ᲡᲐᲗᲐᲛᲐᲨᲝ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲯᲘᲨᲔᲑᲘ
თუ თქვენი ოცნებაა სამუდამოდ გყავდეთ ლეკვის ზომის ძაღლი, თქვენ შეგიძლიათ, რომ ეს რეალობად აქციოთ. თქვენ უბრალოდ უნდა განიხილოთ სათამაშო ძაღლის ჯიშის აყვანა. როგორც მათი სახელი მიგვანიშნებს, სათამაშო ძაღლის ჯიში ძალიან პატარა ზომისაა, მაგრამ სიმაღლის დანაკლისს, ისინი თავიანთი შესანიშნავი თვისებებით ავსებენ.
ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲗᲐᲛᲐᲨᲝ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲯᲘᲨᲘ?
ფრაზა “სათამაშო” მიგვანიშნებს ძალიან პატარა ზომის ძაღლზე, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, 7 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. ამ სახეობებს შერჩევით იყვანდნენ რამდენიმე თაობის განმავლობაში, რათა პატარები ყოფილიყვნენ, ამიტომ სათამაშო ჯიშები შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან ტიპის, გარეგნობისა და ტემპერამენტის მიხედვით.
ᲡᲐᲗᲐᲛᲐᲨᲝ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲯᲘᲨᲘᲡ ᲛᲐᲮᲐᲡᲘᲐᲗᲔᲑᲚᲔᲑᲘ
ჯიბის ზომის ლეკვის მოყვანას ბევრი სარგებელი აქვს, მათ შორის უფრო ადვილი მოვლა და ნაკლები ბეწვის აკრეფა. ამასთან ერთად სათამაშო ძაღლის ჯიშებს, უფრო დაბალი ვეტერინარული ხარჯები აქვთ, ვიდრე საშუალო და დიდი ძაღლის ჯიშებს, ასევე ნაკლები სივრცე და ვარჯიში ესაჭიროებათ, რაც კარგია, თუ ბინაში ან პატარა სახლში ცხოვრობთ.
ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲡᲐᲗᲐᲛᲐᲨᲝ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲯᲘᲨᲔᲑᲘ
აქ მიმოხილულია ხუთი პოპულარული სათამაშო ძაღლის ჯიში, რომელიც შეიძლება იდეალური ვარიანტი იყოს თქვენთვის:
ᲛᲐᲚᲢᲔᲖᲔ
მალტეზეს აქვს სწორი, საშუალო სიგრძის თეთრი თმა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯიშს თმა მსუბუქად სცვივა, მის ბეწვს მაინც ყოველდღიურად ესაჭიროება დავარცხნა და რეგულარული დაბანა. ეს სახეობა ცნობილია, როგორც მოსიყვარულე, მხიარული და ინტელექტუალური ძაღლის ჯიში. თუ მალტეზეები პატარა ასაკიდანვე გაივლიან სათანადო სოციალიზაციას, ისინი ოჯახისთვის შესანიშნავ შინაურ ცხოველებად იზრდებიან.
მალტეზე მინი ჯიშია, რომელიც თავს კომფორტულად გრძნობს ბინაში ან პატარა სახლში. თუ ეზო არ გაქვთ, მზად იყავით თქვენი ძაღლის ყოველდღიური მოკლე გასეირნებისთვის. მალტეზე შეიძლება ძალიან გამაღიზიანებელი გახდეს, თუ იგი დიდხანს დარჩა მარტო, თუმცა, თანმიმდევრული ვარჯიშით, თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ამ მავნე ჩვევების ჩამოყალიბება.
მალტეზეს საშუალო სიმაღლე 20-დან 25 სანტიმეტრამდეა. მისი წონა კი 2-დან 3 კილოგრამამდე მერყეობს.
ᲩᲘᲮᲣᲐᲮᲣᲐ
ჩიხუახუა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პატარა ძაღლის ჯიშია. იგი ინტელექტუალური და ერთგული შინაური ცხოველია განსაკუთრებული მახასიათებლებით.
ჩიხუახუას შეიძლება ჰქონდეს გლუვი ან გრძელი ბეწვი, რომელიც საჭიროებს ნაზ დავარცხნას და რეგულარულ გაწმენდას ნესტიანი ტილოთი. დროდადრო დაბანა მათ დაეხმარება სისუფთავის შენარჩუნებაში.
ეს გაბედული ძაღლები, როგორც წესი, აგრესიულები არიან უცნობების მიმართ ადრეული ასაკიდან ყურადღების დათმობის, მოვლისა და ვარჯიშის გარეშე, თუმცა პატრონებთან მიმართებაში ისინი მოსიყვარულეები არიან. ხანმოკლე გასეირნება მათ დაეხმარება ზედმეტი ენერგიის დახარჯვაში, ამასთან ერთად, ისინი დიდ სიამოვნებას იღებენ სამეზობლოსა და მიმდებარე ტერიტორიების გამოკვლევით. ჩიხუახუა შესაფერისია პატარა ბინაში საცხოვრებლად, ხოლო თუ თქვენ გაქვთ ეზო, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს დაცული ღობე.
ჩიხუახუას საშუალო სიმაღლე 15-დან 23 სანტიმეტრანდეა, ხოლო წონა 1-დან 3 კილოგრამამდე.
ᲞᲐᲞᲘᲚᲘᲝᲜᲘ
თუ თქვენ გაქვთ დრო იმისათვის, რომ ის თქვენს პაპილიონს დაუთმოთ, ეს ძაღლი ძალიან ბედნიერი და მხიარული იქნება. პაპილიონი საკმარისად პატარაა ხელში სატარებლად, ასევე, იგი პოპულარულია ძაღლების შეჯიბრებებში.
პაპილიონს აქვს დიდი ზომის ყურები და გრძელი სწორი თმა. იგი არის სათამაშო ძაღლის ჯიში აბრეშუმისებრი ბეწვით, რომელიც გარკვეულ სეზონებზე ცვენას იწყებს. ამ პერიოდის განმავლობაში, თქვენ დაგჭირდებათ მისი ყოველდღიურად დავარცხნა. თუმცა, პაპილიონი სუფთა ჯიშია და არ სჭირდება რეგულარული აბაზანები.
ეს კომპანიონი ძაღლები თავიანთი ბეწვის გამო, უპირატესობას ანიჭებენ თბილ კლიმატს. ისინი ჭკვიანები არიან და ადვილად ვარჯიშობენ, მაგრამ შეიძლება აგრესიულები იყვნენ უცხო ადამიანების მიმართ. თუ ეს ძაღლები სოციალიზაციას ადრეული ასაკიდან გაივლიან, ისინი ბედნიერად იცხოვრებენ ბავშვებთან და სხვა შინაურ ცხოველებთან ერთად. პაპილიონებს მოსწონთ გარეთ ყოფნა, ასე რომ, თუ ბინაში ცხოვრობთ, აუცილებლად უნდა დანიშნოთ ყოველდღიური გასეირნება და ვარჯიში გარეთ. ამ ჯიშს არ უყვარს დიდხანს მარტო დარჩენა, ასე რომ, თუ დისტანციურად მუშაობთ, პაპილიონი შეიძლება თქვენთვის იდეალური ჯიში იყოს.
პაპილიონის საშუალო სიმაღლე 20-დან 28 სანტიმეტრამდეა. საშუალო წონა კი 3-დან 5 კილოგრამამდე.
ᲘᲝᲠᲙᲨᲘᲠ ᲢᲔᲠᲘᲔᲠᲘ
იორკშირ ტერიერები ენერგიული და მოსიყვარულე პატარა ძაღლები არიან. მათ გრძელი, თხელი და სწორი თმა აქვთ, რომელიც საშუალოზე მეტ მოვლას საჭიროებს, ამაში კი შედის ბეწვის ყოველდღიური დავარცხნა.
იორკი არის აქტიური სათამაშო ჯიში, რომელსაც ყოველდღიურად სჭირდება სიარული. ისინი ჭკვიანები არიან და საჭიროებენ სათანადო გაწვრთნას. ეს კლასიკური პატარა ჯიში კარგი მეთვალყურეა. იგი მუდმივად გაცნობებთ, კარებთან ვინმე თუა. იორკიშ ტერიერი შესაფერიასია როგორც მარტოხელებისთვის, ასევე წყვილებისა და ოჯახებსთვის, სადაც უფროსი ბავშვები არიან.
იორკშირ ტერიერები სიამოვნებით ცხოვრობენ პატარა ბინაშიც და დიდ ეზოიან სახლშიც. თუმცა, მათ რეგულარული ვარჯიში დასჭირდებათ, რადგან მათმა ყეფამ შეიძლება თქვენი მეზობლები შეაწუხოს.
იორკის საშუალო სიმაღლე 20-დან 23 სანტიმეტრამდეა. ისინი იწონიან 2-დან 3 კილოგრამამდე.
ᲞᲝᲛᲔᲠᲐᲜᲣᲚᲘ ᲨᲞᲘᲪᲘ
პომერანული შპიცი კიდევ ერთი საუკეთესო სათამაშო ძაღლის ჯიშია. ამ ჯიშს აქვს ფუმფულა ორმაგი ბეწვი საშუალო სიგრძის სწორი თმით. ბეწვის ქვედა ფენის მოსაშორებლად ამ ძაღლის დავარცხნა კვირაში ორჯერ მაინც დაგჭირდებათ. ისინი ზოგადად სუფთა ცხოველები არიან და მხოლოდ დროდადრო საჭიროებენ დაბანას.
პომერანული შპიცები ჭკვიანები და კომუნიკაბელურები არიან, ხოლო სწორი აღზრდით ისინი შესანიშავად ეწყობიან როგორც ბავშვებს, ასევე სხვა შინაურ ცხოველებს. ეს მოსიყვარულე თანამგზავრები ფხიზლები არიან და ისინი ყეფას იწყებენ უცნაური ხმის გაგონებისას. სანამ ძალიან დაცხება, მათ ძალიან სიამოვნებთ ხანგრძლივი ყოველდღიური სეირნობა.
პომერანული შპიცები კმაყოფილები არიან ნებისმიერ საცხოვრებელ გარემოში. თუ ამ ჯიშის ძაღლი გაწვრთნილია, თქვენ შეგიძლიათ იგი მარტო დატოვოთ სამსახურში ყოფნისას, დესტრუქციულ ქცევაზე ნერვიულობის გარეშე.
პომერანელის საშუალო სიმაღლე 20-დან 28 სანტიმეტრამდეა, საშუალო წონა კი – 1-დან 3 კილოგრამამდე.
სათამაშო ჯიშები მრავალი მიზეზის გამო უყვართ. ისინი არამარტო პატარა ადგილს იკავებენ, არამედ არიან მომხიბვლელები, კარგი თვისებებით სავსენი და, ხშირ შემთხვევაში, უფრო მამაცებიც კი, ვიდრე ბევრი სხვა დიდი ჯიში. ნებისმიერი ძაღლი ამ სიაში შეიძლება იდეალური კანდიდატი იყოს თქვენი მომავალი კომპანიონისთვის. თუმცა, მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ სათამაშო ძაღლების პაწაწინა ფეხები ვერ ახერხებენ ხანგრძლივ სირბილს და ლაშქრობას უფრო აქტიურ მფლობელებთან.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უფრო მეტი სათამაშო ძაღლი, ვიდრე მხოლოდ ისინი, რომლებიც ამ სიაში შედიოდა, აქ განხილულია რამდენიმე ყველაზე პოპულარული სათამაშო ძაღლი, რომელიც ხალხს ძალიან უყვარს. ყოველი მათგანი ერთგული თანამგზავრია, რომლის მუდმივი სურვილიც თქვენი სიამოვნება და თქვენთან ერთად დროის გატარებაა.