცილებელ ელემენტს, რომელიც მათ სხეულს სჭირდება ზრდისა და განვითარებისთვის. ძაღლები ყოვლისმჭამელები არიან, ამიტომ მათ სჭირდებათ ცილების, ნახშირწყლების, ცხიმებისა და მინერალების ფართო სპექტრი.
  4. ძაღლებს, ისევე როგორც ჩვენ, ყოველ დღე ესაჭიროებათ კალორიების გარკვეული რაოდენობა, მათი ზომის, აქტივობისა და ცხოვრების წესის მიხედვით. სიმსუქნე დიდ პრობლემას წარმოადგენს ზოგიერთი ძაღლის ჯიშისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია კალორიების სწორი რაოდენობის გათვალისწინება და სასუსნავების მიღების კონტროლი.
  5. ძაღლის საკვები უსაფრთხო უნდა იყოს როგორც ძაღლისთვის, ასევე თქვენი ოჯახის ყველა წევრისთვის. საკვებში არსებული მომწამვლელი ინფექციები შეიძლება გავრცელდეს ძაღლების და ძაღლის საკვების მეშვეობით. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად კი საჭიროა, რომ ძაღლების კომერციული საკვები აკმაყოფილებდეს იგივე სტანდარტებს, როგორსაც აკმაყოფილებს ადამიანის საკვები.

ᲙᲝᲛᲔᲠᲪᲘᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲮᲚᲨᲘ ᲛᲝᲛᲖᲐᲓᲔᲑᲣᲚᲘ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲡᲐᲙᲕᲔᲑᲘ

  ზოგადად, კომერციული ძაღლების საკვები უფრო მეტად არის რეკომენდირებული ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის ვიდრე სახლში დამზადებული საკვები, თუმცა ამ შემთხვევაში კომერციული ძაღლის საკვები სწორი ბალანსით უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას ამა თუ იმ ძაღლის ტიპის ან ზომის მიხედვით. სხვა სახის საკვები, როგორიცაა სასუსნავები, თავისი შემადგენლობით არასრულია და იყიდება, როგორც “დამატებითი” საკვები. სახლში მომზადებული საჭმელი კი ხშირად, ამ მხრივ, არასრული ან დაუბალანსებელია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები. თუ თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის უპირატესობას სახლში მომზადებულ საჭმელს ანიჭებთ, უმჯობესია მოიძიოთ თქვენს ძაღლზე მორგებული რჩევები ვეტერინარული დიეტოლოგისგან. რაც შეეხება ბიუჯეტს, კომერციული კვება, ჩვეულებრივ, უფრო იაფი და მოსახერხებელია, ვიდრე სახლის.

ᲡᲕᲔᲚᲘ ᲡᲐᲙᲕᲔᲑᲘ ᲗᲣ ᲛᲨᲠᲐᲚᲘ?

  ძაღლების უმეტესობისთვის მისაღებია მშრალი ძაღლის საკვები, რომელიც, როგორც წესი, უფრო იაფი, მოსახერხებელი და ისეთივე სრულყოფილია, როგორც ძაღლის სველი საკვები, თუმცა სველ საკვებს აქვს სხვა უპირატესობები, რომლებიც შესაფერისია ზოგიერთ სიტუაციაში, მაგალითად, როცა ძაღლს სჭირდება წყლის გაზრდილი რაოდენობის მიღება ან კბილების ნაკლებობა აქვს. ასევე შესანიშნავია ამ ორი ტიპის საკვების კომბინაცია.


ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲐ ᲫᲐᲦᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲣᲛᲘ ᲡᲐᲙᲕᲔᲑᲘ?

  უმი ძაღლის საკვები მზარდი ტენდენციაა, მაგრამ საკამათო. უმი კვების მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ამ ტიპის დიეტით ძაღლები უფრო ჯანმრთელები არიან და რომ ეს უფრო ჰგავს მათი ველური ბუნების კვებას. ამ დიეტის სარგებლობის სამეცნიერო მტკიცებულება შეზღუდული და ცვალებადია. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შინაური ძაღლები აღარ არიან მგლები. ის კი ნამდვილად ვიცით, რომ ნედლეულ საკვებს უფრო მეტად გადააქვს საკვებით გადამდები დაავადებები, ვიდრე კომერციულ საკვებს. ამ მიზეზით, ვეტერინარების უმეტესობა ჯერ–ჯერობით არ უწევს რეკომენდაციას უმ საკვებს, თუმცა თუ თქვენ მაინც გადაწყვეტთ უმი საკვების მიცემას თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის, დარწმუნდით, რომ საკვების გარშემო ჰიგიენა შესანიშნავადაა დაცული სახლში. ჩაატარეთ კვლევა, რათა აირჩიოთ სანდო კარგი ხარისხის პროდუქტების მომწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს მათი საკვების სიჯანსაღეს. დარწმუნდით, რომ თქვენი ძაღლის საჭმელი სრული და მდიდარი ყველა იმ ელემენტით, რომელიც ესაჭიროება მისი კეთილდღეობისთვის, ასევე მოერიდეთ თქვენი ძაღლისთვის ძვლის დიდი ნაჭრების მიცემას.


ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲐ ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲕᲔᲒᲔᲢᲐᲠᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲐᲜ ᲕᲔᲒᲐᲜᲣᲠᲘ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲡᲐᲙᲕᲔᲑᲘ?

  ძაღლები ყოვლისმჭამელი ცხოველები არიან, ამიტომ მათ შეუძლიათ ვეგეტარიანული დიეტითაც იკვებონ, თუმცა ვეტერინარების უმეტესობა არ გირჩევთ ძაღლებისთვის ვეგეტარიანულ დიეტას, რადგან ჯერ არ არის კარგად გამოკლვეული არის თუ არა ეს დიეტა საკმარისად სრულფასოვანი ძაღლებისთვის. უმი კვების მსგავსად, არსებობს ძაღლის ვეგანური კვების ძლიერი მხარდამჭერებიც, მაგრამ ამგვარი კვების უსაფრთხოების საფუძვლიანი მტკიცებულება ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა თუ თქვენ მაინც აირჩევთ ვეგეტარიანულ დიეტას, არსებობს კარგი კომერციული ბრენდები, რომლებიც უზრუნველყოფენ თავიანთი პროდუქტის სრულყოფილებას და საჭირო საკვები ინგრედიენტების ბალანსს.

ᲓᲘᲔᲢᲔᲑᲘ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲛᲥᲝᲜᲔ ᲫᲐᲦᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ


  არსებობს კომერციული ძაღლის საკვების დიდი ასორტიმენტი კონკრეტული სამედიცინო საჭიროებებისთვის. ასეთი საკვები შეიძლება ძალიან მოუხდეს თქვენი ძაღლის ჯანმრთელობას, მაგრამ ჯერ აუცილებლად უნდა განიხილოთ ეს საკითხი თქვენს ვეტერინართან. დიეტამ შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს ღვიძლის, თირკმელების, კანისა და ნაწლავების დაავადებების დროს.

ᲓᲘᲔᲢᲐ ᲐᲚᲔᲠᲒᲘᲘᲡ ᲛᲥᲝᲜᲔ ᲫᲐᲦᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

  ალერგიით ან რაიმე ნივთიერების მიმართ აუტანლობით დაავადებული ძაღლები ხშირად სარგებლობენ ჰიპოალერგიული დიეტებით. ამ სიტუაციებში, პრობლემა, ჩვეულებრივ, ცილის წყაროა და არა ნახშირწყლები, შესაბამისად, ასეთ დიეტებში ჩვეულებრივის ნაცვლად შედის “ჰიდროლიზებული” ცილები.

ᲓᲐ ᲡᲐᲑᲝᲚᲝᲝᲓ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲐ ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲡᲐᲙᲕᲔᲑᲘ?

  პატრონების უმეტესობისთვის, საუკეთესო ძაღლის საკვები არის სრული, კომერციული საკვები, რომლის მრავალი ბრენდი არსებობს. შეუძლებელია ერთი ტიპის საკვების მოძებნა, რომელიც ყველა ძაღლისთვის კარგი ვარიანტი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი საყვარელი ცხოველის დიეტა უნდა ეფუძნებოდეს მის ცხოვრების სტილს, ასაკს და სამედიცინო მდგომარეობას. ამის შესახებ კი ყველაზე სანდო რეკომენდაციასა და რჩევებს თქვენი ვეტერინარი მოგცემთ.