ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲝᲯᲐᲮᲘᲡ ᲙᲐᲢᲘᲡ ᲐᲠᲩᲔᲕᲐ ᲑᲐᲕᲨᲕᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
თქვენს შვილებსა და კატას შორის სრულფასოვანი და ბედნიერი ურთიერთობის მისაღწევად, საჭიროა, რომ სათანადოდ შეარჩიოთ საუკეთესო საოჯახო კატა. ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი იმის შესახებ, თუ როგორ შევაჩვიოთ ბავშვები ყველა ტიპის შინაურ ცხოველს, სანამ ისინი ჯერ კიდევ პატარები არიან, რადგან ეს ხელს შეუწყობს ცხოველებისადმი სიყვარულის განვითარებას, ცხოვრების მრავალფეროვნების პატივისცემას და პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერებას შინაური ცხოველების მომავალი მფლობელებისთვის.
ბევრი ოჯახი კატაზე ხშირად ძაღლის ყოლას ამჯობინებს, რადგან ძაღლები უფრო ღონიერები, კონტაქტურები და თამაშის მოყვარულები არიან. მაგრამ თუ ოჯახური კატის საუკეთესო ჯიშებს უფრო ახლოს გაეცნობით მიხვდებით, თუ რატომ შეიძლება იყოს ფუმფულა კატის არჩევა სწორი ვარიანტი.
რა თქმა უნდა, მცირეწლოვან ბავშვებთან ფრთხილად მოგიწევთ ყოფნა და მათი გაკონტროლება, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი პატივს სცემენ თქვენი კატის პირად სივრცეს და უნებურად არ აზიანებენ ან არ აშავებენ მას, მაგრამ ეს არა მარტო კატას, არამედ ძაღლებს და ყველა სხვა შინაურ ცხოველს ეხება.
ᲠᲝᲛᲔᲚᲘ ᲙᲐᲢᲐᲐ ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲝᲯᲐᲮᲘᲡᲗᲕᲘᲡ?
აქ განხილულია რვა საუკეთესო კატის ჯიში ოჯახური ცხოვრებისთვის, რომლებიც შეგიძლიათ მხედველობაში გყავდეთ, თუ სწორედ ასეთი ტიპის შინაურ ცხოველს ეძებთ.
ᲛᲔᲘᲜ ᲙᲣᲜᲘ
მეინ კუნი არის დიდი და ძლიერი კატა, რომელიც ხშირად ირგებს მონადირის როლს და სიამოვნებით ატარებს დროს გარეთ. მას, ასევე, ძალიან უყვარს სხვადასხვა აქტივობასა და თამაშში მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ საბმელით სეირნობას მათ თავისუფლად სეირნობა ურჩევნიათ, მეინ კუნები ძალიან ლოიალურები არიან ოჯახების მიმართ და ხშირად ძალიან მოსიყვარულეებიც ბავშვებთან მიმართებაში.
ᲠᲐᲒᲓᲝᲚᲘ
რაგდოლი, ალბათ, ყველაზე კეთილი და მეგობრული ბუნების მქონე კატაა მსოფლიოში. მას ერთ-ერთ საუკეთესო ოჯახის კატის ჯიშად სწორედ ის აქცევს, რომ მისგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე დაკაწროს ან ვინმეს უკბინოს. მნიშვნელოვანია, რომ თქვენს შვილებს ასწავლოთ კატის პატივისცემა და დარწმუნდეთ, რომ მათ იციან, თუ როდის დაასრულონ თამაში, რადგან რაგდოლი არ ჰგავს სხვა კატებს და საერთოდ არ რეაგირებს უარყოფითად ზედმეტად ჰიპერაქტიურ ბავშვებზე.
ᲡᲘᲐᲛᲘᲡ
სიამის კატა ცივი, ცვალებადი ხასიათის მქონე და უკარება გგონიათ, არა? არასწორია. სიამის კატა წარმოუდგენლად ერთგული და მოსიყვარულე შინაური ცხოველია ყველა ასაკის ადამიანთან, ამავდროულად, ისინი ძლიერ კავშირებს ამყარებენ ოჯახებთან. თუ სიამის კატები ყურადღების ცენტრში არ არიან, მათ ზოგჯერ შეიძლება იეჭვიანონ, თუმცა თუ თქვენი სიამის კატა თქვენს შვილთან ღრმა კავშირს დაამყარებს, ისინი, სავარაუდოდ, მთელი ცხოვრების განმავლობაში საუკეთესო მეგობრები იქნებიან. ეს სახეობა, ამავდროულად, ძალიან ჭკვიანია და სიამოვნებით ჩაერთვება თქვენს შვილთან ერთად თამაშებში.
ᲑᲠᲘᲢᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲙᲚᲔᲑᲔᲬᲕᲘᲐᲜᲘ
ბრიტანული მოკლებეწვიანი მშვიდი და მეგობრული კატაა, რომელსაც ზოგადად არ აწუხებს დატვირთულ, ხმაურიან სახლში ცხოვრება, სწორედ ამიტომ ის ერთ-ერთი საუკეთესო კატის ჯიშია დიდი ოჯახისთვის. ისინი ტოლერანტულები და მოსიყვარულეები არიან ბავშვების მიმართ და, ზოგადად, ყველა ასაკის კატის მოყვარულთან.
ᲡᲞᲐᲠᲡᲣᲚᲘ
ფუმფულა, გრძელთმიანი სპარსული კატა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კატის ჯიშია არა მხოლოდ თავისი ლამაზი გარეგნობის, არამედ – მშვიდი და წყნარი ტემპერამენტის გამო. სპარსული, როგორც წესი, არ არის ძალიან აქტიური ჯიში. იგი სრულებით კმაყოფილი იქნება ყურადღებიანი ბავშვისგან უბრალო რეგულარული მოფერებითაც. თქვენი შვილის ზრდასთან ერთად, მას შეგიძლიათ ნელ-ნელა ასწავლოთ კატის მოვლა, რათა იგი დაგეხმაროთ თქვენი სპარსული კატის დავარცხნასა და გრუმინგში. ეს ხელს შეუწყობს ბავშვისთვის პასუხისმგებლობის შეგრძნების განვითარებას.
ᲐᲑᲘᲡᲘᲜᲣᲠᲘ
აბისინური კატა აქტიური, გარეთ ყოფნის მოყვარული სახეობაა, რომელსაც, ასევე, უყვარს დამოუკიდებლობა. ისინი ვერ ეგუებიან მხოლოდ სახლში ყოფნას და, როგორც წესი, დიდი სიამოვნებით გაატარებენ დიდ დროს გარეთ, როგორც წვიმაში, ასევე – მზიან ამინდში. მათ უყვართ ცოცვა, ვარჯიში და ახლის შესწავლა, ამიტომ შეგიძლიათ თქვენი შვილები მათთან ერთად გაუშვათ გარეთ სათამაშოდ და თავგადასავლების საძიებლად.
ᲜᲝᲠᲕᲔᲒᲘᲣᲚᲘ ᲢᲧᲘᲡ ᲙᲐᲢᲐ
ნორვეგიული ტყის კატა არის დიდი, მყარი აგებულების მქონე კატის ჯიში, რომელსაც, ასევე, უყვარს აქტიური ცხოვრება და დიდი დროის გარეთ გატარება. ისინი შესანიშნავი მონადირეები, მთამსვლელები და მკვლევარები არიან, მაგრამ ასევე ძალიან მოსიყვარულეები და თავიანთი ოჯახის ერთგულები. ნორვეგიული ტყის კატა კარგი არჩევანია ისეთი ოჯახისთვის, სადაც ჭკვიანი და გამგები ბავშვები არიან, რადგან ამ სახეობის დიდი, მტკიცე აღნაგობა ნირვეგიულ ტყის კატებს ნაკლებად დელიკატურს ხდის, შესაბამისად ისინი უფრო უხეშები არიან.
ᲙᲝᲠᲜᲣᲚᲘ ᲠᲔᲥᲡᲘ
კორნული რექსი პატარა, ხვეულთმიანი კატაა ცნობისმოყვარე ბუნებითა და მეგობრული მანერით. ისინი, როგორც წესი, არასდროს კარგავენ კნუტის ტემპერამენტს და მთელი ცხოვრების განმავლობაში იღებენ სიამოვნებას თამაშითა და ახლის აღმოჩენით. კორნულ რექსებს აინტერესებთ ყველაფერი, რაც მათ ირგვლივაა და, როგორც წესი, თავიანთი ადამიანების გარშემო ყოფნა ძალიან უყვართ. ეს სახეობა იდეალური პარტნიორია თქვენი შვილისთვის, რომელთან ერთადაც სამყაროს შესწავლას შეძლებს.
გახსოვდეთ, რომ კატები სათამაშოები არ არიან. ისინი პატარა, დელიკატური ცხოველები არიან, რომლებსაც პატივისცემით და სიფრთხილით უნდა მოეპყროთ. ყოველთვის თვალყური ადევნეთ პატარა ბავშვებს, როცა ისინი თქვენს კატას ეთამაშებიან და ადრეული ასაკიდანვე ასწავლეთ მათ თქვენი კატის სიგნალების წაკითხვა და იმის ცოდნა, თუ როდის უნდა გაჩერდნენ. არასოდეს მისცეთ თქვენს შვილებს კატის დაშინების, ჩხუბის ან ზედმეტად უხეში თამაშის უფლება. დარწმუნდით, რომ თქვენს კატას აქვს პირადი სივრცე, რომელიც ყოველთვის დაცული იქნება თქვენი შვილებისგან, რათა თქვენს კატას ნებისმიერ დროს ჰქონდეს უკან დახევის საშუალება, თუ მას ეს მოუნდება.
თქვენი შვილებისთვის საუკეთესო კატის მოძიებისთვის დროის დათმობა აუცილებლად დაგეხმარებათ, რომ თქვენი ოჯახისთვის საუკეთესო კატა შეარჩიოთ, რაც წარმატებული და ჰარმონიული ურთიერთობების საწინდარი იქნება.