ᲞᲣᲓᲔᲚᲘ
პუდელები ძირითადად ცნობილები არიან თავიანთი ხუჭუჭა თმებითა და მხიარული ხასიათით, თუმცა მათ მდიდარი ისტორია გააჩნიათ, შესაბამისად, ისინი ბევრად მეტნი არიან, ვიდრე უბრალოდ საყვარელი გარეგნობის ძაღლები. ამ სტატიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ მეტი ამ პოპულარული ჯიშის შესახებ და გაიგოთ არის თუ არა პუდელი თქვენთვის შესაფერისი ძაღლი.
ᲞᲣᲓᲔᲚᲘᲡ ᲒᲐᲠᲔᲒᲜᲝᲑᲐ
გარდა მათი კულულების, გრძელი მრგვალი ყურებისა და ლამაზი გაწონასწორებული გარეგნობისა, თქვენ შეიძლება შეხვდეთ სხვადასხვა ზომის პუდელს (სტანდარტულ, მინიატურულ და სათამაშო პუდელს) მაგრამ ამ განსხვავების მიუხედავად, ისინი ყველა ერთი და იგივე ჯიშია.
ამ ძაღლებში, თქვენ ასევე იხილავთ ფერების მრავალფეროვნებას, დაწყებული ერთფეროვანი ფერებიდან, როგორიცაა შავი, ვერცხლისფერი, გარგრისფერი, ყავისფერი და დამთავრებული ამ ფერების ნაზავით.
გვერდითი შენიშვნა: გოლდენდუდლი არ არის პუდელის ფერებისგან მიღებული ერთ–ერთი ფერი, იგი მიღებულია პუდელისა და გოლდენ რეტრივერის შეჯვარების შედეგად.
ყველა პუდელს აქვს მკვრივი, ხვეული ბეწვი, მაგრამ იცით, თუ რა დანიშნულება აქვს მას? ეს ძაღლები თავდაპირველად გამოიყვანეს როგორც წყლის ძაღლები. მათი ბეწვი წყალგაუმტარია, შესაბამისად, იგი ძაღლს ცივ წყალშიც კი ათბობს. პუდელებს ასევე აქვთ აპკოვანი თითები, რომლებიც წყალქვეშ ფარფლ–ფეხების მსგავსად მოქმედებს.
როგორც უკვე ვახსენეთ, სხვა ძაღლებთან შედარებით, პუდელს უნიკალური თმა აქვს. მას არ აქვს ორმაგი ბეწვი, სამაგიეროდ, მას ერთი ფენა გააჩნია, რომელიც თითქმის არ სცვივა. ამ ფაქტმა გამოიწვია ბევრი მტკიცება იმისა, რომ პუდელი ჰიპოალერგიულია, რაც შეიძლება ახლოს იყოს სიმართლესთან, მაგრამ ამას ასე დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რადგან ყველა ძაღლს სცვივა ბეწვი, მცირე რაოდენობით მაინც, ამიტომ მძიმედ ალერგიული ადამიანებისთვის, ბეწვის ნებისმიერი რაოდენობა სარისკოა.
ᲞᲣᲓᲔᲚᲘᲡ ᲮᲐᲡᲘᲐᲗᲘ
ტიპიური პუდელი არის ენერგიული და მეგობრული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძაღლები თავდაპირველად შეიძლება გულგრილები იყვნენ უცნობი ადამიანების მიმართ, ისინი სწრაფად თბებიან. იმის გამო, რომ პუდელები არ არიან განსაკუთრებულად მესაკუთრეები, ისინი არც ისე კარგი მცველი ძაღლები არიან. თუმცა, როდესაც საფრთხე აშკარაა, ისინი თავიანთ მფლობელებს და ოჯახებს აუცილებლად დაიცავენ. ეს ჯიში, უმეტესწილად, ჩუმი, წყნარი და ფხიზელია და თავისი მფლობელისა და ოჯახისთვის მხიარული და გამჭრიახი თანამგზავრია.
ᲘᲓᲔᲐᲚᲣᲠᲘ ᲒᲐᲠᲔᲛᲝ ᲞᲣᲓᲔᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ
პუდელები ადვილად ადაპტირებადი ძაღლები არიან, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მათ შეუძლიათ ბედნიერად იცხოვრონ ბინაშიც და დიდ ეზოიან სახლშიც. იმისათვის, რომ ისინი კარგად მოიქცნენ, ამ ჯიშისთვის საკმარისია თქვენი სიყვარული და უამრავი შესაძლებლობა ვარჯიშისა და თამაშისთვის. წაიყვანეთ თვენი პუდელი ძაღლების პარკში და ათამაშეთ ბურთით. მათ ასევე უყვართ ლაშქრობები, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ სიარული ტბაში ცურვით მთავრდება.
თუ სახლში სხვებთან ერთად ცხოვრობთ, პუდელები შესანიშნავი ძაღლები არიან დიდი ოჯახებისთვის, ხოლო როდესაც მათ სათანადოდ აქვთ სოციალიზაცია გავლილი, ისინი ძალიან ნაზები არიან ბავშვების მიმართ, თუმცა დარწმუნდით, რომ როდესაც სიტუაცია ძალიან დაძაბულია, თქვენს პუდელებს აქვთ წყნარი ადგილი განმარტოებისთვის, რადგან ეს ძაღლები მიდრეკილნი არიან ზედმეტი სტიმულირებისკენ.
ᲘᲓᲔᲐᲚᲣᲠᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ ᲞᲣᲓᲔᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ
პუდელისთვის იდეალური პატრონი არის აქტიური და მზად არის იმისათვის, რომ ბევრი დრო დაუთმოს ძაღლთან თამაშსა და ურთიერთობას. ამ ძაღლებისთვის აუცილებელია გონებრივი და ფიზიკური ვარჯიშის უამრავი შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
პუდელებს, ბევრი სხვა ძაღლების მსგავსად, არ უყვართ მარტო დატოვება და მათ განსაკუთრებით უყვართ მოფერება. ამ ჯიშისთვის იდეალური ადამიანი უფრო ხშირად უნდა იყოს სახლში, ვიდრე გარეთ და მათ ესაჭიროებათ ისეთივე მოსიყვარულე პატრონი, როგორებიც თავად არიან. იდელური ვარიანტია, როცა პუდელის პატრონი ნახევარ განაკვეთზე, ან სახლიდან მუშაობს, ამ შემთხვევაში მათ შეეძლებათ მაქსიმალური დრო გაატარონ თავიანთ შინაურ ცხოველთან.
ᲭᲙᲕᲘᲐᲜᲘ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲯᲘᲨᲘᲡ ᲒᲐᲬᲕᲠᲗᲜᲐ
არსებობს მოსაზრება, რომ პუდელი ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიშია, მაგრამ ეს სადაო საკითხია და ამ თემაზე ზუსტი პასუხი არ გაგვაჩნია, თუმცა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი საკმაოდ ახლოს არიან მწვერვალთან. სხვა ჭკვიანი ძაღლების მსგავსად, ისინი სწრაფად სწავლობენ ბრძანებებს და ყოველთვის სურთ, რომ უფრო რთული ხრიკების სწავლაზე გადავიდნენ. თუ თქვენ გიჭირთ თქვენი პუდელისთვის ყურადღების მიქცევა, ძაღლების ტრენერი დაგეხმარებათ თქვენი ოთხფეხა მეგობრის მოტივირებაში და გასწავლით, როგორ ეურთიერთოთ მას უფრო გასაგებად.
იმის გათვალისწინებით, რომ პუდელები ადვილად გაწვრთნადი ძაღლები არიან, არ შეიძლება მათი მკაცრი ვარჯიში ან უხეში მეთოდებით დასჯა, რადგან ეს მათზე ცუდად იმოქმედებს, შესაბამისად, პოზიტიური განმტკიცების მეთოდი ბევრად ეფექტური მიდგომაა პუდელებისთვის. ეცადეთ, რომ ვარჯიშის სესიები მოკლე და სახალისო იყოს და დარწმუნდით, რომ თქვენი პუდელი საკმარისად აქტიურია, რათა თავიდან აიცილოთ მოწყენილობისგან გამოწვეული ცუდი ქცევები.
პუდელის მფლობელებს შორის ყველაზე გავრცელებული პრობლემა ძაღლების საბელის გაწვრთნაა. მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე ასწავლოთ ძაღლს სეირნობისას თქვენი გამოყოლა და გაითვალისწინეთ, რომ შეწყვტოთ სიარული, როდესაც თქვენი ძაღლი რაიმე არასასურველს აკეთებს, და მხოლოდ მაშინ განაგრძეთ, როცა პუდელი საკმარისად მოდუნებულ საბელს დატოვებს თქვენი გემოვნების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ საბელის ვარჯიში შეიძლება შედარებით შრომატევადი იყოს, მოსაქმების ვარჯიში პუდელისთვის საკმაოდ მარტივია, რაც ნამდვილი შვებაა სხვა ძაღლებთან შედარებით.
ᲞᲣᲓᲔᲚᲘᲡ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲐ
ისევე, როგორც სხვა ჯიშის ძაღლები, პუდელიც არის მიდრეკილი ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებისკენ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის ადისონის დაავადება (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა), რომლის მართვაც შესაძლებელია მედიკამენტებით. ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს მიეკუთვნება შებერილობა, კუჭის ვოლვულუსი (GDV), ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ეპილეფსია, ცხიმოვანი ადენიტი, ბარძაყის დისპლაზია და, იშვიათ შემთხვევებში, ფონ ვილებრანდის დაავადებაც.
გრძელი ყურების გამო, პუდელები მიდრეკილნი არიან ყურის ინფექციებისკენ, ამიტომ რეკომენდირებულია ძაღლის ყურების რეგულარული გაწმენდა და კონსულტაციის გავლა თქვენს ვეტერინართან სათანადო დასუფთავების ხელსაწყოებისა და წმენდის ტექნიკის შესახებ.
ᲞᲣᲓᲔᲚᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ
პუდელები თავდაპირველად გერმანიაში გამოიყვანეს და მე-15 და მე-16 საუკუნეებიდან უკვე ხელოვნებაში გამოჩნდნენ. მათი სახელწოდება მომდინარეობს გერმანული სიტყვიდან pudel, რაც ნიშნავს “გადმოშხეფებას”. იქ ისინი მე-17 საუკუნიდან მუშაობდნენ წყლის რეტრივერებად, მონადირეებს ეხმარებოდნენ იხვებისა და სხვა წყლის ფრინველების მოპოვებაში, ზოგჯერ კი მაღალ ფრინველებზე ნადირობაშიც. ამას გარდა, ისინი ასევე მუშაობდნენ ცირკის შემსრულებლებად.
პუდელის ჯიშის წარმომავლობა სადავოა. ზოგი ამბობს, რომ ისინი წარმოიშვნენ გერმანული წყლის ძაღლისგან, ზოგი კი თვლის, რომ ეს ჯიში წარმოიშვა ფრანგული ბარბეტისგან, რომელიც შესაძლოა გამოყვანილი იყო უნგრულ წყლის ძაღლთან შეჯვარებით. მაგრამ საერთო კონსენსუსი არის ის, რომ ისინი წარმოიშვნენ გერმანიაში.
ბევრი ადამიანი პუდელს საფრანგეთს უკავშირებს და, მართლაც, ისტორიულად ის პოპულარული ჯიშია საფრანგეთში, რომელსაც აფასებენ როგორც წყლის რეტრივერებს და ტრიუფელის ძაღლებს. თუმცა, სასაუბრო ტერმინი “ფრანგული პუდელი” ძირითადად გამოიყენება პუდელის ვარცხნილობის აღსანიშნავად.
ᲞᲣᲓᲔᲚᲘᲡ ᲡᲐᲮᲚᲨᲘ ᲛᲝᲧᲕᲐᲜᲐ
პუდელის მოყვანა მარტივია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მზად იყოთ. თუ ლეკვს ყიდულობთ, დროის დათმობა მოგიწევთ ძირითადი მორჩილების ვარჯიშების სწავლაზე. ასევე მნიშვნელოვანია ლეკვის სოციალიზაცია სხვა ადამიანებთან და ძაღლებთან და ისეთი მნიშვნელოვანი უნარების სწავლება, როგორებიცაა ღამის ძილი და გარეთ მოსასაქმებლად გასვლა.