კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲡᲮᲔᲣᲚᲘᲡ ᲔᲜᲘᲡ ᲒᲐᲒᲔᲑᲐ

ორი ძაღლი

  ადამიანების უმეტესობამ, იმათმაც კი, ვინც დიდ დროს არ ატარებს ძაღლების გარშემო, იცის, რომ ამ ცხოველების კუდის ქიცინი მეგობრულობის გამოხატულებაა, ხოლო ღრენა აგრესიის, თუმცა მხოლოდ ამ ორი მინიშნების ცოდნა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ძაღლებს კარგად გავუგოთ, მეტიც, თქვენი ძაღლის სხეულის ენის გაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენს ძაღლთან ჯანსაღი ურთიერთობის დასამყარებლად, ასე რომ, ამ სტატიაში გაიგებთ, თუ როგორ უნდა გაშიფროთ რთულად ამოსაცნობი სიგნალებიც კი, რომლებსაც თქვენი ძაღლი ყოველდღიურად იყენებს კომუნიკაციისთვის.

ᲙᲣᲓᲘᲡ ᲥᲘᲪᲘᲜᲘ

  თუ თქვენი ძაღლი კუდს აქიცინებს, მაშინ ის, სავარაუდოდ, ბედნიერია, თავს გრძნობს უსაფრთხოდ და კარგ დროს ატარებს. მას, დიდი ალბათობით, თქვენი დანახვა გაუხარდა, სათამაშოდ მოემზადა, ან უბრალოდ თავისი დღით ტკბება. თუ თქვენი ძაღლი თქვენი ხმის გაგონებაზე კუდს აქიცინებს, ეს მიუთითებს თქვენდამი მისი კავშირის სიმტკიცეზე და კეთილგანწყობაზე. თუმცა, ძაღლები კუდს, ასევე, სხვადასხვაგვარად აქნევენ სხვადასხვა ემოციის საჩვენებლად. კუდის შუა მონაკვეთის ქიცინი და, ზოგადად, ოდნავ აწეული კუდი მეგობრულ განწყობაზე მიუთითებს, ხოლო უჩვეულო პოზაში მაღლა აწეული კუდი და მისი ნელა ქიცინი შეიძლება იყოს ნიშანი, როგორც ინტერესის, ასევე ეჭვის, ამიტომ ძაღლს სიფრთხილით უნდა მივუდგეთ.

ᲙᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲐ

  გაღებული პირი სულაც არ მიანიშნებს ძაღლებში აგრესიაზე. ბევრი ძაღლი დაღებული პირით დარბის, თამაშობს და ქოშნებს დასამშვიდებლად, ამიტომ ეს ქცევა ძაღლისთვის სრულებით ნორმალურია. თუ ძაღლი ტუჩებს ჭიმავს, რათა კბილები გამოაჩინოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას თან ღრენა ან დაბალი გამაფრთხილებელი ხმაური ახლავს, ეს მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

ᲦᲠᲔᲜᲐ

  ძაღლის ღრენა, რა თქმა უნდა, თავდაცვითი ან აგრესიული რეაქციაა, ხოლო გაღიზიანებულ ძაღლს დიდი სიფრთხილითა და პატივისცემით უნდა მოეპყროთ. არასოდეს მიუახლოვდეთ მღელვარე ძაღლს რომელსაც არ იცნობთ და არ სცადოთ მათ პირად სივრცეში შესვლა. ზოგიერთი ძაღლი უბრალოდ უხეში თამაშის დროსაც ღრენს. მათ შეიძლება დაუღრინონ სათამაშოებს ან, ზოგჯერ, მათ პატრონსაც კი, მათზე მოქმედების გარეშე. როცა თქვენ თქვენს ძაღლს კარგად გაიცნობთ, თქვენ შეძლებთ განასხვაოთ გამაფრთხილებელი ღრენა სათამაშო ღრენისგან, თუმცა უადგილო ღრენა ყოველთვის უნდა აუკრძალოთ თქვენს ძაღლს, თუნდაც თამაშის დროს, რათა მას ასწავლოთ სათანადო ქცევა რამდენადაც ეს შესაძლებელია. 

ᲩᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲙᲣᲓᲘ

  კუდუსუნის ქვეშ მოქცეული კუდი და სხეულის დაბალი, მორჩილი პოზიცია, რომლის დროსაც ძაღლი ცდილობს თავი მაქსიმალურად პატარა გამოაჩინოს და სიტუაციას მოშორდეს, მიუთითებს ძაღლის მორჩილ ან მორცხვ ქცევაზე. ეს ნიშანია იმისა, რომ იგი რაღაცამ შეაშფოთა ან შეაშინა. დაიმახსოვრე, რომ ძაღლმა სიმორცხვე შეიძლება აგრესიით გამოხატოს, ამიტომ ეცადეთ არ დააბრუნოთ ისინი კუთხეში ან არ მიუახლოვდეთ მათ მოულოდნელად, ამის ნაცვლად, ისაუბრეთ წყნარად, დამამშვიდებლად და შეეცადეთ ძაღლი წაახალისოთ, რომ თქვენთან მოვიდეს.

ᲣᲙᲐᲜ ᲓᲐᲑᲠᲢᲧᲔᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲧᲣᲠᲔᲑᲘ 

  ძაღლის უკან, თავის ქალასთან დაბრტყელებული ყურები ხშირად აგრესიის ადრეული ნიშანია, რასაც შეიძლება ღრენა ან თავდაცვითი ქცევები მოჰყვეს. გაბრტყელებული ყურებიან ძაღლს ფრთხილად მიუახლოვდით და ფხიზლად იყავით მის გარშემო.

ᲧᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲐᲬᲔᲕᲐ

  თქვენი ძაღლის აწეული ყურები, როგორც წესი, სიფხიზლეზე და რაღაცის მიმართ ინტერესზე მიუთითებს, რაც მათ გარშემო ხდება. ამ სიტუაციაში თქვენი ძაღლის განწყობის გაშიფვრა მოითხოვს მათი სხეულის ენაზე დაკვირვებას და სხვა მინიშნებებს წაკითხვას. დააკვირდით, თუ რას უყურებენ ან აინტერესებთ ამ დროს. მათი ინტერესის საგანი კი იმ მომენტში შეიძლება იყოს ბურთის თამაში, პოტენციური მტაცებელი ან საკვებიანი ჭურჭელი.

ᲬᲙᲛᲣᲢᲣᲜᲘ

  წკმუტუნს შეიძლება მრავალი მნიშვნელობა და მიზეზი ჰქონდეს, მათ შორის მღელვარება, მოწყენილობა, ტკივილის ან უბედურების განცდა. კიდევ ერთხელ, დააკვირდით სიტუაციებს, რომლებიც თქვენი ძაღლის ირგვლივ ვითარდება, რათა გამოიკვლიოთ წკმუტუნის მთავარი მიზეზი.

ᲛᲣᲪᲚᲘᲡ ᲛᲝᲨᲕᲔᲠᲐ

  მიდრეკილ მდგომარეობაში გადაბრუნება და მუცლის მოშვერა შეიძლება საყვარლად მოგეჩვენოთ და იფიქროთ, რომ თქვენს ძაღლს უბრალოდ მუცელზე მოფერება სურს, და ეს შეიძლება ასეც იყოს. მაგრამ მუცლისა და კისრის არის გაშიშვლება ძაღლის მხრიდან მორჩილების ნიშანია და სხვა ადამიანის ან ძაღლის მიმართ უპირატესობის დათმობაზე მიუთითებს. ეს ხშირად ჩანს ახალი ძაღლების გაცნობისას თამაშში, როდესაც ისინი საკუთარ წესრიგს ამყარებენ.

ᲮᲢᲣᲜᲕᲐ

  მაღლა ხტუნვა, ზოგადად, აღელვების გამოხატულებაა და როცა მას თან ახლავს სხვა ნიშნები, როგორიცაა კუდის ქნევა, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ძაღლი ბედნიერია და მზადაა სათამაშოდ. თუმცა, ზოგადად, უმჯობესია, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობრის მაღლა ხტუნვა არ წაახალისოთ. ამის იდეალურად მოგვარება კი შეგიძლიათ ლეკვობის პერიოდში, სანამ მათ ყველაზე მეტად აქვთ მიმღებლობა ვარჯიშისადმი. ადამიანების უმრავლესობისთვის ძაღლის ხტუნვა ძალიან გამაღიზიანებელია, რადგან ამან შეიძლება ტანსაცმლის დახევა ან რაიმე დაზიანებაც კი გამოიწვიოს, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი ოთხფეხა მეგობარი მაღლა ხტუნვას გადააჩვიოთ მტკიცე „არა“-ით და დადებითი განმტკიცებით.

ᲞᲝᲖᲐ

  კუდის ქნევასთან, თვალების გასწორებასა და ხმაურთან ერთად, თქვენი ძაღლის პოზა არის მისი განწყობისა და შესაძლო ქცევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. მიწაზე, დაბლა დადებული მუცელი და მჭიდრო, მოხრილი პოზა, თვალის გასწორების გარეშე, მიუთითებს შიშზე ან მორჩილებაზე. სიფხიზლე მიუთითებს ინტერესზე, ხოლო აწეული კეკლუცი, დაჭიმული პოზა და გადამეტებული სიფხიზლე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას თან ღრენა ახლავს ან თვალებში პირდაპირი ყურება, შეიძლება მიუთითებდეს გარდაუვალ აგრესიაზე.

ᲗᲕᲐᲚᲔᲑᲘᲗ ᲙᲝᲜᲢᲐᲥᲢᲘ

  არასოდეს მიაშტერდეთ ძაღლს, რადგან ეს, ჩვეულებრივ, აგრესიის ნიშნად აღიქმება და შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ძაღლის მხრიდან არაადეკვატური ან აგრესიული პასუხი. ძაღლისთვის თავლის გასწორება ძაღლის ენაზე საკმაოდ „უხეშად“ ითვლება და თუ იგი მტკიცედ გიყურებთ პირდაპირ თვალებში ან გაშტერდებათ, ეს შეიძლება მიუთითებდეს მის შესაძლო აგრესიულ ქცევაზე.

ᲓᲐᲠᲩᲘᲗ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲓ

  დააკვირდით საკუთარი ძაღლის მინიშნებებსა და სიგნალებს, რათა მიხვდეთ თუ რას გრძნობენ ან განიცდიან ისინი, რის შედეგადაც შეძლებთ, რომ მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. არასოდეს მიუახლოვდეთ ძაღლს, რომელსაც არ იცნობთ და არ შეეხოთ უცხო ძაღლს პატრონის ნებართვის გარეშე. ეს არა მხოლოდ საკმაოდ უხეში საქციელია, არამედ – პოტენციურად საშიშიც, რადგან ყველა ძაღლი განსხვავებულია და ზოგიერთი მათგანი შეიძლება საკმაოდ მორცხვი, მშიშარა ან აგრესიული იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი გვაქვს, რომ აგრესიისკენ მიდრეკილ ნებისმიერ ძაღლს საჯარო ადგილას ალიკაპი ეკეთება, თქვენ მაინც არ უნდა ჩათვალოთ, რომ თავისუფლად გაშვებული ან ალიკაპის გარეშე მყოფი ძაღლი თქვენდამი აუცილებლად მეგობრული იქნება. ანალოგიურად, ძაღლებს ალიკაპს მრავალი მიზეზის გამო უკეთებენ და ისინი ყოველთვის აგრესიულები არ არიან, ასე რომ, რაიმე ქმედებამდე ჯერ ნებართვა ძაღლის პატრონისგან აიღეთ, ხოლო შემდეგ „წაიკითხეთ“ ის მინიშნებები, რომლებსაც ძაღლი თავად გამოხატავს, სანამ მას მიუახლოვდებით.