კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲚᲐᲑᲠᲐᲓᲝᲠ ᲠᲔᲢᲠᲘᲕᲔᲠᲘ

სხვადასხვა ფერის ლაბრადორ რეტრივერი

  ლაბრადორ რეტრივერი არის საშუალო ზომის ძაღლის ჯიში მოკლე ბეწვითა და მტკიცე აღნაგობით. ეს ძაღლი ცნობილია თავისი ინტელექტით, მეგობრული ხასიათითა და კარგი ტემპერამენტით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გამოიყვანეს, როგორც სანადირო ძაღლები, ლაბრადორ რეტრივერები, ასევე, შესანიშნავი კომპანიონები არიან. მათი სპორტული შესაძლებლობების გარდა, ეს ძაღლები შესანიშნავად ირგებენ მოსამსახურე და თერაპიული ძაღლების როლს. ამ ჯიშს ასევე იყენებენ ნარკოტიკების და ფეთქებადი ნივთიერების აღმოჩენისა და ძებნა-გადარჩენის სამუშაოებისთვის.

ᲚᲐᲑᲠᲐᲓᲝᲠ ᲠᲔᲢᲠᲘᲕᲔᲠᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ

  ლაბრადორ რეტრივერის წინამორბედები ნიუფაუნდლენდში წარმოიშვნენ. 1800-იანი წლების დასაწყისში, წმინდა იოანეს წყლის ძაღლის სახელწოდებით, ასევე ცნობილი როგორც მცირე ნიუფაუნდლენდს, იყენებდნენ სათევზაო ნავებზე. ეს ძაღლები გამოირჩეოდნენ წყალში მუშაობის ოსტატობით, კარგი სამუშაო ეთიკითა და მეგობრული ბუნებით.

  ნიუფაუნდლენდში ჩასული ბრიტანელი დიდგვაროვნები ამ ძაღლებით დაინტერესდნენ და რამდენიმე მათგანი ინგლისში წაიყვანეს იმ მიზნით, რომ ნადირობის დროს წყლის ფრინველები მოეტანათ. მათ ამ ჯიშის დახვეწა ინგლისში განაგრძეს, რადგან ის ნიუფაუნდლენდში არც თუ ისე დაფასებული იყო, ხოლო, საბოლოოდ, ბრიტანელებმა მიიღეს ჯიშის სტანდარტი, რომელიც ჩვენ დღეს ვიცით.

  ლაბრადორ რეტრივერი ბოლო წლებში მუდმივად ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ძაღლის ჯიშად აშშ-ში. ისტორიის მანძილზე ბევრ გამოჩენილ ფიგურას ჰყავდა ლაბრადორი, მათ შორის პრინც უილიამს და პრინც ჰარის, ასევე პრეზიდენტ ბილ კლინტონს. ლაბრადორ რეტრივერებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სამხედრო, პოლიციისა და მომსახურების სამუშაოშიც.

ᲚᲐᲑᲠᲐᲓᲝᲠ ᲠᲔᲢᲠᲘᲕᲔᲠᲘᲡ ᲕᲐᲠᲯᲘᲨᲘ

  ლაბორადორ რეტრივერები საუკეთესოდ შეეფერებიან ეზოიან სახლებს, სადაც მათ ბევრი ვარჯიში და თამაში შეუძლიათ. ისინი მაღალი ენერგიის მქონე ძაღლები არიან, შესაბამისად, თუ ეს ჯიში არ მიიღებს საკმარის ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობას და გონებრივ სტიმულაციას, ის შეიძლება გახდეს ჰიპერაქტიური და დესტრუქციული. ყოველ დღე მინიმუმ ორი საათით დაგეგმეთ ისეთი ვარჯიშები, როგორებიცაა სეირნობა, სირბილი, ლაშქრობა და აქტიური თამაში. იმის გამო, რომ ლაბრადორ რეტრივერები ადამიანებზე ორიენტირებული ძაღლები არიან, მათ ურჩევნიათ თქვენთან ერთად ივარჯიშონ, ვიდრე ეზოში დარჩნენ მარტო.

  იმის გათვალისწინებით, რომ ლაბრადორ რეტრივერები წყლის ძაღლები იყვნენ, მათ უყვართ ბანაობა ნებისმიერ დროს და ადგილას (გუბეებშიც კი). ასე რომ, ძაღლების ისეთი სპორტი, როგორიცაა დოკ დაივინგი, შესანიშნავია მათ გასართობად. ანალოგიურად, სხვა რეტრივერების მსგავსად, მათ უყვართ ფრიზბის ან ბურთის მოტანის თამაში.

ᲚᲐᲑᲠᲐᲓᲝᲠ ᲠᲔᲢᲠᲘᲕᲔᲠᲘᲡ ᲛᲝᲕᲚᲐ

  ლაბრადორ რეტრივერებს აქვთ გლუვი, წყალგამძლე ბეწვი, რომელიც საჭიროებს მინიმალურ მოვლას, თუმცა, სქელი ბეწვი ამ ძაღლს დიდი რაოდენობით სცვივა, ამიტომ ყოველკვირეული დავარცხნა მნიშვნელოვანია ფხვიერი ბეწვის მოსაშორებლად და კანის ზეთების გასანაწილებლად. ასევე, ლაბრადორ რეტრივერის ბეწვი უფრო ძლიერად ცვივა გაზაფხულსა და შემოდგომაზე ამინდის ცვლილების გამო, ასე რომ, ამ პერიოდში თქვენ მოგიწევთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის კვირაში რამდენჯერმე დავარცხნა, რათა არ დარჩეს ფხვიერი ბეწვი. საბედნიეროდ, იმის გამო, რომ მათი ბეწვი ბუნებრივად ინარჩუნებს სისუფთავეს, ლაბრადორ რეტრივერებს ჩვეულებრივ დაბანა სჭირდებათ მხოლოდ რამდენიმე თვეში ერთხელ.

  ლაბრადორ რეტრივერების ფრჩხილების მოჭრა საჭიროა ყოველთვიურად, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად უცვთება ისინი თქვენს ძაღლს. ასევე, მიზნად დაისახეთ კბილების ყოველდღიურად გახეხვა, ხოლო ყოველკვირეულად შეამოწმეთ ყურები ჭუჭყის, ნამსხვრევებისა და ინფექციის რაიმე ნიშანზე. აუცილებლად გაუმშრალეთ ყურები ცურვისა და დაბანის შემდეგ.


ᲚᲐᲑᲠᲐᲓᲝᲠ ᲠᲔᲢᲠᲘᲕᲔᲠᲘᲡ ᲒᲐᲬᲕᲠᲗᲜᲐ

  ლაბრადორ რეტრივერის სოციალიზაცია და ვარჯიში დაიწყეთ მისი ლეკვობის პერიოდში, რათა ხელი შეუწყოთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის ენერგიისა და ძალების პოზიტიურად წარმართვას. ლაბრადორ რეტრივერები ყოველთვის მოწადინებულები არიან, შესაბამისად, ისინი სიამოვნებით ასრულებენ ნებისმიერ დავალებას და სამუშაოს, მაშინაც კი, თუ ეს სამუშაო მორჩილების ბრძანებების სწავლას გულისხმობს. ასე რომ, მანამ, სანამ თანმიმდევრულები იქნებით და გამოიყენებთ პოზიტიური განმტკიცების მეთოდებს, ამ ძაღლის ვარჯიში საკმაოდ მარტივი იქნება.

  ლაბრადორ რეტრივერისთვის ლეკვისთვის იდეალურია სხვადასხვა ადამიანის, ცხოველის და სიტუაციის გაცნობა. ეს მას დაეხმარება, რომ იყოს მშვიდი და თავდაჯერებული ძაღლი.

  ლაბრადორ რეტრივერები, როგორც ნამდვილი ოჯახის ძაღლები, ჩვეულებრივ კარგად ეწყობიან ბავშვებს და ცნობილი ფაქტია, რომ ეს ძაღლები წარმოუდგენლად ლოიალურები და მოსიყვარულეები არიან. თუმცა, მცირეწლოვანი ბავშვები ძაღლის სიახლოვეს ყოველთვის უნდა იყვნენ მეთვალყურეობის ქვეშ. ლაბრადორ რეტრივერები ასევე, როგორც წესი, კარგად თანაცხოვრობენ ოჯახში მყოფ სხვა ცხოველებთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი სოციალიზაცია ამ ცხოველებთან პატარა ასაკიდან ხდება.

ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲝ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲔᲑᲘ

  ლაბრადორ რეტრივერები, როგორც წესი, ჯანმრთელი ძაღლები არიან, თუმცა, ზოგ შემთხვევაში მათ შეიძლება ერგოთ რომელიმე მემკვიდრეობითი ჯანმრთელობის პრობლემა:

  • იდაყვის და ბარძაყის დისპლაზია
  • გულის პრობლემები
  • მემკვიდრეობითი მიოპათია (კუნთების სიძლიერის და კონტროლის დაკარგვა)
  • თვალის პრობლემები
  • გასტრექტაზია

ᲚᲐᲑᲠᲐᲓᲝᲠ ᲠᲔᲢᲠᲘᲕᲔᲠᲘᲡ ᲙᲕᲔᲑᲐ

  ყოველთვის გქონდეთ ხელმისაწვდომი სუფთა წყალი თქვენი ძაღლისთვის. თქვენს ლაბრადორ რეტრივერს დღეში ორჯერ აჭამეთ ხარისხიანი, დაბალანსებული ძაღლის საკვები. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ვეტერინართან რაოდენობისა და საკვების სახეობის შესახებ, რადგან ძაღლების საკვები ერთმანეთისგან განსხვავდება ზომის, აქტივობის დონისა და სხვა ფაქტორების მიხედვით. ძაღლის კვების საჭიროებები ასევე შეიძლება შეიცვალოს მის ზრდასთან ერთად.

  გაითვალისწინეთ, რომ ლაბრადორ რეტრივერებისთვის წონაში მატება და სიმსუქნე ჩვეულებრივი მოვლენაა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ მათ უყვართ ბევრი ჭამა და დანაყრება. ასე რომ, თქვენზეა დამოკიდებული დღის განმავლობაში საკვების დანაწილება, ასევე, ყურადღება მიაქციეთ სასუსნავებს, რათა თავიდან აიცილოთ მათი ზედმეტი რაოდენობით მიცემა ძაღლისთვის.