კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲑᲐᲕᲨᲕᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲫᲐᲦᲚᲔᲑᲘ: ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ ᲣᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲝ ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲝᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ბავშვი და ძაღლი

  კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვებსა და ძაღლებს შორის კონტაქტს ბევრი სარგებელი მოაქვს, როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ დონეზე. ძაღლის მოვლის სწავლა და პასუხისმგებლობის გაგება ბავშვებისთვის ფასდაუდებელი უნარია. ისინი დანაკარგთან გამკლავებასაც კი სწავლობენ, როცა შინაური ცხოველის წასვლის დრო მოდის. ბავშვები და ძაღლები შესანიშნავი კომბინაციაა სხვა მიზეზების გამოც: ძაღლებს შეუძლიათ მეგობრობა, სათამაშო პარტნიორობის გაწევა და თერაპიული დახმარებაც კი პრობლემების ან ავადმყოფობის შემთხვევაში.

  სამწუხაროდ, არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ბავშვები ძაღლების მიერ ზიანდებიან, იქნება ეს საკუთარი თუ სხვისი, შესაბამისად, ახალი ოთხფეხა მეგობრის არჩევისას მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის საუკეთესო ძაღლების მოძიება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი არსებობს რაიმე საფრთხის რისკი, თუმცა ზოგიერთი ამ სიტუაციის თავიდან აცილება შესაძლებელია გარკვეული წესებისა და მითითებების დაცვით. საზღვრები უნდა არსებობდეს როგორც ბავშვებისთვის, ასევე – ძაღლებისთვის.

ᲐᲠᲐᲡᲝᲓᲔᲡ ᲓᲐᲢᲝᲕᲝᲗ ᲫᲐᲦᲚᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲑᲐᲕᲨᲕᲔᲑᲘ ᲔᲠᲗᲐᲓ ᲛᲔᲗᲕᲐᲚᲧᲣᲠᲔᲝᲑᲘᲡ ᲒᲐᲠᲔᲨᲔ

  ძაღლები და ბავშვები ყოველთვის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ, რადგან თუ პასუხისმგებელი ზრდასრული ადამიანი არ არის გარშემო, ტრაგედია სწორედ მაშინ შეიძლება მოხდეს.

ᲞᲐᲢᲘᲕᲘ ᲔᲪᲘᲗ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲘᲡ ᲞᲘᲠᲐᲓ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲡ

  ძაღლებს ისევე აქვთ პირადი სივრცის განცდა, როგორც – ადამიანებს. როდესაც ბავშვებსა და ძაღლებს ასწავლით, როგორ უნდა იყვნენ ერთმანეთის გვერდით, თქვენს შვილებს უმჯობესია ასწავლოთ ძაღლის მათთან სათამაშოდ მიწვევა. ეს წესი ეხება სხვა ძაღლებსაც განურჩევლად იმისა სახლში იქნება ეს თუ ქუჩაში. თუ ძაღლი გადაწყვეტს, რომ არ მიიღოს ეს მოწვევა, უბრალოდ შეეშვით მას. ბავშვებს ასწავლეთ, რომ არ მიუახლოვდნენ არცერთ ძაღლს, როცა მათ სძინავთ ან ჭამენ, ან ისეთ ძაღლს, რომელიც აქამდე არ უნახავთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი მეგობრულად გამოიყურებიან. თუ ეს სხვისი ძაღლია, ჯერ ჰკითხეთ, შეიძლება თუ არა მათთან მისვლა და მისალმება.

ᲨᲔᲐᲮᲡᲔᲜᲔᲗ ᲑᲐᲕᲨᲕᲔᲑᲡ, ᲠᲝᲛ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲫᲐᲦᲚᲘ ᲔᲠᲗᲜᲐᲘᲠᲘ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ

  ბავშვები შეიძლება სახლში მიჩვეულები იყვნენ ისეთ ძაღლს, რომელიც საშუალებას აძლევს მათ კუდზე მოქაჩონ, ზედ დაახტნენ და ა.შ. მაგრამ ყველა ძაღლი არ არის ასეთი საქციელების მიმართ ტოლერანტული. სინამდვილეში, ყველაზე მშვიდი ძაღლებისგანაც კი, ან ისეთებისგან, რომლებიც ბავშვებისთვის საუკეთესო ძაღლებად ითვლებიან, არ უნდა მოელოდოთ ამგვარი საქციელების მოთმენას. ერთ მშვენიერ დღეს მათ შეიძლება უბრალოდ მობეზრდეთ ან შემთხვევით დაზარალდნენ ბავშვების უხეში თამაშით და ჩხუბით, ღრიალით ან კბენით გააპროტესტონ.

ᲐᲡᲬᲐᲕᲚᲔᲗ ᲑᲐᲕᲨᲕᲔᲑᲡ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲡᲮᲔᲣᲚᲘᲡ ᲔᲜᲐ

  კუდის ქნევა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ძაღლი ბედნიერია. ეს იმის ნიშანია, რომ იგი “ამაღლებულ მდგომარეობაშია”, რაც შეიძლება გამოხატავდეს აღელვებას, შიშს ან ნებისმიერ სხვა ძლიერ ემოციას. სხეულის ენის დანარჩენი ნაწილი სრულ ამბავს მოგვითხრობს, მაგ., ყურები, სუნთქვა, დგომა. ერთხელ ჩატარებულ გამოკითხვაში ბავშვებს აჩვენეს კბილებდაკრეჭილი ძაღლის სურათი. ბავშვების დიდ რაოდენობას სჯეროდა, რომ ძაღლი იღიმებოდა და რომ კარგი იქნებოდა მასთან მიახლოება, რაც სინამდვილეში არ შეესაბამებოდა რეალობას. შესაბამისად, ბავშვებსა და ძაღლებს უფრო მეტი შანსი აქვთ ჰქონდეთ ჰარმონიული და კარგი ურთიერთობა, თუ ბავშვებს ძაღლის სიგნალები ესმით.

ᲑᲐᲕᲨᲕᲔᲑᲡ ᲐᲡᲬᲐᲕᲚᲔᲗ, ᲠᲝᲛ ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ᲐᲠ ᲒᲐᲣᲡᲬᲝᲠᲝᲜ ᲗᲕᲐᲚᲔᲑᲘ ᲫᲐᲦᲚᲔᲑᲡ

  ძაღლები ძალიან ხშირად იყენებენ თვალებით კონტაქტს კომუნიკაციისთვის, ხოლო ბავშვის მეგობრული, ცნობისმოყვარე ან შეშფოთებული მზერა მათ შეიძლება სხვადასხვაგვარად გაიგონ. მათი გამოხედვა შეიძლება ჩათვალონ მუქარად, რაც ძაღლის შეტევის პროვოცირებაა. ან ეს შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სათამაშოდ მიწვევა, რის გამოც ზედმეტად აღფრთოვანებულმა ძაღლმა პატარა ბავშვი შემთხვევით შეიძლება გადააყირავოს. ბავშვისთვის, რომელსაც ძაღლების ეშინია, საუკეთესო რჩევაა არ დაამყაროს პირდაპირი თვალით კონტაქტი მათთან შეხვედრისას.

ᲐᲠᲐᲡᲝᲓᲔᲡ ᲓᲐᲐᲘᲒᲜᲝᲠᲝᲗ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲦᲠᲔᲜᲐ

  დაღრენა ძაღლისგან გაფრთხილებაა და ნიშნავს: „თუ ისევ გაიმეორებ, მე გიკბენ“. ყურადღება მიაქციეთ ამ სიგნალს და მშვიდად და ჩუმად დაიხიეთ უკან. თქვენს შვილებს კი ურჩიეთ, რომ იგივე გააკეთონ.

ᲐᲠᲐᲡᲝᲓᲔᲡ ᲒᲐᲐᲦᲘᲖᲘᲐᲜᲝᲗ ᲫᲐᲦᲚᲘ

  ძაღლის გაბრაზება, იქნება ეს სათამაშოებით თუ საკვებით, გარანტირებულად პრობლემებამდე მიგიყვანთ. თქვენს შვილებს არ მისცეთ საშუალება, რომ ძაღლი გადმოხტომისკენ წაახალისონ, რადგან ისინი შეიძლება რაღაც მომენტში ძალიან უხეშები გახდნენ და შემთხვევით რაიმე დააზიანონ, რაზეც, ალბათ, საყვედურსაც მიიღებენ, რაც არ არის სამართლიანი. ასევე, თუ თქვენს შვილებს აქვთ საყვარელი სათამაშო, რომელიც არ გინდათ, რომ ძაღლმა ხელში ჩაიგდოს, აშკარა, მაგრამ მარტივი გამოსავალია, რომ არ დატოვოთ ის იქ, სადაც ძაღლს შეუძლია მიწვდეს.

ᲨᲔᲘᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲗ ᲡᲘᲛᲨᲕᲘᲓᲔ

  თუ თამაში გაუკონტროლებადი ხდება, ჩააწყნარეთ სიტუაცია ყვირილისა და პანიკის გარეშე. როდესაც ძაღლი უკვე ჰიპერაქტიური და აჟიტირებულია, არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც მას კიდევ უფრო ააღელვებს. სტრესული ძაღლი ბევრად უფრო მარტივად დამშვიდდება, თუ გარშემო მყოფებიც მშვიდად არიან. ხოლო თუ ძაღლს განმეორებადი ჩვევა აქვს, როგორიცაა კუდის დევნა, ეს შეიძლება სტრესის ნიშანი იყოს ან რაიმე ისეთი, რასაც სჭირდება ყურადღება და არა – გასართობი მიზნებისთვის წახალისება.

  რამდენიმე მარტივი წესის დაცვით და ძაღლებისა და მათი ბუნების გაგებით, უბედური შემთხვევების თავიდან აცილება შესაძლებელია. ამგვარად, ძაღლებს და ბავშვებს შეეძლებათ, რომ ერთმანეთს კარგად შეეწყონ, გაერთონ და აუცილებლად გახდნენ საუკეთესო მეგობრები, თუმცა, როცა ამაზე ფიქრობ, რეალურად, უფროსებსაც იგივე ეხება.