კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

13 ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲯᲘᲨᲘ ᲝᲯᲐᲮᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ორი ძაღლი

  ახალი ძაღლები ოჯახის ძალიან საყვარელი წევრები ხდებიან. თუ თქვენ ახალი ძაღლის აყვანაზე ფიქრობთ, მარტო არ ხართ. დღესდღეისობით უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყვანს შინაურ ცხოველს, ვიდრე ოდესმე. მაგრამ რთულია ამდენი განსხვავებული ჯიშიდან სწორის არჩევა ოჯახისთვის. სრულყოფილი საოჯახო ძაღლის მოყვანა შეგიძლიათ თქვენი ცხოვრების წესიდან, სივრციდან და მცირეწლოვანი ბავშვების ყოლდან გამომდინარე. 

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲝᲗ ᲝᲯᲐᲮᲘᲡ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲨᲔᲠᲩᲔᲕᲘᲡᲐᲡ?

  სანამ ოჯახის ძაღლს აარჩევთ, რამდენიმე პუნქტი უნდა გაითვალისწინოთ.

რასაკვირველია, ოჯახისთვის იდეალური იქნება ისეთი ძაღლი, რომელიც კარგად ეწყობა ბავშვებს.

  თქვენ ასევე უნდა მოძებნოთ ჯიში, რომელიც შეესაბამება თქვენი ცხოვრების წესს. მაგალითად, ზოგიერთ ძაღლს მეტი სივრცე და ვარჯიში სჭირდება, ვიდრე სხვებს. არის ძაღლები, რომლებსაც ბევრი ყურადღება და გონებრივი სტიმულაცია სჭირდებათ, ზოგიც კი უფრო სიმარტოვის მოყვარული და პასიურია, ასეთი ძაღლები სიამოვნებით რჩებიან სახლში მარტო, სანამ სამსახურში ხართ.

  კლიმატს, რომელშიც ცხოვრობთ, ასევე შეუძლია დიდი როლი შეასრულოს თქვენს მიერ არჩეულ ძაღლის ტიპზე. მაგალითად, არსებობენ ლეკვები, რომლებსაც წყალი უყვართ და ზოგიც, რომლებსაც უფრო გრილი გარემო უყვართ.

  კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია პოტენციური ალერგია. თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აწუხებს შინაური ცხოველის ქერტლის (ან სხვა დაკავშირებული) ალერგია, ჰიპოალერგიული ან უბეწვო ჯიში შეიძლება ეფექტური ვარიანტი იყოს ამ შემთხვევაში.

  თქვენ, ასევე, უნდა იფიქროთ იმაზე, გსურთ თუ არა თქვენი ახალი ძაღლის აყვანა სელექციონერისგან. თქვენი ბიუჯეტი მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების მიღებისას, რადგან ფასი შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს. შერეული ჯიშები, როგორც წესი, ბევრად უფრო იაფია, ვიდრე სუფთა ჯიშები, ხოლო გადარჩენილი ძაღლები, ზოგჯერ მხოლოდ სტერილიზაციის საფასურს საჭიროებენ.

  ჯიში ისტორიის მხოლოდ ნაწილია. ძაღლის სახეობა ქცევის ცვალებადობის მხოლოდ 9%-ს შეადგენს. ასაკმა და ვარჯიშმა ასევე შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს შინაური ცხოველის თქვენს ოჯახთან თავსებადობაზე.

ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲛᲘᲜᲘ ᲫᲐᲦᲚᲔᲑᲘ ᲝᲯᲐᲮᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

1. ᲨᲘᲰ ᲪᲣ

  შიჰ ძუები პატარა ძაღლები არიან. უმეტეს ქვეყანაში, ისინი კლასიფიცირდებიან როგორც სათამაშო ძაღლის ჯიში. შიჰ ძუებს აქვთ გრძელი ბეწვი და სჭირდებათ რეგულარული დავარცხნა. მათ უყვართ ოჯახის ყველა წევრი და, ზოგადად, ადამიანების გარემოცვაში ყოფნა.

  მათი მცირე ზომის გამო, შიჰ ძუ შეიძლება უხეში თამაშის დროს დაშავდეს. ამ მიზეზით, ისინი საუკეთესოდ შეეფერებიან ოთხ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს.

ეს ჯიში საკმაოდ მარტივად გაწვრთნადია და იდეალურია ახალბედა მფლობელებისთვის.

  შიჰ ძუ არის პოპულარული ჯიში მათთვის, ვინც ბინაში ცხოვრობს, რადგან ეს სახეობა მშვიდია და გამოირჩევა ნაზი ქცევებით. შიჰ ძუ ასევე კომფორტულია სახლებში დიდი შემოგარენით, მაგრამ მათ შენობაში ძილი ურჩევნიათ.

ზომა: 23-25 სანტიმეტრი სიმაღლე
წონა: 4-7 კილოგრამი

2. ᲡᲐᲗᲐᲛᲐᲨᲝ ᲙᲝᲙᲐᲞᲣ

  კოკერ სპანიელისა და მინიატურული პუდელის შეჯვარების შედეგად მიღებული სათამაშო კოკაპუ არის “დიზაინერის” ჯიში.

  სათამაშო კოკაპუები გარეთ ყოფნის მოყვარული ძაღლები არიან და ოჯახის ყველა წევრთან ამყარებენ კავშირს. მათ ვარჯიშის დაბალი მოთხოვნილება აქვთ, მაგრამ ხშირად უყვართ სეირნობა და წყლით თამაში.

  კოკაპუს ბეწვის ფერი და ტექსტურა შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ძაღლში. მაგალითად, ზოგიერთ სათამაშო კოკაპუს აქვს ხვეული თმა, ზოგს კი – სწორი. ამ ძაღლებს აქვთ ჰიპოალერგიული ბეწვი და თმა სცვივათ მინიმალური რაოდენობით.

  სათამაშო კოკაპუები საკმაოდ მარტივად გაწვრთნადები არიან, მაგრამ მათ აქვთ თამაშისმოყვარული ბუნება. ამ ჯიშის მცირე ზომა კოკაპუებს შესაფერისს ხდის ბინაში საცხოვრებლად. მათ ურჩევნიათ შიგნით ძილი, მაგრამ ასევე აფასებენ გარკვეული დროის გარეთ გატარებას.

ზომა: 20-25 სანტიმეტრი სიმაღლე
წონა: 3-6 კილოგრამი

3. ᲯᲔᲙ ᲠᲐᲡᲔᲚ ᲢᲔᲠᲘᲔᲠᲘ

  ჯეკ რასელ ტერიერები პატარა, მეგობრული ძაღლები არიან. ისინი აქტიურები არიან და სჭირდებათ რეგულარული სიარული.

  ჯეკ რასელ ტერიერი კარგი შინაური ცხოველია სამ წელზე უფროსი ასაკის ბავშვების მქონე ოჯახებისთვის, მისი გაწვრთნა კი საკმაოდ მარტივია. ამ ჯიშს სიამოვნებს ისეთი თამაში, როგორიცაა სათამაშოს გადაგდება და მოტანა, ასევე, მათ ბუნებაშია ორმოების გათხრა.

  ამ ძაღლებს სჭირდებათ ზომიერი მოვლა. მიუხედავად იმისა, რომ მათ სხვადასხვა სიგრძისა და ტიპის ბეწვი აქვთ, ჯეკ რასელ ტერიერებს თმა, ჩვეულებრივ, მთელი წლის განმავლობაში სცვივა.

  იმის გამო, რომ ამ ჯიშს ბევრი ენერგია აქვს, ჯეკ რასელ ტერიერებს რეგულარული დრო ესაჭიროებათ გარეთ, შესაბამისად, ეს ძაღლი ამჯობინებს ეზოიან სახლში ცხოვრებას, თუმცა მათ მაინც შეუძლიათ იცხოვრონ ბინაში, თუკი თქვენ მათ ყოველდღიურ ვარჯიშს შეძლებთ. 

ზომა: 25-38 სანტიმეტრი სიმაღლე
წონა: 6-8 კილოგრამი 

ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲞᲐᲢᲐᲠᲐ ᲫᲐᲦᲚᲔᲑᲘ ᲝᲯᲐᲮᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

4. ᲙᲐᲕᲐᲚᲔᲠᲘ ᲙᲘᲜᲒ ᲩᲐᲠᲚᲖ ᲡᲞᲐᲜᲘᲔᲚᲘ

  კავალერი კინგ ჩარლზ სპანიელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლია ბავშვებისთვის. იგი ბედნიერი ჯიშია თბილი ბუნებით.

  კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელს აქვს საშუალო და გრძელი ბეწვი, რომელიც გვხვდება წითელი, შავი და თეთრი კომბინაციებით. ამ ჯიშს გარკვეულწილად სცვივა ბეწვი, მაგრამ ყოველკვირეული მოვლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მათი თმისცვენის გაკონტროლება.

  ეს სპანიელები ადვილად გაწვრთნადები არიან და მათ უყვართ თავიანთი მფლობელების გახარება. ისინი მეგობრული, ხალხის მოყვარული ლეკვები არიან და უხდებიან ყველა ასაკის ბავშვებს. კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელები ასევე კარგად ეწყობიან სხვა შინაურ ცხოველებს.

  მცირე ზომის გამო, კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელს შეუძლია ბინაში ცხოვრება, თუმცა, მათ აუცლებლად სჭირდებათ ყოველდღე მოკლე გასეირნება.

ზომა: 30-33 სანტიმეტრი სიმაღლე
წონა: 6-8 კილოგრამი

5. ᲣᲔᲚᲨ ᲙᲝᲠᲒᲘ ᲞᲔᲛᲑᲠᲝᲙᲘ

  უელშ კორგი პემბროკი კარგი არჩევანია რვა წელზე უფროსი ასაკის ბავშვების ოჯახებისთვის. ისინი ინტელექტუალური ძაღლები არიან, რომლებიც ძლიერ კავშირს ამყარებენ მფლობელებთან.

  ისინი სწრაფად სწავლობენ, მაგრამ სწორი გაწვრთნის გარეშე, ეს ძაღლები შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ ყეფისკენ.

  უელშ კორგი პემბროკს აქვს სწორი, საშუალო სიგრძის თმა სხვადასხვა ფერის კომბინაციით. ბეწვი საშუალო რაოდენობით სცვივათ. ისინი შეგიძლიათ დავარცხნოთ კვირაში ერთხელ.

  თქვენი კორგი ყოველდღე უნდა ასეირნოთ 45 წუთამდე. ეს ჯიში შეიძლება შესაფერისი იყოს ქალაქის ბინაში და დიდ სახლში საცხოვრებლადაც. მათ არ აწუხებთ პატარა სივრცეები. თუმცა გახსოვდეთ, რომ კორგს არ უყვარს დიდხანს მარტო ყოფნა.

ზომა: 25-30 სანტიმეტრი სიმაღლე
წონა: 10-14 კილოგრამი

6. ᲢᲐᲥᲡᲐ

  ტაქსა გრძელი სხეულისა და მოკლე ფეხების მქონე ძაღლია. ამ ჯიშს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვანაირი ბეწვი, მათ შორის გლუვი, უხეში და გრძელთმიანი.

ამ ძაღლს ბეწვი საშუალო რაოდენობით სცვივა და იგი უნდა დაივარცხნოს თვეში ერთხელ მაინც.

  თუ ტაქსები სათანადო სოციალიზაციას გაივლიან პატარა ასაკში, ეს ერთგული ლეკვები კარგად ეწყობიან ბავშვებს. ეს ჯიში შეიძლება კარგად შეეწყოს მოზარდებსაც.

  ტაქსა ჭკვიანი და ადვილად გაწვრთნადი ჯიშია. იგი ზამთარში შეიძლება გაცივდეს, ამიტომ ეს ჯიში საუკეთესოდ შეეფერება თბილ გარემოს. ტაქსა შესაფერისია როგორც ბინაში საცხოვრებლად, ასევე – დიდ ეზოიან სახლში. ხელმისაწვდომია ამ ჯიშის მინიატურული ვერსიებიც.

  ტაქსა, როგორც წესი, საშუალო აქტივობის ჯიშია, მაგრამ მაინც საჭიროებს ყოველდღიურ გასეირნებას.

ზომა: 20-23 სანტიმეტრი სიმაღლე
წონა: 5-14 კილოგრამი

ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲝ ᲖᲝᲛᲘᲡ ᲫᲐᲦᲚᲔᲑᲘ ᲝᲯᲐᲮᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

7. ᲘᲐᲞᲝᲜᲣᲠᲘ ᲨᲞᲘᲪᲘ

  იაპონური შპიცები არიან ფუმფულა ძაღლები გრძელი, სწორი, თეთრი თმით. ისინი გვხვდებიან პატარა და საშუალო ზომებში გრძელი დრუნჩითა და შავი ცხვირით. ეს ჯიში კარგი ოჯახის ძაღლია და ის აყალიბებს კავშირს ოჯახის ყველა წევრთან.

  იაპონურ შპიცებს ორმაგი ბეწვი აქვთ და სეზონების ცვლილებისას მათ შეიძლება ძლიერი ბეწვის ცვენა დაეწყოთ. ამ შინაური ცხოველების დავარცხნა შეგიძლიათ კვირაში სამჯერ. ამის მიუხედავად, იაპონური შპიცის ბეწვი მდგრადია ჭუჭყის მიმართ, ამიტომ მათ დაბანა იშვიათად სჭირდებათ.

  ეს ტკბილი და უსაყვარლესი ჯიში არის მეგობრული, მხიარული და უყვარს თამაში. ისინი ადვილად გაწვრთნადები არიან, მაგრამ შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ ყეფისკენ.

  იაპონურ შპიცებს სიამოვნებთ კომპანია, ამიტომ შესაძლოა განშორების შფოთვა ჰქონდეთ. ეს აქტიური ჯიში შიგნით ძილს ამჯობინებს, ვიდრე ეზოში და საუკეთესოდ შეეფერება შემოღობილი ეზოს მქონე სახლს.

ზომა: 30-38 სანტიმეტრი სიმაღლე
წონა: 6-9 კილოგრამი

8. ᲘᲜᲒᲚᲘᲡᲣᲠᲘ ᲑᲣᲚᲓᲝᲒᲘ

  ინგლისური ბულდოგები (ასევე ცნობილი, როგორც ბრიტანული ბულდოგები) არიან, საშუალო ზომის ძაღლები. ისინი გამოირჩევიან სქელი სხეულით, ფართო დრუნჩით და მოკლე ფეხებით.

  ინგლისურ ბულდოგებს აქვთ მოკლე, სწორი ბეწვი, რომელსაც ესაჭიროება მინიმალური მოვლა. ჩვეულებრივ, კვირაში ერთხელ სწრაფი გრუმინგი საკმარისია, მაგრამ ისინი ხშირად იღლებიან, ამიტომ შეგიძლიათ რეგულარულად გაუწმინდოთ პირი.

  სოციალიზაციისას, ეს ნაზი თანამგზავრები მოთმინებით გამოირჩევიან ყველა ასაკის ბავშვთან. მათ ჩვეულებრივ აქვთ თბილი ბუნება და ენერგიის დაბალი დონე.

  ინგლისური ბულდოგები მიდრეკილნი არიან სიმსუქნისკენ, ამიტომ ისინი აუცილებლად უნდა წაახალისოთ ყოველდღიური მოკლე სეირნობისთვის. მათი დაბალი აქტივობის გამო, ეს ძაღლები სიამოვნებით ცხოვრობენ ბინაში.

  ინგლისური ბულდოგები შეიძლება შეწუხდნენ როგორც ცხელ, ასევე ცივ გარემოში, ამიტომ ზომიერი კლიმატი მათთვის საუკეთესოა.

ზომა: 30-40 სანტიმეტრი სიმაღლე
წონა: 22-24 კილოგრამი

9. ᲘᲜᲒᲚᲘᲡᲣᲠᲘ ᲙᲝᲙᲔᲠ ᲡᲞᲐᲜᲘᲔᲚᲘ

  ინგლისური კოკერ სპანიელები არიან საშუალო ზომის ძაღლები აბრეშუმისებრი ბეწვითა და გრძელი ყურებით. ამ თავგადასავლების მოყვარულ ჯიშს უყვარს ყველა ასაკის ბავშვი და იგი დიდ ყურადღებას საჭიროებს.

  ამ ჯიშს მუდმივად სცვივა თმა და საჭიროებს კვირაში რამდენჯერმე დავარცხნას. მათ ასევე სჭირდებათ დაბანა ყოველ ორ თვეში ერთხელ.

  ინგლისური კოკერ სპანიელები ენერგიულები არიან და უყვართ სეირნობა. თუმცა, მათ შეუძლიათ ადვილად გაეფანტოთ ყურადღება, ამიტომ რეკომენდირებულია ლაგამის დაჭერა.

  ინგლისური კოკერ სპანიელები მოსიყვარულე და გონიერი ძაღლები არიან. მაღალი ენერგიის დონისა და ყეფისაკენ მიდრეკილების გამო, ისინი საუკეთესოდ შეეფერებიან ისეთ გარემოს, სადაც სათამაშო სივრცე ექნებათ. საშუალო ან დიდი ეზო საუკეთესო ვარიანტია ამისათვის. ინგლისური კოკერ სპანიელები, ჩვეულებრივ, არ შეეფერებიან ბინას.

ზომა: 38-43 სანტიმეტრი სიმაღლე
წონა: 11-15 კილოგრამი

10. ᲑᲝᲠᲓᲔᲠ ᲙᲝᲚᲘ

  ბორდერ კოლები ინტელექტუალური და სპორტული ძაღლები არიან. მათ ბევრი ვარჯიში ესაჭიროებათ და საუკეთესოდ შეეფერებიან აქტიურ ოჯახებს, რომელშიც უფროსი ბავშვები არიან.

  ეს ჯიში გვხვდება სხვადასხვა ფერში. მისთვის დამახასიათებელია რბილი და სქელი ბეწვი, თმა კი სწორი და საშუალო სიგრძისაა. თქვენი ბორდერ კოლი კვირაში ერთხელ მაინც უნდა დავარცხნოთ. მათ ბეწვი შედარებით ძლიერად სცვივათ სეზონების ცვლილების დროს, ამიტომ ამ დროს საჭირო იქნება დამატებითი დავარცხნა.

  ბორდერ კოლი ადვილად გაწვრთნადი და მორჩილი ძაღლია. მათ ყოველდღიურად 90 წუთამდე ვარჯიში სჭირდებათ, ასე რომ, თუ გინდათ, რომ იყოლიოთ ბორდერ კოლი, თქვენ დაგჭირდებათ დიდი შემოგარენი გალავანით.

ზომა: 45-56 სანტიმეტრი სიმაღლე
წონა: 12-25 კილოგრამი

ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲓᲘᲓᲘ ᲫᲐᲦᲚᲔᲑᲘ ᲝᲯᲐᲮᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

11. ᲒᲝᲚᲓᲔᲜ ᲠᲔᲢᲠᲘᲕᲔᲠᲘ

  თუ ოჯახი ბავშვები გყავთ, გოლდენ რეტრივერი შეიძლება კარგი არჩევანი იყოს თქვენთვის. ეს არის დიდი ჯიში მკვრივი, წყალგაუმტარი ბეწვით.

  გოლდენ რეტრივერებს თმა მუდმივად სცვივათ და საჭიროებენ რეგულარულ დავარცხნას. ის, ზოგადად, ბედნიერი ჯიშია, რომელსაც წყალში და ტალახში ჩახტომა უყვარს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ხშირად სჭირდებათ რეგულარული აბაზანები.

  თუ თქვენ ეს ჯიში გყავთ, იგი ყოველდღე უნდა ასეირნოთ მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში. ვარჯიშს შეუძლია შეამციროს ყეფა, თხრა და ღეჭვის მავნე ქცევა.

  გოლდენ რეტრივერი ცნობილია როგორც კეთილი, ნაზი შინაური ცხოველი, მაგრამ ლეკვობის პერიოდში მას შეუძლია უხეში თამაში. ამ ჯიშს უყვარს ადამიანებთან სიახლოვე და სიამოვნებს სახლში დროის გატარება. მათი ზომისა და ენერგიის მაღალი დონის გამო, გოლდენ რეტრივერებს სჭირდებათ სახლი საშუალო ან დიდი ზომის ეზოთი.

ზომა: 50-61 სანტიმეტრი სიმაღლე
წონა: 25–35 კილოგრამი

12. ᲚᲐᲑᲠᲐᲓᲝᲠ ᲠᲔᲢᲠᲘᲕᲔᲠᲘ

  ლაბრადორ რეტრივერი სპორტული აღნაგობის მქონე აქტიური ჯიშია. იგი ერთგული, ადვილად გაწვრთნადი და მომთმენია მცირეწლოვან ბავშვებთან.

  ლაბრადორ რეტრივერებს, როგორც წესი, სიამოვნებთ ცურვა და, ზოგადად, წყალთან თამაში. მათ, ასევე, უყვართ ადამიანებთან ყოფნა. ამ ძაღლებს ყოველდღე სჭირდებათ რეგულარული გასეირნება მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში.

  ამ ძაღლებს აქვთ მკვრივი, სწორი, საშუალო სიგრძის თმა. ყოველდღიური დავარცხნა ხელს შეუწყობს ცვენის კონტროლს და საჭირო იქნება დროდადრო მათი დაბანა.

  სწორი გაწვრთნით, ლაბრადორ რეტრივერები სიამოვნებით შეძლებენ თავიანთი სივრცის გაზიარებას ოჯახისთვის და სხვა შინაური ცხოველებისთვის. თუ ისინი მარტო რჩებიან მათ შეიძლება თხრა ან ყეფა დაიწყონ.

  ლაბრადორ რეტრივერი არის დიდი ჯიში, რომელსაც სირბილისთვის და სათამაშოდ ადგილი სჭირდება. დიდი საკუთრება დიდი შემოგარენით იდეალური საცხოვრებელი ადგილია ამ ოჯახური ცხოველისთვის.

ზომა: 53-61 სანტიმეტრი სიმაღლე
წონა: 25–36 კილოგრამი

13. ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲣᲚᲘ ᲞᲣᲓᲔᲚᲘ

  სტანდარტული პუდელი ცნობილია თავისი ხვეული ბეწვითა და მხიარული ხასიათით.

  სწორი გაწვრთნით, ისინი იდეალურად შეეწყობიან ყველა ასაკის ბავშვს. თუ სტანდარტული პუდელები პატარა ასაკიდანვე სათანადოდ სოციალიზებულნი არიან, ისინი, ასევე, სიამოვნებით იცხოვრებენ სხვა შინაურ ცხოველებთან ერთად.

  სტანდარტული პუდლები ინტელექტუალურები და ადვილად გაწვრთნადები არიან. თუმცა, ისინი შეიძლება იყვნენ ჯიუტები, ამიტომ თქვენი მხრიდან მნიშვნელოვანია მოთმინება.

  ამ ჯიშის ხვეული, სწრაფად მზარდი ბეწვის გამო რეკომენდებულია პროფესიონალური მოვლა. მიუხედავად იმისა, რომ მას თმა არ სცვივა, თქვენ მაინც დაგჭირდებათ მისი რეგულარული დავარცხნა.

  ეს ძაღლები ენერგიულები არიან და მათ სჭირდებათ ყოველდღიური ვარჯიში. თუ ღამით მარტო დარჩნენ, ისინი შეიძლება დაისტრესონ.

  სტანდარტული პუდლები კარგად მოერგებიან ბინას. თუმცა, მათ, ვინც პატარა საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობენ, შეუძლიათ მინიატურული ან სათამაშო პუდელის ვარიანტიც განიხილონ.

ზომა: 38 სანტიმეტრზე მეტი
წონა: 18–31 კილოგრამი

ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲡᲐᲝᲯᲐᲮᲝ ᲫᲐᲦᲚᲔᲑᲘᲡ ᲯᲘᲨᲔᲑᲘ

  ფიქრობთ თქვენს ოჯახში ახალი ძაღლის მოყვანას? სწორი შინაური ცხოველის არჩევა დამოკიდებული იქნება თქვენი შვილების ასაკზე, ცხოვრების წესა და საცხოვრებელი ადგილის ტიპზე.

  საუკეთესო მინი ძაღლების ჯიშებია შიჰ ცუ, სათამაშო კოკაპუ და ჯეკ რასელ ტერიერი. თუ თქვენ გირჩევნიათ პატარა ძაღლის ყოლა, პოპულარულ ჯიშებს შორისაა კავალერი კინგ ჩარლზ სპანიელი, პემბროკი უელსის კორგი და ტაქსა.

  გასათვალისწინებელი საშუალო ძაღლებია: იაპონური შპიცი, ინგლისური კოკერ სპანიელი და ბორდერ კოლი. აქტიური ოჯახებისთვის, რომლებსაც მეტი სივრცე აქვთ, გოლდენ რეტრივერი, ლაბრადორ რეტრივერი ან პუდელი შეიძლება კარგი ვარიანტი იყოს.

  ასევე, გაითვალისწინეთ, რომ მრავალი შერეული ჯიში – მაგალითად, ამ სტატიაში ნახსენები კოკაპუ – ასევე შესანიშნავი ოჯახის შინაური ცხოველია.

მაგრამ, დაიმახსოვრეთ, ჯიში ძაღლის არჩევისას არ არის ერთადერთი საყურადღებო ფაქტორი. შინაური ცხოველების ირგვლივ ყველა ბავშვი უნდა იყოს მეთვალყურეობის ქვეშ და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ძაღლს აირჩევთ, მორჩილება ავტომატურად არ მოდის – მას სწავლება სჭირდება.